დვალეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დვალეთი — დვალეთი იყო საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, რომელიც ქართული საისტორიო ტრადიციით ქართლის (იბერიის) სამეფოს შექმნისთანავე მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. დვალეთის ჯერ ქართლის, შემდეგ კი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას არა მხოლოდ ეთნიკური ფაქტორი განაპირობებდა, არამედ გეოგრაფიული და სამეურნეო-ეკონომიკური ფაქტორები. მთური ლანდშაფტი დვალებს აიძულებდა ბართან მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკურ კავშირში ყოფილიყვნენ, რაც ერთიან პოლიტიკურ ველში ცხოვრებისაკენ უბიძგებდა. ამავე დროს, დვალეთს, როგორც ცენტრალურ კავკასიაში მდებარე გეოგრაფიულ ერთეულს, ეს კავშირები ჰქონდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან, არამედ დასავლეთ საქართველოსთანაც.

დვალეთი ამჟამად საქართველოს საზღვრებს მიღმაა და შედის რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში. 1859 წელს დვალეთი ცარიზმმა თბილისის გუბერნიას (შედიოდა გორის მაზრაში „ნარას უჩასტოკის” სახელით) ჩამოაჭრა და თერგის ოლქს გადასცა. დვალეთი, როგორც საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე მხარე, დანარჩენ საქართველოსთან ბუნებრივ-გეოგრაფიულად ორგანულად იყო დაკავშირებული 11 გადასასვლელით და მათ შორის მიმოსვლა (შიდა ქართლის, ხევისა და რაჭის გავლით) ხშირად ზამთარშიც კი არ წყდებოდა. შიდა ქართლიდან დვალეთში (დვალთგორაზე) მთავარი გადასასვლელი იყო ზეკარა, ჩრდილოეთ კავკასიას კი დვალეთი უკავშირდებოდა მხოლოდ ორი გადასასვლელით – კასრის-კარითა და ხილაკის-კარით, რომლებიც მხოლოდ ზაფხულში (სამი-ოთხი თვე) ფუნქციონირებდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან კასრის კარით საქართველოში შემოსასვლელ გზას ქართულ წყაროებში „გზა დვალეთისა” ეწოდებოდა.

სარჩევი

ისტორია

დვალეთში, ისევე როგორც შიდა ქართლის მთიანეთის სხვა ხეობებში, ქრისტიანობა ადრიდანვე (VI საუკუნიდან) გავრცელდა და ის ბოლო დრომდე ნიქოზის ეპარქიაში შედიოდა. ქრისტიანობის მიღებამდე დვალეთის ქართლის შემადგენლობაში ყოფნას თუ მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა, VI საუკუნიდან ამ ფაქტორებს შუა საუკუნეებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ფაქტორიც დაერთო. დვალეთი რომ ერთიანი ქართული ეკლესიის განუყოფელი ნაწილი იყო, ამას გვიანობამდე შემორჩენილი XI საუკუნის დასაწყისში ზროგოსა და ჟღელეს ხეობებში აგებული ქართული ეკლესიებიც ადასტურებს.

ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ქართველ ხელისუფალთა გავლენა დვალეთზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდილოეთით მცხოვრებმა ოსებმა, რომელთა განსახლების არეალი დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე იყო. გადამეტსახლებული ოსეთის მკვიდრებმა თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართველი მთიელები – დვალები – მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხრეში განსახლებულიყვნენ. ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დვალეთში ძირითადად XVI საუკუნეში განხორციელდა და ეს პროცესი აქ XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა. ოსთა დვალეთში მიგრაციას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ დვალების მნიშვნელოვანი ნაწილი შავმა ჭირმა გაწყვიტა, რის გამოც მათ საკმარისი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს მოთარეშეებს. ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსური ენობრივ-ეთნიკური სამყაროს გავლენით გაოსდა. დვალები როგორც ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი/ლოკალურ-ტერიტორიული ერთეული გაქრნენ.

ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV საუკუნის მეორე ნახევარი) დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. დვალეთს, ჩვეულებრივ, როგორც სამეფო ქვეყანას, სამეფო კარის მიერ დანიშნული მოურავები განაგებდნენ. მაგალითად, XVII საუკუნის დასაწყისში დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რომელიც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურავობასთან ათავსებდა. XVIII საუკუნეში დვალეთის მოურავებად თავადი ფავლენიშვილები ჩანან. მოგვიანებით – XVII საუკუნის დასაწყისიდან – დვალეთის ზოგიერთი ხევი იმერეთის სამეფოს (რაჭის ერისთავთა) გამგებლობაში გადასულა. XVIII საუკუნის ბოლოს მხოლოდ ზახა, ზროგო, ზარამაგი და ნარა იყო ქართლ-კახეთის მეფეთა გამგებლობაში, მაღლა დვალეთი, ჟღელე, ლესრე, თებე, ლეთა, კასარა, და სხვა პატარა სოფლები რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდათ.

დვალეთში დასახლებული ოსები ქართლის სამეფო კარის მორჩილებაზე ხანდახან უარს ამბობდნენ, მაგრამ ქართველი მეფეები მაინც ახერხებდნენ მათ დამორჩილებას. მაგალითად, დვალეთში განსახლებული ოსების წინააღმდეგ ძალა გამოუყენებია მეფე ვახტანგ VI-ს. მან 1711 წელს ჯართან ერთად შემოიარა ეს კუთხე: „ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის ხევი და გადმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდან ქართლს გამარჯვებული” (ვახუშტი).

XVIII საუკუნეში ტრადიციით დვალთა ხსენება კვლავ გრძელდება, თუმცა ისინი უკვე ეთნიკურობაშეცვლილი ახლა უკვე ოსები არიან. XVIII საუკუნის დვალეთის მოსახლეობას უკვე ეთნიკური ოსები წარმოადგენდნენ, რომლებიც ადგილობრივი ქართული (დვალური) და მოსული ოსური მოსახლეობის შერევის შედეგად იყვნენ ჩამოყალიბებული, და რომელშიც პოპულაციური თვალსაზრისით მიგრირებული ეთნიკური ოსები ჭარბობდნენ. ვახუშტი ბაგრატიონი როდესაც ნიქოზის ეპარქიის შესახებ საუბრობს, აღნიშნავს, რომ აქ „ზის მწყემსი კავკასიანთა, დვალთა და აწ ოსეთად წოდებულისა”. ეთნიკური ცვლილება უკვე აშკარაა. ამითაა გამოწვეული მათი ორმაგი ეთნონიმით – „დვალი, ოსი” – მოხსენიება (ვახუშტი ბაგრატიონი). დვალების გაოსების პროცესი ერთდროული აქტი არ ყოფილა. მათი ეთნიკური ასიმილაცია რამდენიმე თაობის განმავლობაში მიმდინარეობდა და ძირითადად XVIII საუკუნის დასაწყისში დასრულდა, თუმცა XVIII საუკნის პირველ მეოთხედში დვალების გარკვეულ ნაწილს თვითმყოფადობა კვლავ შენარჩუნებული ჰქონდა. უფრო მეტი: XIX საუკუნის ბოლომდე ზახას ხეობის მკვიდრები ორენოვანი იყვნენ – ისინი ოსურსა და ქართულ ენებზე ლაპარაკობდნენ. ზახაში მცხოვრები „დვალი ოსების” ორენოვნებას, ქართული ენის შენარჩუნებას, განაპირობებდა არა მხოლოდ ადგილობრივი დვალური/ქართული კომპონენტის მნიშვნელოვნად არსებობა, არამედ ის სამეურნეო-ეკონომიკური და იდეოლოგიური კავშირები, რაც ხეობას საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებთან გააჩნდა.

წარმომავლობა

დვალები პირველად მოხსენიებული არიან ანტიკურ საისტორიო წყაროებში ახ. წ. I და II საუკუნეებში (პლინიუს უფროსი, პტოლემაიოსი) თალის, ვალის, უალის სახელწოდებით. ქართულ წყაროებში („ქართლის ცხოვრება”) დვალებით დასახლებული „ქვეყანა” – დვალეთი პირველად ნახსენებია III საუკუნის შუა ხანებში მეფე ამაზასპის დროს. მეცნიერებაში დვალების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა შეხედულებაა გამოთქმული. ქართული წყაროების მიხედვით, ისინი ჩვეულებრივი ქართველი მთიელები იყვნენ, ისევე როგორც ფხოველები, თუშები, წანარები, გუდამაყრელები, ხადელები, ცხავატელები, ჭართალელები, ცხრაზმელები... ოღონდ შენარჩუნებული ჰქონდათ მთიანი პროვინციებისათვის დამახასიათებელი სოციალური, რელიგიური თავისთავადობა.

ოსი მეცნიერები (ვ. აბაევისა და გ. თოგოშვილის გარდა) დვალებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ირანული წარმომავლობის ტომად. მოსაზრება, რომ დვალები ოსურ ეთნიკურ სამყაროს განეკუთვნებიან, პირველად მეცნიერმა დ. გვრიტიშვილმა უარყო. ასევე უარყოფდა ამ შეხედულებას რუსი ეთნოლოგი ნ. ვოლკოვა. მან დვალები ერთ-ერთ იბერიულ-კავკასიურ ტომად მიიჩნია. მეცნიერებაში არის შეხედულება დვალების სვანური წარმომავლობის შესახებაც. ჩვენი გამოკვლევით, რომლებიც ემყარება საისტორიო წყაროების, საბუთების, ტოპონიმების, ანთროპონიმების, ეთნოგრაფიული მასალების კომპლექსურ შესწავლას, ცხადი შეიქმნა, რომ დვალეთი ეთნიკურად ქართულ-ქართველური ქვეყანა იყო, დვალები კი თავდაპირველად – ზანებთან ახლოს მდგომი ტომი, თუმცა ზანების (მეგრელების) სრულ ასლს არ წარმოადგენდნენ. დვალეთი სამივე ქართველურად მეტყველი ერთეულის – ზანების, სვანების და აღმოსავლეთ ქართველთა – თანაცხოვრების ადგილი იყო, რასაც აქ დაფიქსირებული ონომასტიკური მონაცემები ადასტურებს. ბოლოს გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოვიდა, რასაც, პირველ რიგში, მათი გვარსახელების სუფიქსები (-ურ) გვიმოწმებს.

დვალთა მეტყველება აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა დიალექტურ ჯგუფში (ფხოვურში) შედიოდა. და ეს მოხდა არა ქართიზაციის გზით, არამედ ბუნებრივად იმ შინაგანი სამერნეო-ეკონომიკური კავშირ-ურთიერთიბის შედეგად, რომელიც ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ქართლთან ჰქონდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე საქართველოს წიგნიერების, სახელმწიფოსა და საეკლესიო ენის ფუნქციამაც. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე დვალებს ისეთივე წვლილი აქვთ შეტანილი საერთო ქართული კულტურაში, როგორც საქართველოს სხვა პროვინციის წარმომადგენლებს.

დვალების რაიმე კავშირი ვაინახებთან არ დასტურდება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ აქ მეფე საურმაგის დროს მათი გარკვეული ჯგუფის მიგრაციას, რომლებიც ქართველთაგან მალევე ასიმილირდნენ. დვალეთში დიდი რაოდენობით არსებულ ქართულ-ქართველურ ტოპონიმებთან ერთად საერთოდ არ დასტურდება ვაინახური ტოპონიმები. ამავე დროს, თანამედროვე ოსურ ენაში არც ვაინახური სუბსტრატი დასტურდება, იმ დროს, როდესაც მასში საკმაოდ ფართო შრეა დაფიქსირებული ზანური და სვანური სუბსტრატისა.


მატერიალური კულტურის ძეგლები

დვალეთში ქართული მატერიალური კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რომელთაგან მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. კასრის კარი იყო „კლდისაგან და ქვიტკირით ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თჳნიერ მათსა ოვსნი”; ზრამაგაში იყო „ციხე დიდი, ფრიად მაგარი, იტყვიან აღშენებულსა თამარ მეფესაგან, და დაბა კოშკოვანი” (ვახუშტი). ვახუშტი ზახაში ეკლესიის არსებობაზე მიუთითებდა. აქვე იყო სხვა ქართული ქრისტიანული ეკლესიები.

დვალეთი წარსულში, ისევე როგორც საქართველოს მთის სხვა პროვინციები, კოშკებით იყო დაფარული. დვალები რომ ქართველი მთიელები და, ამავე დროს, ქრისტიანები იყვნენ, ამის დამადასტურებელი ფაქტია ისიც, რომ აქ არ არსებობდა მიწისზედა დასაკრძალავი ნაგებობები – აკლდამები. დვალების ქართველმთიელობის დამადასტურებელი ფაქტია, აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეების ანალოგიურად, აქ „ათენგენობის” დღესასწაულის ფართოდ გავრცელებაც. დვალეთში ოსთა მოსვლამდე რომ ქართველები მკვიდრობდნენ, ამას ადასტურებს ის ეთნოგრაფიული მონაცემები, რომლებიც ეთნოლოგებს დვალეთის ოსურ მოსახლეობაში აქვთ დადასტურებული.

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები