ეგვიპტური თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგვიპტური თეატრი – ძველეგვიპტური თეატრის საწყისად მიჩნეულია დაკრძალვის რიტუალი, რომელიც შეიცავდა დიალოგებს ღმერთებს შორის. როლებს, ჩვეულებრივ, განასახიერებდნენ ქურუმები.

ეგვიპტეში სხვადასხვა ღმერთების პატივსაცემად იმართებოდა დღესასწაულები, რომელსაც ახლდა წარმოდგენები მითოლოგიურ სიუჟეტებზე. ასეთი წარმოდგენები თამაშდებოდა ძველ სამეფოს ეპოქაში (30-25 სს. ძვ.წ.). ტექსტში სახელწოდებით „მემფისის თეოლოგიის ძეგლი“ (ამოტვიფრულია ქვაზე მე-8 ს. ძვ.წ. ძველი სამეფო დროის პაპირუსიდან), განმარტებულია კოსმოგონიის საკითხები. აქვე მოცემულია ნაწყვეტებო წარმოდგენის სცენარიდან, რომელსაც მართავდნენ სამყაროს შემქმნელის, მემფისის ღვთაება პტას სადიდებლად. მასში ჩართულია მითი ოსირისსა და მის შვილზე, ღვთაება ქორეზე, დედამიწის ღვთაება ქორეს მიმართვა ღმერთისადმი.

დაკრძალვის რიტუალის გარდა (ე.წ. „ამეტყველების წიგნი“), შემონახულია თოთხმეტი ნაწყვეტი შუახანის სამეფოს და მისი მომდევნო დროიდან. შუახანის სამეფოს განეკუთვნება პაპირუსიც რამესეუმადან, რომელიც ეძღვნება სენსერტა I დინასტიის (20 ს. ძვ.წ.) ფარაონ XII-ის ტახტზე ასვლას. მასში მოცემულია წარმოდგენების ტექსტები მითოლოგიურ სიუჟეტებზე, რომლის მთავარი მოქმედი პირია ოსირისის შვილი ღვთაება ქორე (გამეფებული ფარაონის პირველსახე). ამ მითოლოგიური წარმოდგენების მიზანი იყო ქორეს განდიდება და მისი ღვთაებასთან გათანაბრება. უფრო დაწვრილებითი ცნობები ასეთი წარმოდგენების შესახებ, შემონახულია პტოლომეის დროიდან. ღვთაება ქორეს და ედფუს ტაძრის კედლებზე არსებობს გამოსახულება და ტექსტები უფრო ადრინდელი პაპირუსიდან, რომელიც შეიცავს წარმოდგენების ამონარიდებს. აქაც მოქმედ პირებს განასახიერებდნენ ქურუმები. ღვთაება ქორეს როლი უნდა შეესრულებია თვით ფარაონს, მაგრამ იგი შეცვალა ტაძრის ერთ-ერთმა მთავარმა ქურუმმა. მონოლოგებთან და დიალოგებთან ერთად, წარმოდგენაში დიდი ადგილი ეთმობოდა თხრობას, რომელსაც ერთ-ერთი ქურუმი ახორციელებდა. ედფუს ტაძარში მთხრობელის ფუნქციები უნდა შეესრულებია ბრძენ იმხოტეპს, მაგრამ ისიც ქურუმით შეცვალეს. სავარაუდოა, რომ წარმოდგენაში მონაწილეობდა გუნდი (ქორო) და მუსიკოსები.

ჰეროდოტემ შეადარა ძველეგვიპტური სახალხო რელიგიური დღესასწაულები და დიონისეს ბერძნული მისტერიები, რის შემდეგ გააკეთა დასკვნა, რომ ბერძნებმა ეგვიპტელებისგან გადმოიღეს დღესასწაულები და წეს-ჩვეულებანი.

ეგვიპტურ თეატრალურ წარმოდგენებში, რელიგიური შეფერილობის მიუხედავად, საკმარისი ადგილი ეთმობოდა მაღალი წრის ცხოვრების ჩვენებას. ასე, მაგ., „სარკოფაგების ტექსტებში“ (შუახანის მეფობის დრო, 21-18 სს. ძვ.წ.), შემდგომ კი „გარდაცვლილთა წიგნის“ 78 თავში შემონახულია კომედიური ნაწყვეტი, რომლის პერსონაჟები არიან მითოლოგიური არსებები. „გარდაცვლილთა წიგნის“ 39 თავში არის ნაწყვეტიც კომიკური წარმოდგენიდან, რომელშიც მთავარი მოქმედი პირია ეშმაკი აპოპი. მე-4 ს. ძვ.წ. მითოლოგიურ პაპირუსში შემონახულია დრამატული ნაწყვეტი, რომლის მთავარი მოქმედი პირია ოსირისის მტერი, ბოროტი ღვთაება სეტი. ეს პერსონაჟი განასახიერებდა სპარსელებს, რომლებმაც დაიპყრეს ეგვიპტე, ხოლო მისი გაძევება გათანაბრებული იყო სპარსელების გაძევებასთან. მაღალი საზოგადოების თეატრის არსებობაზე მიუთითებს ემხებას გარდაცვლილთა სტელა ედფუდან, რომელიც თარიღდება XVIII დინასტიის დასაწყისით (მე-16 ს. ძვ.წ.). თეატრი ძველ ეგვიპტეში ვითარდებოდა განუსაზღვრელი დესპოტიის პირობებში და ამიტომ მისი ფორმირება ხდებოდა მეტისმეტად ნელა და შეზღუდულად. მთელი თავისი არსებობის მანძილზე იგი ემსახურებოდა ფარაონის ძალაუფლების განმტკიცებას და არასოდეს გაუწყვეტია კავშირი რელიგიურ-მითოლოგიურ ტრადიციებთან.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები