ბრეთის მამა პიროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრეთის „მამა პიროსი“ წმ. გიორგის ეკლესია

ბრეთის „მამა პიროსი“ – სოფელი ბრეთის (ქარელის მუნიციპალიტეტი, რუისისა და ურბნისის ეპარქია) წმ. გიორგის ტაძარი (VI ს. II ნახ. – VIII-IX სს.), მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთი ფრონეს მარცხენა ნაპირას. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, პიროს ბრეთელმა, ამის გამო ტაძარს მისი სახელი ეწოდა. პიროს ბრეთელი ამავე ტაძარშია დაკრძალული. მამა პიროსი იოანე ზედაზნელმა „ზენა სოფელში“, ანუ ქართლში გაგზავნა სამოღვაწეოდ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „არს ბრეთს მონასტერი უგუმბათო, რომელი ჰქმნა პიროს, იგ (13) მამათაგანმან, და დაფლულ არს იგიცა მუნვე“. ტოპონიმი ბრეთი, სავარაუდოდ, მონასტრის დაარსების შემდგეგდროინდელია. იგი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი, რაც მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს, თუმცა ეკლესიის გარშემო დღეს სხვა სამონასტრო ნიშნების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ „საძმო სამარხები“ ყოფილა.

ბრეთის „მამა პიროსის“ ისტორიაში ორი სამშენებლო პერიოდის გარჩევა ხერხდება: პირველი – VI ს. II ნახევრის წმ. მამა პიროსის ეკლესია (ეგვტდერი) და მეორე – წმ. გიორგის ძირითადი ეკლესია, რომელიც VIII-IX სს.-ით თარიღდება. ტაძარი წარმოადგენს ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით მინაშენების მქონე ერთნავიან ნაგებობას. ჩრდილოეთ მინაშენი, თავდაპირველად ღირსი მამა პიროსის მიერ აგებული, დამოუკიდებელი ეკლესია (ეკვდერი) უნდა ყოფილიყო. გვიან კი ეკვდერის კუთხეები აუმაღლებიათ, გადაუხურავთ ერთქანობა სახურავით და მხატვრული, კომპოზიციური თვალსაზრისით ისე ორგანულად დაუკავშირებიათ შემდეგ აშენებულ ეკლესიის ძირითად ნავთან, რომ ამ ნაგებობის განუყოფელ ნაწილად ითვლება. ეკვდერი მრავალჯერ განუახლებიათ, მაგრამ მასზე შემორჩენილი არქიტ. ნიშნები (აფსიდის სიღრმე, ნალისებური მოხაზულობა, საკურთხეველში სარკმლის სწორკუთხა მოყვანილობა) უმთავრესად შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრების ადრეული პერიოდისთვისაა დამახასიათებელი. ეკვდერს მხოლოდ ერთი კარი ჰქონია, რომელიც დღეისათვის მთავარ ნავში გასასვლელს წარმოადგენს.

ბრეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატი

ბრეთის მამა პიროსის მთავარი ეკლესიის (წმ. გიორგის ტაძრის) ძირითადი ნავის სივრცე საკმაოდ ფართოა, დარბაზი ორ აბზაცად არის გაყოფილი ორსაფეხურიანი პილასტრებითა და დეკორატიული თაღებით. ჩრდილოეთ ეკვდერისაგან განსხვავებით, სამხრეთისა და მთავარი ნავის აფსიდები ნახევარწრიულია. ტაძრის ცენტრში, ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის წინ, გამართულია დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა, რომელიც ჰგავს საფლავის ქვას და მიჩნეულია წმ. მამა პიროსის განსასვენებელად. სამხრეთ და დასავლეთ მინაშენები უწყვეტად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ფაქტობრივად გარშემოსავლელს წარმოადგენს. სამხრეთ კედლის ცენტრში, ძირითადი ნავის კარის საპირისპიროდ, გაჭრილია ერთადერთი შესასვლელი, საიდანაც შეიძლება ეკლესიაში მოხვედრა. ტაძარი ნაგებია ფლეთილი, პირმოსწორებული ქვით. ნაგებობის გარეგან მასებში მთავარი ნავი დომინირებს – იგი მძლავრად არის ამოზიდული მინაშენებიდან და მონუმენტურ შთაბეჭდილებას ახდენს. ფასადები მოკლებულია დეკორაციულ მორთულობას, მარტივ და გლუვ კედლებზე ფანჯრებიც კი არ არის პროფილირებული, რაც ეპოქისთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ტაძრისთვის დაუმატებიათ სამრეკლო, რომელიც გარშემოსავლელის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზეა აღმართული.

მთავარი ნავისა და მინაშენების ურთიერთკავშირი მხოლოდ მათ შორის არსებული ვიწრო გასასვლელებით არის შესაძლებელი და ისინი ცალკე დამოუკიდებელ სივრცეს წარმოადგენენ როგორც ფიზიკურად, ისე ფუნქციურადაც. მათ საკუთარი საკურთხევლები და სამეკლესიიანი ბაზილიკის მსგავსად, გვერდითი ნავები აქვთ. ეს მინაშენებიც ღვთისმსახურების ჩასატარებლად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

ნაგებობას რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია – მოიხატა ინტერიერი, განახლდა წმ. მამა პიროსის ტრაპეზი და მოპირკეთდა მისი საფლავის ქვა. აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება და დღეისათვის აქ რუის-ურბნისის ეპარქიის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ბრეთის მამა პიროსი და აქ არსებული მონასტერი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი. აქ შეიქმნა XI ს. ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი, იოანე ნათლისმცემლის ამავე დროის ჭედური ხატი, რომელიც მონასტრის ერთ-ერთ უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენდა (დღეს დაცულია ხელოვნების მუზეუმში). ამ ხატმა ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია – აღარ არსებობს არც მოჩარჩოება, არც ფერწერული ნაწილი. წმ. იოანეს ხელთ უპყრია დისკოსი წარწერით „ხმა ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა“ (ესაია წინასწარმეტყველი), დისკოსის ქვემოთ მეორე წარწერაა: „მამა მიქაელი. წმ. იოანე ნათლისმცემელო, მეოხ ეყავ“. აქვე იყო დაცული XIII ს. ბრეთის ტყავის სახარება და სხვ. წარწერების მიხედვით ბრეთის ჯვარიც და ხატიც დაუმზადებიათ ამავე მონასტრის წინამძღვრის მიქაელის დაკვეთით.

მონასტრის აღორძინება დაიწყო XX ს. 90-იან წწ.

ბრეთის დედათა მონასტერში, 1997 წ. 30 მაისს მროველ-ურბნელი მთავარეპისკოპოსის იობის (აქიაშვილი, ამჟამად – მიტროპოლიტი), ლოცვა-კურთხევით ახლად ნაკურთხი მღვდელმონაზონი ზაბულონი (გელაშვილი, ამჟამად – არქიმანდრიტი) დაინიშნა, რომელსაც დაევალა ბრეთის უძველესი მონასტრის აღდგენა. მამა ზაბულონის ძალისხმევით სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. გაიწმინდა და მოპირკეთდა ტაძრის ეზო. ეკლესიის გარშემო ჩამოიჭრა მიწა და ფართო გარშემოსავლელი მოეწყო. მონასტერი დამშვენდა რიყის ქვის გალავნით, ჩაიდგა კრამიტისსახურავიანი ძველქართული ჭიშკარი, აშენდა სამრეკლო. სამუშაოები ჩატარდა ტაძრის შიგნითაც. გაიწმინდა შიდა სივრცე, აღდგა ჩაქცეული კამარები და დარღვეული კედლის წყობა, იატაკი ფილებით დაიფარა, ძვირფასი ქვით მოპირკეთდა წმ. პიროსის საფლავი. ტაძარი მოიხატა. 1998 წ. 31 იანვარს მთავარეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა განახლებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი, ხოლო 1999 წ. 20 თებერვალს იკურთხა ტაძარში არსებული წმ პიროს ბრეთელის სახელობის ეკვდერი. ტაძრისთვის საგანგებოდ დაიწერა წმ. გიორგის ხატი, რომელშიც დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული.

2003 წ. 14 აგვისტოდან ბრეთში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს, რომლის წინამძღვარია, იღუმენია ანგელინა (ოსაძე). მონასტერში ასევე მოსაგრეობენ: მონაზონი ნეონილა (დოლიაშვილი), მონაზონი თომაიდა (მინდიაშვილი) და მონაზონი დინარა (თათელიძე). მონასტრის მწირველი და სულიერი მოძღვარია არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი). საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა 2005 წ. 23 დეკემბრის განჩინებით დააწესა წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე – 15/28 მაისი. ეს დღე ბრეთში დიდი ზეიმით აღინიშნება.

თ. სიჭინავა
გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“: ტ. 1, თბ., 1997;
  • კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956,
  • სანიკიძე თ., ბრეთის „მამა პიროსი“, „ძეგლის მეგობარი“, 1974, №35;
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები