ვალენტობა (ზმნა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალენტობა – (ლათ. valentia – ძალა), ზმნის უნარი, შეიწყოს წინადადების ბირთვში აქტანტი სახელების განსაზღვრული რაოდენობა. ზმნის პირიანობისაგან განსხვავებით, ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა.

ენობრივი სისტემის ლოგიკურ-სემანტიკური დონის ერთეულები – პრედიკატი (P), სუბიექტი (S), ობიექტი (O) – უნივერსალური კატეგორიებია. ენებს შორის განსხვავებას ქმნის არა ამ კატეგორიათა არსებობა-არარსებობა, არამედ მათი განსხვავებული გამოხატვა გარკვეული მორფოლოგიურ სინტაქსური თუ ლოგიკური საშუალებებით; ამ თვალსაზრისით განსხვავებები ენებს შორის შეეხება ენათა ე.წ. ზედაპირულ და არა სიღრმისეულ სტრუქტურებს, რომლებიც ზოგადობით და უნივერსალობით ხასიათდებიან.

ობიექტი, როგორც სემანტიკური კატეგორია, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც პირდაპირი ობიექტი და ირიბი ობიექტი. ეს უკანასკნელი სხვადასხვა როლს ასრულებს პროცესსა თუ სიტუაციაში და შესაძლებელია დახასიათდეს როგორც ადრესატი („ბავშვი წერილს სწერს მამას“), დესიგნატი („დედა წერილს უწერს ბავშვს“), ეგზეკუტორი („დედა წერილს აწერინებს ბავშვს“) ლოკატიური ობიექტი („დედა ქუდს ახურავს ბავშვს“) და სხვ.

ენობრივ სისტემაში სუბიექტისა და ობიექტის სხვადასხვა სახეობის აღმნიშვნელი არსებითი სახელები (აგრ. ნაცვალსახელები), ანუ აქტანტები გარკვეული წესით უკავშირდებიან პროცესის ან სიტუაციის გამომხატველ გრამატიკულ ერთეულს – ზმნა-შემასმენელს და ქმნიან სინტაქსურ ერთიანობას, ე.წ. წინადადების ბირთვს. იმისდა მიხედვით, თუ რა ხასიათისაა ზმნა, რა სემანტიკური შინაარსისა და სუბიექტურ-ობიექტურ მიმართებათა გამომხატველია იგი, ზმნური ფორმა შეიძლება წინადადების ბირთვში წარმოდგენილი იყოს სახელის გარეშე (ე. ი. სტრუქტურულად მას არავითარი სახელი არ შეეწყოს: (შდრ. თოვს, წვიმს, ქუხს.), ან ერთი, ან მეტი სახელი (ნაცვალსახელი) დაუკავშირდეს. ამგვარად, წინადადების ბირთვი შეიძლება განვიხილოთ როგორც ზმნური ფორმა განსაზღვრული რაოდენობის ცარიელი სინტაქსური უჯრედებით, რომლებიც შესაძლებელია გრამატიკულად სწორი წინადადებების მისაღებად გარკვეული ფორმის სახელებით (ნაცვალსახელებით) შეივსოს.

წინადადების ბირთვის ცენტრალური სინტაქსური ელემენტი ამ თვალსაზრისით ზმნა-შემასმენელია, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით შეეწყობა სუბიექტურ-ობიექტურ მიმართებათა გამომხატველი სახელები (ნაცვალსახელები). ზმნური ფორმის უნარს, შეიწყოს წინადადების ბირთვში სუბიექტურ-ობიექტურ მიმართებათა გამომხატველი სახელების (ნაცვალსახელების), ანუ აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა, შეიძლება ზმნის ვალენტობა ეწოდოს (ლ. ტვნიერი). ამგვარად, ზმნური ფორმის „სინტაქსური ვალენტობა“ განისაზღვრება წინადადების ბირთვში თავისუფალ უჯრედთა რაოდენობით.

სინტაქსური უჯრედების რაოდენობა წინადადების ბირთვში განისაზღვრება ზმნური ფორმის სტრუქტურით: ნულვალენტიანი თოვს, ერთევალენტიანი _ ‿ წევს (ის), ორვალენტიანი _ ‿ ‿ კლავს (ის მას), სამვალენტიანი _ ‿ ‿ ‿ სწერს (ის მას მას) და ა. შ.

სხვადასხვა ტრანსფორმაციული წესის შემოღებით, ზმნური ფორმის ვალენტობის გარდაქმნის შესაბამისად, შესაძლებელია აღიწეროს ენის სინტაქსურ კონსტრუქციათა გარდაქმნები. მაგ., ორვალენტიანი ზმნური ფორმა (ე. ი. ზმნური კონსტრუქცია ქვემდებარითა და პირდაპირი დამატებით) ქართულში გარდაიქმნება სამვალენტიან ზმნურ კონსტრუქციად ზმნური ფორმის ტრანსფორმაციით კაუზატივის ან ქცევის კატეგორიათა მიხედვით: მამა (S) წერილს (O პირდაპირი დამატება) წერს → მამა (S) ბავშვს (O ეგზეკუტორი) წერილს (O პირდაპირი დამატება) ა-წერ-ინ-ებ-ს; მამა წერილს წერს → მამა (S) ბავშვს (O დესიგნატი) წერილს (O პირდაპირი დამატება) უ-წერ-ს; მამა წერილს წერს → მამა (S) წერილს (O ლოკატიური) მისამართს (O პირდაპირი დამატება) ა-წერ-ს. სამვალენტიანი ზმნური ფორმა (ე. ი. ზმნური კონსტრუქცია ქვემდებარით, პირდაპირი და ირიბი დამატებებით) ამავე ტრანსფორმაციებით გარდაიქმნება ოთხვალენტიან ზმნურ კონსტრუქციად ირიბი ობიექტის გამომხატველი სახელის ბრუნვის შეცვლით: მამა (S) ბავშვს (O ადრესატი) წერილს (O პირდაპირი დამატება) სწერს → მამა (S) დედას (O ეგზეკუტორი) ბავშვთან (O ადრესატი) წერილს (O პირდაპირი დამატება) ა-წერ-ინ-ებ-ს; მამა ბავშვს წერილს სწერს → მამა (S) დედას (O ეგზეკუტორი) ბავშვთან (O ადრესატი) წერილს (O პირდაპირი დამატება) უწერს და ა.შ.

სუბიექტ-ობიექტურ მიმართებათა ამსახველ სახელთან დაკავშირებული ნიშნები ზმნურ ფორმაში შესაძლებელია გამოხატავდნენ ამ ერთეულთა სხვადასხვა კატეგორიებს: პირს ან კლასს. ამის მიხედვით გარჩეულია პიროვანი და კლასოვანი უღვლილება (შესაძლებელია შერეული ტიპიც).

ქართული ენის ზმნური სისტემა წარმოადგენს სტრუქტურულ ტიპს მკვეთრად გამოხატული პიროვანი უღვლილებით. ზმნა-შემასმენელთან სინტაქსურად დაკავშირებულ სახელთაგან ზმნურ ფორმაში ნიშანს აჩენენ როგორც სუბიექტის, ისე ობიექტის გამომხატველი სახელები. ამ თვალსაზრისით ქართული ზმნა შეიძლება დახასიათდეს როგორც სუბიექტურ-ობიექტური წყობის ზმნა.

თ. გამყრელიძე


ლიტერატურა

  • გამყრელიძე თ. ზმნის „პირიანობა" და „ვალენტობა“, – „საენათმეცნიერო კრებული, მიძღვნილი გივი მაჭავარიანის ხსოვნისადმი“, თბ., 1979;
  • ენუქიძე ლ. ძირითადი სინტაქსური თეორიები თანამედროვე საზღვარგარეთულ ენათმეცნიერებაში, თბ., 1987.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები