გულგულის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გულგულის ღვთისმშობლის მიძინების (ნატკორის) ეკლესია − (VI ს), არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ გულგულის (თელავის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია) სამხრეთით, სამიოდე კმ-ზე, ნასოფლარ ნატკორის ტერიტორიაზე.

ნაგებობა მოზრდილი სამნავიანი ბაზილიკაა (22 X 11 მ), აგებული იყო რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. გარეთა კუთხეები, ნავების გამმიჯნავი ბოძები და თაღები შირიმით. ნაგებობის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია საკმაოდ ვრცელი შუა ნავი და ვიწრო გვერდის ნავები, რომლებიც ერთმანეთისგან გეგმით ჯვრული ფორმის ბოძების სამი წყვილით იყო გამიჯნული. ბოძებზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი იყო სუფთად ნათალი შირიმის კვადრებით გამოყვანილი ნალისებრი თაღები, რომლებიც ეყრდნობოდა შირიმისავე იმპოსტებს (შემორჩენილია რამდენიმე იმპოსტი, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს).

ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. აღმოსავლეთით შუა ნავი ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდი ორივე მხრიდან ფლანკირებულია გვერდის ნავების აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი გეგმით სწორკუთხა მცირე სათავსებით, რომლებიც სამკვეთლოს და სადიაკვნის ფუნქციას ასრულებდა. თითოეულ მათგანში, მთავარი ნავის აფსიდის მხარეს მოქცეულ კედელში, თითო ღრმა ნიშია. ბაზილიკის აგებიდან მოკლე დროში (სავარაუდოდ, VII-VIII სს.) მისთვის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მთელ სიგრძეზე მიუშენებიათ ნალისებრაფსიდიანი თითო ნავი, რომელსაც შესაბამისი მხარეებიდან ორ-ორი შესასვლელი ჰქონდა. მათგან სამხრეთი ნავის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში არსებული შესასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესიის კედლები დასრულებული ყოფილა ნალისებრი თაღების მწკრივით გაფორმებული თაროსებრი ლავგარდნით (სიმაღლე – 20 სმ).

ეკლესია არაერთხელ ყოფილა დაზიანებული (როგორც ჩანს, მიწისძვრებით) და განახლებული. X-XII სს. პირველი ნგრევის შემდგომ, ნავების გამმიჯნავი ბოძების დასავლეთ წყვილის ხაზზე, ბაზილიკის მთელ სიგანეზე აუგიათ ყრუ კედელი, რომელშიც ნავების გამმიჯნავი ორივე ბოძი იყო ჩართული (ერთ-ერთი ბოძე მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი). შუა ნავის ფარგლებში, ამ კედლის ზედა ნაწილში, მოწყობილია მცირე ზომის სარკმელი. მომდევნო ხანებში (სავარაუდოდ, XIV ს.) ასეთივე კედელი, მაგრამ პირველზე ბევრად დაბალი, ჩააშენეს ბოძების შუა წყვილს შორისაც. ამავე დროს, შუა ნავის სამხრეთი თაღებიდან (აღმოსავლეთიდან პირველი და მეორე, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთ თაღებიდან – აღმოსავლეთიდან მეორე), მთლიანად ამოუშენებიათ და შუა ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე სამლოცველო მოუწყვიათ, რომელშიც შესვლა მხოლოდ ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავიდან, აღმოსავლეთით მდებარე თაღიდან იყო შესაძლებელი.

2002 და 2005 წლებში ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების (ხელმძღვ. გ. რჩეულიშვილი) დროს ეკლესიაში აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი. ბაზილიკის სამკვეთლოსა და სადიაკვნეში მოწყობილი ორი სამარხი XI-XII სს. განეკუთვნება, დანარჩენები კი – XIV-XV სს. სადიაკვნეში არსებული სამარხის ჩრდილოეთ კედელში ჩართული იყო ბაზილიკის თანადროული კანკელის მოჩუქურთმებული ორი ფილა. მინაშენის აფსიდში, ტრაპეზის ორივე მხარეს, აღმოჩნდა კირქვის იმავე პერიოდის, ასევე მოჩუქურთმებული სვეტისთავი. შუა ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი სამლოცველოს თავდაპირველ იატაკზე დადასტურდა XIV ს. მონღოლური მონეტა, გვიანდელ მიწურ იატაკზე კი - ნახანძრალ ფენაში – XVII ს. ირანული მონეტა და 1684 წლით დათარიღებული მხედრულწარწერიანი სპილენძის ზარი. სავარაუდოა, რომ ეკლესია სწორედ ირანელთა შემოსევის დროს დაინგრა და მომდევნო ხანებში აღარც აღდგენილა.

ეკლესიასთან ახლოს, ჩრდილოეთით, შეინიშნება ნაგებობების კვალი. მათგან ერთ-ერთი გეგმით სწორკუთხაა და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა დამხრობილი. იქვე, მიწაში ჩაფლულია შირიმის ქვის მოზრდილი ბლოკი. ეკლესიის ნანგრევებთან სოფელ ვარდისუბნისა და გულგულის მოსახლეობა აღდგომის მეორე დღეს „ნატკორობას“ დღესასწაულობს, რამაც ძეგლის გამოკვლევის დროს აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილს აფიქრებინა, რომ იგი ღვთისმშობლის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული.

თ. დვალი
გ. ლაღიაშვილი
გ. რჩეულიშვილი


ლიტერატურა

  • აზიკური ლ., ნატკორის ეკლესიის გათხრები, მოყვასი (ალავერდის ეპარქიის ყოველთვიური გამოცემა), 2002, №2;
  • ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 1-2, თბ., 2014;
  • ნატკორის ეკლესია. არქეოლოგიური შესწავლის შედეგები, თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. ინსტიტუტის სამეცნ. შრომების კრებული, 2007, №2 (22);
  • ნატკორის ხუროთმოძღვრული ძეგლი, საქართველოს სიძველენი, 2005, ტტ. 7-8;
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1-II, თბ., 2015;
  • Чубинашвили Г. H., Архитектура Кахетии, Tб., 1959; Georgian Architecture (A documented photo-archival collection on microfiche with 47,000 photographs for the study of Early and Late Medieval Christian Architectural Arts of Georgia and its historical area of settlement), vol. 3. Kakhethi, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 1997.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები