ევროპული საინვესტიციო ბანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპული საინვესტიციო ბანკი (ესბ) ევროკავშირის გრძელვადიანი სესხებისა და რეგიონული განვითარების ბანკია. იგი 1958 წელს რომის ხელშეკრულებით ბრიუსელში დაფუძნდა. მოგვიანებით, 1968 წელს მისი მთავარი ოფისი ლუქსემბურგში გადაიტანეს.

ესბ აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის მიზნების მიღწევას, მათ შორის, როგორც წევრ ქვეყნებში, ასევე, პარტნიორ სახელმწიფოებში. ამჟამად, იგი ევროკავშირის სესხების ყველაზე მსხვილი წყაროა. ესბ-ს გააჩნია საკუთარი კაპიტალი და იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. როგორც წესი, იგი ივსება წევრი ქვეყნების მიერ და მსოფლიო ბაზრებზე ესბ-ის სახელით აღებული სესხით. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ესბ-ის მოგებაზე არაორიენტირებული ხასიათის მიუხედავად, დაცულია საბაზისო საბანკო პრინციპები და მის მიერ გაცემული სესხები შესაბამისად არის უზრუნველყოფილი.

2022 წლის იანვრის მდგომარეობით, ესბ-ის საქმიანობის პრიორიტეტებია:

  • კლიმატი და გარემოსდაცვითი მდგრადობა 2021-2030 წლებში კლიმატის და გარემოს დაცვის სფეროებში არსებული საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგა;
  • ინოვაცია და უნარები – ყველა დონეზე ინოვაციებისა და უნარების განვითარების მხარდაჭერა;
  • ინფრასტრუქტურა – ევროპის მოქალაქეების, შიდა ბაზრებისა და ეკონომიკების დაკავშირება;
  • მცირე და საშუალო ზომის საწარმოები – ევროკავშირის ეკონომიკის ხერხემლის (მცირე და საშუალო ზომის საწარმოების) მხარდაჭერა;
  • ერთიანობა – დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების წახალისება;
  • განვითარება მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება; მსოფლიოს მასშტაბით ცხოვრების გაუმჯობესება.
  • კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ფინანსური რესურსების გამოყოფა პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საგანგებო მდგომარეობისთვის, კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნისა და ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებისთვის.

ესბ-ის სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მიმზიდველია − რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ესბ-ის პირველი კლასის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის (AAA) და არამომგებიანი ხასიათის გამო, მისთვის გაცემული და მის მიერ გამოცხადებული სესხის საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ დაბალი და სტაბილურია. და მეორე, სესხის ანაზღაურება ჩვეულებრივ ორი-სამი წლის შემდეგ იწყება და საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი (Nugent, 2010, p. 236; El-Agraa, 2011, p. 53; Dinan, 2010, p. 289).

ესბ-ის სამართლებრივი ბაზა ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების 308-309 მუხლებით არის წარმოდგენილი (Horspool & Humphreys, 2012, p. 63).

სარჩევი

სტრუქტურა

ესბ-ის სტრუქტურის მთავარი აქტორები მმართველთა საბჭო, დირექტორთა საბჭო, მენეჯმენტის კომიტეტი, აუდიტის კომიტეტი და ადმინისტრაცია არიან.

მმართველთა საბჭოს მოვალეობებში შედის ესბ-ის საწესდებო კაპიტალის განსაზღვრა, ბანკის საქმიანობის ზოგადი დირექტივების გაწერა, საკრედიტო პოლიტიკის გაიდლაინების ჩამოყალიბება, წლიური ანგარიშების დამტკიცება, ევროკავშირის გარეთ ფინანსურ ოპერაციებში ბანკის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ესბ-ის სხვა სტრუქტურული ერთეულების წევრების დანიშვნა. მასში ევროკავშირის თითო სახელმწიფო ერთი წევრით (ჩვეულებრივ, ფინანსთა მინისტრით) არის წარმოდგენილი. მმართველთა საბჭო წელიწადში მინიმუმ ერთხელ იკრიბება (European Investment Bank, 2013).

დირექტორთა საბჭო ბანკის ერთგვარი მეთვალყურის როლს ასრულებს. იგი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ესბ-ის ქმედებები შეესაბამებოდეს ხელშეკრულებების, ბანკის სტატუტისა და მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, მხოლოდ მას აქვს სესხებისა და გარანტიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ოპერაციული სტრატეგიის, მენეჯმენტის კომიტეტის კონტროლის, საპროცენტო განაკვეთების დადგენისა და ფინანსების მოძიების ძალაუფლება. მასში წევრი ქვეყნიდან ერთი წარგზავნილის გარდა, ევროპულ კომისიასაც ჰყავს ერთი დირექტორი. კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატები აუცილებლად უნდა იყვნენ ეროვნული ფინანსური ინსტიტუტების ან შესაბამისი სამინისტროს ზედა ისტებლიშმენტიდან. ისინი ხუთი წლის ვადით ფორმალურად ინიშნებიან მმართველთა საბჭოს მიერ და პასუხისმგებლები არიან ესბ-ის წინაშე. ამასთან, თავისი პროფესიული ექსპერტიზის გაღრმავებისთვის, საბჭოს უფლება აქვს დაიხმაროს მაქსიმუმ ექვსი ექსპერტი, რომლებიც მონაწილეობენ საბჭოს შეხვედრებში, მაგრამ არ აქვთ ხმის უფლება. ჩვეულებრივ, დირექტორთა საბჭო 4–6 კვირაში ერთხელ იკრიბება (European Investment Bank, 2013; Dinan, 2010, p. 289).

მენეჯმენტის კომიტეტი ესბ-ის აღმასრულებელი ორგანოა. იგი შედგება ესბ-ის პრეზიდენტის და რვა ვიცე-პრეზიდენტისგან. მისი სხდომები კვირაში მინიმუმ ერთხელ იმართება. კომიტეტი პასუხისმგებელია მიმდინარე ოპერაციების გამართულად მუშაობაზე, დირექტორთა საბჭოსთვის რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაზე. კომიტეტის წევრები დირექტორთა საბჭოს წარდგინებით მმართველთა საბჭოს მიერ ექვსი წლის განახლებადი ვადით ინიშნებიან. ესბ-ის სტატუტის მიხედვით, პრეზიდენტი ამავე დროს არის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე (თუმცა, ხმის უფლების არმქონე) და ბანკს წარმოადგენს სასამართლო და საერთაშორისო ურთიერთობებში (European Investment Bank, 2013).

აუდიტის კომიტეტი ბანკის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მმართველთა საბჭოს წინაშეა ანგარიშვალდებული. იგი ამოწმებს, რომ ბანკის ოპერაციები და შესაბამისი დოკუმენტაცია სათანადოდ არის წარმოებული. აუდიტის კომიტეტისა და დირექტორთა საბჭოს წლიური ანგარიშები ყოველი ახალი წლის დასაწყისში წარედგინება მმართველთა საბჭოს. აუდიტის კომიტეტის ექვსი წევრი მმართველთა საბჭოს მიერ ექვსწლიანი განახლებადი ვადით ინიშნება (European Investment Bank, 2013; Dinan, 2010, p. 289).

და ბოლოს, ესბ-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ადმინისტრაცია, რომელიც შედგება 13 დეპარტამენტისგან, მათ შორის, გენერალური სამდივნოსგან (Nugent, 2010, p. 237).

ფუნქციები

ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების 309-ე მუხლით, ესბ-ის მთავარ მოვალეობას, არამომგებიან ბაზისზე სესხების გაცემის, გარანტიების და ტექნიკური დახმარების მიცემის გზით, ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე შიდა ბაზრის დაბალანსებული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი პოლიტიკის პრიორიტეტები ჩამოყალიბებულია კორპორატიულ ოპერაციულ გეგმებში (კოგ). ბოლო წლების კოგ-ის მიხედვით, ბანკის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ერთიანობა და დაახლოება, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, გარემოს მდგრადობა, ტრანსევროპული სატრანსპორტო და ენერგო ქსელების განვითარება და მდგრადი, კონკურენტული და გარანტირებული ენერგია (Nugent, 2010, pp. 235-236; European Investment Bank, 2013).

ევროკავშირის მასშტაბით ესბ-ის მიერ გაცემული სესხები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პირველი, პროექტები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების 309-ე მუხლით, მიმდინარე კოგ-ისა და ბანკის მმართველთა საბჭოს საკრედიტო მიმართულებებით გათვალისწინებულ პოლიტიკის მიზნებს. როგორც წესი, მათში მოიაზრება პროექტები, ა) რომლებიც ევროკავშირის ღარიბი რეგიონების ეკონომიკური განვითარების გზით ხელს უწყობენ ეკონომიკურ და სოციალურ ერთიანობას. ასეთად განიხილება საკომუნიკაციო, ენერგეტიკული და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, ასევე, პროდუქციის მწარმოებლური სექტორი; ბ) რომლებთაც წვლილი შეაქვთ მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებაში, ევროკავშირის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ლისაბონის სტრატეგიის იმპლემენტაციაში; გ) რომლებიც წარმოადგენენ რამდენიმე წევრი ქვეყნის ან მთლიანად ევროკავშირის საერთო ინტერესს.

მეორე, პროექტები უნდა იყოს ფინანსურად და ტექნიკურად განხორციელებადი, ესბ-ის სესხი კი შესაბამისი ზომებით უზრუნველყოფილი (Nugent, 2010, p. 236; El-Agraa, 2011, p. 53). მაგალითისთვის, ესბ-ის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი იყო ინგლისის სრუტის ქვეშ ინგლისისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი ევროგვირაბი, რომელიც 15 მილიარდი დოლარი დაჯდა (McCormick, 2011, p. 238).

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პირდაპირი წესით ესბ ერთვება მხოლოდ მსხვილი სესხების (25 მილიონ ევროზე მეტ) შემთხვევაში. ასევე, სპეციალური პროგრამების გარდა, ესბ მხოლოდ თანადაფინანსების პრინციპით მოქმედებს და სესხის სახით არ გასცემს პროექტის ღირებულების ნახევარზე მეტს (Nugent, 2010, p. 236). რეგიონული განვითარების პროექტების დაფინანსებისას იგი ხშირად მოქმედებებს ევროკავშირის სტრუქტურული და ერთიანობის ფონდების გრანტებთან ტანდემში.

სესხების გაცემის გარდა, ესბ აქტიურად არის ჩართული ევროპული საინვესტიციო ფონდის (ესფ) საქმიანობაში, რომელიც 1994 წელს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა და რომლის ადმინისტრაციული და გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა ესბ-ის სისტემის შიგნით ფუნქციონირებს. სესხების უზრუნველყოფისა და პირდაპირი ინვესტიციების გზით ესფ განვითარებაში ეხმარება ძირითადად მაღალი ტექნოლოგიების მქონე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. ესფ-ის კაპიტალის 40%-ს ესბ ფლობს, 30%-ს – კერძო და საჯარო ბანკები, დანარჩენ 30%-ს კი ევროკავშირის სხვა წყაროები კომისიის გავლით ავსებენ (Nugent, 2010, p. 237).

საინტერესოა ისიც, რომ ევროკავშირის გარეთ ესბ თავის საქმიანობას ახორციელებს ევროკავშირის მიერ წინასწარ განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, რომელიც, როგორც წესი, რეგიონების მიხედვით არის დაყოფილი. 2022 წლის მდგომარეობით, ესბ ოპერირებს რამდენიმე რეგიონული მანდატით: პირველი, ევროკავშირი; მეორე, გაფართოების პროცესის ქვეყნები; მესამე, ევროპული თავისუფალი სავაჭო ასოციაცია; მეოთხე, ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორი სახელმწიფოები; მეხუთე, ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლები; მეექვსე, სუბ–საჰარული აფრიკა, კარიბის ზღვის აუზი და ოკეანეთი; მეშვიდე, აზია და ლათინური ამერიკა; მეჩვე, ცენტრალური აზია; და მეცხრე, დიდი ბრიტანეთი (European Investment Bank, 2022).

ესბ ხშირად მონაწილეობს ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტების საქმიანობაში. მაგალითად, ბანკის წარმომადგენელი რეგულარულად ესწრება ევროპული პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომებს. ამასთან, იგი ჩართულია ევროკავშირის საბჭოს სხდომების მომზადებაშიც, რის გამოც ესბ-ის პრეზიდენტი ზოგჯერ შეიძლება მოწვეული იყოს საბჭოს ზოგიერთ შეხვედრაზე (El-Agraa, 2011, p. 53).

გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

ესბ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკუთრებაა. მას დაახლოებით 249 მილიარდი ევრომდე საკუთარი საწესდებო კაპიტალი გააჩნია, რომლის დიდი ნაწილი გერმანიაზე, საფრანგეთზე, იტალიასა და ესპანეთზე მოდის. თითოეულ წევრ ქვეყანას მინიჭებული აქვს ამ კაპიტალის შესაბამისი პროცენტული წილი, რომელიც აქტიურად გამოიყენება გადაწყვეტილების მიღებაში და ჰგავს ევროკავშირის საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობის სისტემას. მაგალითად, მმართველთა საბჭოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება, თუმცა, წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, კენჭისყრის დროს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა მონაწილეთა უბრალო უმრავლესობამ, თუ ისინი ბანკის საერთო საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 45%-ს შეადგენენ (Nugent, 2010, p. 237). 2004 წლიდან დირექტორთა საბჭოში ასეთი პროცედურისთვის საჭიროა წევრთა მინიმუმ ერთი მესამედი, რომლებიც საწესდებო კაპიტალის სულ მცირე 50%-ის წარმოადგენენ (European Investment Bank, 2013; El-Agraa, 2011, p. 52).


წყარო

ევროკვშირის ინსტიტუტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები