თეზის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეზის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეზის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,6 X 4,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში (კამარა, საყრდენი თაღი, კონქი) გამოყენებულია აგური. 1978 წელს სოფლის მოსახლეობას ეკლესია თავისი სახსრებით შეუკეთებია, განუახლებია ეკლესიის და გალავნის კედლები. ეკლესია მოხატული ყოფილა. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე – თითო პატარა ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე სატრაპეზო ქვაა მიდგმული. ჩრდილოეთ ნიშსა და სარკმელს შორის პატარა საჭურჭლეა. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთი მონაკვეთი უფრო ფართოა. პილასტრებზე დაყრდნობილია ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ კედელში ერთი ფართო სწორკუთხა სარკმელია (გაჭრილია შეკეთების დროს).

აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის წვერზე დგას გუმბათიანი ეკლესიის მოდელი. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნით. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით (შემორჩენილია ნაშთი).

დასავლეთი ფასადის ფრონტონზე დაშენებულია აგურით ნაგები პატარა სამრეკლო – ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომელიც გადახურულია აგურის პირამიდული სახურავით. ეკლესიას სამხრეთიდან ეკვრის გალანით შემოზღუდული პატარა სწორკუთხა ეზო, რომელშიც ორი საფლავია.



წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები