ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი

ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი – (X-XI სს. მიჯნა), ვერცხლის ჭედური ჯვარი შესრულებული გაბრიელ საფარელის მიერ. ვინმე მამა მიქაელის შენანირი ბაგრატ III-ის სადიდებლად. უცნობია ჯვრის აღმოჩენის დრო. იგი სოფელ ბრეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან (V-VII სს.) 1923 წ. თბილისში გადმოიტანეს (ამჟამად ინახება საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში).

ზოგადად, ბრეთის ჯვარი თავისი დროის სხვა საწინამძღვრო ჯვრების მსგავსია ფორმით, ზომით, შესრულებითა და მორთულობით. ჯვარი (52.5 X 44.5 სმ) ვერცხლის ორი ერთმანეთზე მირჩილული მასიური ფურცლისგან არის შედგენილი და მთლიანადაა მოოქრული; ჩამოცმულია ცილინდრული ფორმის ვერცხლისავე (აგრეთვე მოოქრული) (32.5 სმ სიმაღლის) სახელურზე. წინა პირზე „ჯვარცმის“ კომპოზიციაა, ცენტრში – ჯვარცმული მაცხოვარი, ოთხსავე მკლავის ბოლოზე, აქეთ-იქით, ღვთისმშობელი და წმ. იოანე მახარებელი არიან წარმოდგენილი (მთელი ტანით), ზემოთ და ქვემოთ კი – ანგელოზისა და წმინდანის ნახევარფიგურები. ოთხი მახარებლის ნახევარფიგურაა სახელურის ბურთობზედაც. თავისუფალი მონაკვეთებია დატოვებული ჭედური რელიეფების ირგვლივ, ხოლო ზურგსა და ტარზე მთელი ზედაპირი ფოთლოვანი ორნამენტითაა მოფენილი. ჯვრის წინა პირზეა ისტორიული წარწერა: „... ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე, ძედ მეფეთა მეფისა გურგენისი...“ აქედან გარკვეულია მეფეთა ვინაობაც და ისიც დადგენილია, რომ ჯვარი გაკეთებულია 994-1001 წწ. შორის. ოსტატის სახელი ჯვრის ტარზეა გამოკვეთილი: „შეიქმნა ხელითაჲ გაბრიელ საფარელისაჲთა“. გამოსახულებების განმმარტავი მინაწერები ზოგან საკმაოდ გავრცობილია (მაგ., „ანგელოზი, უფალსა ზედა მოვიდა, ანდა „ჯვარცმის“ გარშემო – „ჯუარო, ვინაჲ არს შენდა ძლიერებაჲ ესე...“ და კიდევ მოჰყვება რამდენიმე სტრიქონი). ასეთი განმმარტავი ვრცელი წარწერები არცთუ იშვიათია იმ ეპოქის ქართ. ჭედურობის ძეგლებზე.

თ. საყვარელიძე

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ჩ უბინაშვილი გ., ქართული ოქრომჭედლობა, ტ. 2, თბ., 1959.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები