ესქატოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესქატოლოგია - (ეტიმ. ბერძ. éschaton „უკანასკნელი“ + logos „მეცნიერება“) ესქატოლოგია ნიშნავს მოძღვრებას საბოლოო დღეზე.

ბიბლიური რწმენა ქვეყნის დასასრულსა და მკვდართა აღდგომაზე, ფორმულირებულია „მრწამსის“ მე-7, მე-11 და მე-12 წევრებად. იქ ნათქვამია, რომ იესო ქრისტე კვლავ მოვა დედამიწაზე; აღდგებიან მკვდრები და შევაბიჯებთ მერმის საუკუნეში. რას ნიშნავს „მერმისი“?

ღვთის წინაშე ათასი წელი ერთ დღეს უდრის (ფს. 89:9). რამდენადაც „შესაქმის“ წიგნი შვიდი დღის შესახებ გვაუწყებს, ბიბლიური შვიდი დღე შეიძლება მოვიაზროთ 7 ათას წლად. ამის ანალოგიით ქრისტიანთა შორის ფეხი მოიკიდა რწმენამ, რომ ქვეყანა შვიდათას წელს იარსებებს. მერე დადგება მისი აღსასრული და მეორედ მოვა მაცხოვარი იესო. წუთისოფლის არსებობის შვიდ ათას წელს შვიდ საუკუნეს უწოდებდნენ, ხოლო მომავალ ცხოვრებას - მერვეს. ასე წარმოიშვა სპეციფიკური ტერმინი მერვე ანუ მერმისი საუკუნე.

მერვე საუკუნე არის აღთქმის იდეალი ანუ ცათა სასუფეველი, რასაც, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, შეგნებულად თუ გაუაზრებლად, ელტვოდა და ელტვის წუთისოფლის ყოველი ელემენტი, - სულდგმული თუ მინერალი, გონიერი თუ პირუტყვი, ხეპრეც და მეცნიერიც. ესაა სამოთხე და ედემი, სადაც ვმკვიდრობდით. იქ კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დავბრუნდებით.

„მკვდართა აღდგომა“ ნიშნავს იმ სხეულების გაცხოველებას, რომლებიც ამქვეყნად შეერთებული იყვნენ სულებთან. გვამი სრულიად განხრწნილი და განქარვებული რომც იყოს, მაინც განახლდება, რადგან ბუნებაში არაფერი იკარგება. ყოველი სული მყისიერად მოძებნის საკუთარ სხეულს, ანდა ამ სხეულის გარდასახულ - გადაგვარებულ ნაწილებს და აღდგება. თითოეული პიროვნება ხორცითურთ აღდგება, მაგრამ არა იმგვარი ხორცით, რითაც რონინებდა წუთისოფელში, ე.ი.- მოკვდავითა და ხრწნადით, არამედ - უხრწნელით და უკვდავით, - ისეთით, როგორიც ადამს ცოდვამდე ემოსა.

ამ უიდუმალეს საკითხზე მოციქული შემდეგნაირად მსჯელობს:

„...ვიღაცა იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. მაგრამ ღმერთი აძლევს მათ სხეულს, როგორიც ნებავს, და თვითეულ თესლს - თავის სხეულს.

ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა ხორცი კაცთა, სხვა - პირუტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა ფრინველების. არიან სხეულნი ზეციერნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება, და სხვა - მიწიერთა. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.

ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.

აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი... ხოლო როდესაც ხრწნადი შემოსავს უხრწნელებას და მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება სიტყვა დაწერილი: დაინთქა სიკვდილი ძლევით. სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ (I კორ. 15:35-55).

მკვდართა აღდგომისა და ქვეყნის განახლების გარდუვალობას მოციქულთა თანამოსაგრე პაპი კლიმენტი ასე ასაბუთებს: „საყვარელნო, დავუკვირდეთ, თუ როგორ საჩინოს ხდის მეუფე მომავალი აღდგომის დაუყოვნებლივ აღსრულებას, რომლის სათავედ მან უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა დაგვისახა. ვნახოთ, საყვარელნო, ჟამითი-ჟამად ქმნილი აღდგომა. დღე და ღამე გვიცხადებს ჩვენ აღდგომას: როდესაც ღამე მიიძინებს, დღე აღდგება, ხოლო როდესაც დღე გადავა, ღამე მოგვეახლება. ან თუნდაც ხილი ვნახოთ: როგორ და რა სახით მიმდინარეობს თესვა? გამოვიდა მთესველი და მიმოყარა მიწაზე ყოველი თესლი, რომლებიც მიწაზე დაცემისას გამხმარნი და შიშველნი იყვნენ. ამიტომაც ჯერ დაიშალნენ, შემდეგ კი უფლის წინაგანგების სიდიადემ დაშლილობისაგან აღადგინა ისინი და მანვე ერთისაგან მრავალი ნაყოფი აღმოაცენა და გამოიღო. ვნახოთ აღმოსავლეთის, კერძოდ, არაბეთის მხარეებში ქმნილი უცნაური სასწაული: არის ფრინველი, რომელსაც ფენიქსს უწოდებენ. იგი მარტოსული ცხოვრობს ხუთასი წელი. შემდეგ კი, როდესაც კვდომისა და დაღუპვის ჟამი დაუდგება, ეს ფრინველი თვით იკეთებს თავისთვის სამარეს საკმეველისაგან, მირონისაგან და სხვა ნელსაცხებლებისაგან, სადაც მივა აღსასრულის ჟამს და იქ აღესრულება. როდესაც გაიხრწნება გვამი, იშვება რაღაც მატლი, რომელიც იზრდება მომკვდარი ცხოველის სინოტივეში, ფრთიანდება და როდესაც მთლად მომძლავრდება, აიღებს იმ სამარეს, სადაც მისი წინამორბედის ძვლებია, იტვირთავს მას და არაბეთიდან წაიღებს ეგვიპტეში, ეგრეთ წოდებულ ჰელიოპოლისში. დღისით, ყველას თვალწინ, მზის სამსხვერპლოზე აფრინდება იგი, იქ დააწყობს ძვლებს და თვით უკან გამოეშურება. ქურუმები გასინჯავენ მატიანეებს და აღმოაჩენენ, რომ ხუთასი წლის თავზე მოსულა ეს ფრინველი“ (თარგმნა ედიშერ ჭელიძემ).

მკვდრეთით ყველა მიცვალებული აღდგება: მართალიც და ცოდვილიც, მორწმუნეც და ურწმუნოც. განახლდება ყველა სხეული, მაგრამ შეიმოსება სხვადასხვა ღირსებით და პატივით თავთავიანთი დამსახურების კვალობაზე: ღირსეულნი ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი მიეცემიან საუკუნო სატანჯველს ანუ ჯოჯოხეთს. ამრიგად, ქრისტე მეორედ მოსვლის ჟამს გამართავს საყოველთაო სამსჯავროს, განიკითხავს თითოეულ ჩვენგანს და მართალთათვის სამოთხეს განაჩინებს, შებილწულთათვის - ჯოჯოხეთს (შდრ. მათე 25:31-45).

როდის დადგება ქვეყნის აღსასრული და საშინელი სამსჯავრო ანუ აპოკალიფსური ჟამი? უფალი გვაუწყებს: „იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მარკ. 13:32; მათე 24:36). მაშასადამე, „აპოკალიფსური ჟამი“ არის უსაიდუმლოესი და მისი კონკრეტულად მითითება არ ხელეწიფება ღვთის ძესაც კი, როგორც, ამავე დროს, ხორცშესხმულ არსებას და ყოვლითურთ ადამიანს. იოანე ოქროპირი განმარტავს სახარების აღნიშნულ მუხლს და ამბობს, რომ უფალმა მოსვლის თარიღის „არა მხოლოდ გამოცნობა, არამედ თვით ძიებაც კი აკრძალა“. ამ დღის დადგომას მორწმუნე ყოველ წამს უნდა ელოდებოდეს და თავს ამზადებდეს. ამიტომაა, რომ მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველური გამოთვლები არა მარტო დამაჯერებლობასაა მოკლებული, არამედ უპირისპირდება საღმრთო წერილის პრინციპს და სულისკვეთებას. მოძღვრის ვალია, პავლე მოციქულის მსგავსად, მრევლს ყოველდღე აფრთხილებდეს: „აჰა, მოიწია დღე ქრისტესი“ (2 თეს. 2:2) და ათი ქალწულის იგავს ახსენებდეს (მათე 25:1-13).

ისმის კითხვა: საშიშია თუ სანატრელი მეორედ მოსვლა? - ერთიც და მეორეც, რადგან ესაა ცოდვილთა სასჯელი და მართალთა ჯილდო. და რადგან თითოეულ პიროვნებაში თანაარსებობს ავიც და კარგიც, ცოდვაც და მადლიც, მერმისი საუკუნე ერთდროულად გვაფრთხობს და გვხიბლავს. გვაფრთხობს სამსჯავრო და გვხიბლავს რელიგიის იდეალი, - ახალი ცხოვრება, ახალი საზოგადოება, ახალი იერუსალიმი, ახალი ცა და ახალი მიწა, რაც უფალმა ცხადლივ აუწყა ესაია წინასწარმეტყველს:

„ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. სიმართლით განსჯის ღარიბ - ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ. დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე. დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედა დათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი...“ (11:1-11).

ყველასათვის საოცნებო დღეს არსობრივად და რეალურად გამრთელდება ჩატეხილი ხიდი, აღდგება კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის. შეიმუსრება „მთავარი იგი ამის სოფლისაი“, ე.ი. ეშმაკი, რომელიც გველის სახით მოევლინა ადამსა და ევას; აცდუნა ისინი და ისტორიის მანძილზე თესავდა ღვარძლსა და მტრობას. ფერს იცვლის და გარდაიქმნება ყოველი არსებული. გაკეთილშობილდება მგელიც და ქვეწარმავალიც. გახდება შესაძლებელი, რომ, „ვეფხისტყაოსნის“ ფინალური სიტყვის თანახმად, - „თხა და მგელი ერთად ძოვდეს“. მეტიც, გველი დაიბრუნებს ბუნებას, რითაც ის ღმერთმა შექმნა (და რაც ღმერთმა ქმნა, კეთილად ქმნა). იგი განიმსჭვალება სიყვარულით და, ვაჟა-ფშაველას ტალანტსაც რომ ვუხმოთ, მწედ და მკურნალად მოევლინება ადამის მოდგმას, რომელსაც „ბახტრიონში“ ასახიერებს ბერი ლუხუმი, ომგადახდილი და ვალმოხდილი. პოემის ფინალი გველისა და ადამიანის დაძმობილების შესაძლებლობას გვამცნობს. ეს სცენა, შთაგონებული ესაიას აპოკალიფსური ხილვით, შეიძლება ითქვას, არის მთის გენიოსის ბიბლიური მსოფლგაგების მწვერვალი და ჩვენც წერტილს დავსვამთ მისი ციტირების შემდეგ:

... დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გუნება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება!
ზედ გადააწვა, მკერდზედა
წყლულს ულოკავდა ენითა.
თან მკერდს უსველებს მხედარსა
ცრემლების ჩამოდენითა.
აყრუებს ტყესა და ველსა
ოხვრითა რამოდენითა!
მთელს ერთს თვეს ასე უვლიდა
ადამის ტომის მტერია,
ბოროტების გზა გაუშვა,
კეთილი დაუჭერია!
საჭმელსაც თვითონ უზიდავს,
ასმევს წყალს ლაღის მთისასა;
ღამ-ღამ ზღაპარსაც უამბობს
ორის ობოლის ძმისასა.
ამბობენ: შააძლებინა
სნეულსო ფეხზე დადგომა;
ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა.




წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები