დოდაშვილი კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოდაშვილი კოტე – (დაბადების წელი უცნობია - გ. ნოემბერი 1919, თბილისი), ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე. მოღვაწეობდა XIX ს. 80-იან – XX ს. 10-იან წლებში. ავტორია ქართული გრამატიკისა და ქართული ლექსთწყობის საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წერილისა [„საგრამატიკო ესკიზი, ზოგიერთი მოსაზრებანი ზმნასე და ზმნის გამო“, „ქართული ლექსთწყობა“, „საგრამატიკო კვლევა“, „ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევა-ძიებისა“, „სხვადასხვა წერილები“, „ივერიულის ფონეტიკისათვის“ (რუს. ენაზე)და სხვ], რომლებიც იბეჭდებოდა გაზეთებში – „ივერია“, „კვალი“ და „მოამბე“. ამ წერილებში დოდაშვილი განიხილავდა სახელთა ბრუნებისა და ზმნის უღვლილების საკვანძო საკითხებს ქართულში. ქართული ენის თანხმოვანთა კლასიფიკაციას წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით, ეხებოდა სალიტერატურო ქართული ენის, სიწმინდის საკითხებსაც. დოდაშვილს ბევრი მართებული და საინტერესო შეხედულება აქვს გამოთქმული ქართული გრამატიკის საკითხებზე. მკვლევარი სამართლიანად გამოყოფს ქართულში ერთ ბრუნებას (კანკლედობას); სწორია დასკვნა ბრუნვათა ნაცვალსახელური წარმომავლობის შესახებ (ოღონდ, მისი აზრით, სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი ისი ნაცვალსახელიდან მომდინარეობს). მართებულია დოდაშვილის დაკვირვება თანდებულების დამოუკიდებელი მნიშვნელობის სიტყვებიდან მომდინარეობის შესახებ. ზმნის უღვლილებისას განიხილავს და ადგენს პირთა კომბინაციებს. პირთა მიმართების თვალსაზრისით გამოყოფს სუბიექტური („მიუმართავი“) და ობიექტური („მიმართული“) წყობის ზმნებს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ III პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის გამოსახატავად ზმნას რამდენიმე ნიშანი აქვს. აღწერს ჰ- პრეფიქსის ცვლილებას (ჰ > ს [ზ > შ]) დ, თ, ტ, ძ, ც. წ, ჯ, ჩ, ჭ თანხმოვნების წინ, გამოყოფს ჰს მრჩობლ პრეფიქსს, აანალიზებს ობიექტური წყობის I პირის მრავლობითი რიცხვის გვ- პრეფიქსს და შლის მას გ- II პირისა და ვ-(მ) I პირის პრეფიქსებად.

სახარების ტექსტის ანალიზის საფუძველზე დოდაშვილი იძლეეა -ნ სუფიქსური ელემენტის სწორ კვალიფიკაციას ზმნასა და სახელებში. საყურადღებოა, რომ ზმნის ფორმები მან წარმოების მიხედვით დააჯგუფა და ამის საფუძველზე ქართულში დრო-კილოთა ორი ჯგუფი გამოყო. ქართველურ (ივერიულ) ენათა გენეზისური ურთიერთობების კვლევა დოდაშვილს წინა აზიის მკვდარ და ცოცხალ კავკასიურ ენებთან მიმართებით ესახებოდა.

მ. სუხიშვილი


ლიტერატურა

  • გაწერელია ა. ქართული კლასიკური ლექსი, თბ. 1953;
  • ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.) გ. მიქაძის რედ. და შენიშვნებით, თბ., 1954;
  • აბესაძე ნ. გრამატიკის საკითხები XIX ს. ქართულ პერიოდულ გამოცემებში, თბ., 1960.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები