ბარონი მიშელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიშელ ბარონი

მიშელ ბარონი – (ფრანგ. Michel Baron, 1653-1729), ფრანგი მსახიობი.

ბაზრობის საბავშვო თეატრის დასმა, რომელშიც ცხრა წლის ბარონი მონაწილეობდა, პალე-როიალის თეატრში წარმოადგინა რამდენიმე სპექტაკლი. ბარონის ნიჭით აღფრთოვანებულმა მოლიერმა ბიჭი თავისთან წაიყვანა აღსაზრდელად და მალე სპექტაკლშიც დააკავა. სამსახიობო წარმატების მიუხედავად, ბარონს მოლიერის სახლიდან წასვლა მოუწია (მოლიერის ცოლთან უთანხმოების გამო) და რამდენიმე წელი პროვინციაში მოღვაწეობდა. 1670 წელს მოლიერის თხოვნით კვლავ დაბრუნდა თეატრში. ბარონს ტრაგიკოსის ნიჭი ჰქონდა და ამ ნიჭის განვითარებას მსახიობი ვერაფრით შეძლებდა მოლიერის თეატრში, სადაც, ძირითადად, კომედიები იდგმებოდა. მის ნიჭს სარბიელი მიეცა ოტელ დე ბურგონის დასში, სადაც ბარონი დრამატურგის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა. მსახიობმა თეატრში მოლიერისეული რეალისტური ტრადიციები შეიტანა, რაც უცხო იყო რასინისეული სამსახიობო სკოლისთვის.

თეატრების გაერთიანების შემდეგ ბარონი ფრანგული კომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა. ამავე თეატრში მოღვაწეობდა მარი შანმელეც. კომედი ფრანსეზში „ბრძოლა“ მიმდინარეობდა ორ სამსახიობო სკოლას შორის. მსახიობების ნაწილი ბარონის სამსახიობო მანერის მიმდევრები იყვნენ, ნაწილი კი – შანმელეს. ბარონმა ამ თეატრში მოღვაწეობის 11 წლის განმავლობაში, კორნელისა და რასინის პიესების გარდა, ითამაშა თანამედროვე დრამატურგების ტრაგედიებსა და თავის დაწერილ კომედიებში, სადაც ნაჩვენები იყო მაღალი წრის საზოგადოების ზნე-ჩვეულებები. 1691 წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, მან დატოვა სცენა. მიშელ ბარონი პერიოდულად გამოდიოდა სამეფო კარის ან კერძო თეატრის სცენებზე.

67 წლის ასაკში ბარონი უბრუნდება თეატრს და ახალგაზრდული ენერგიით აგრძელებს ბრძოლას. მსახიობმა დიდი სიმტკიცით დაიწყო ტრაგედიებში რეალისტურ-ფსიქოლოგიური თამაშის პრინციპების დამკვიდრება. ხშირად, თავის ასაკისთვის შეუფერებელ როლებში გამოდიოდა, რის გამოც უხერხულ სიტუაციაში ვარდებოდა. მაგალითად, სიდის როლის შესრულებისას, როცა ის ხიმენას ფეხებთან დაემხო, დახმარების გარეშე ადგომა ვეღარ შეძლო. თუმცა, როგორც აღნიშნავდნენ – „თავისი მხატვრული მეთოდით მოხუცი ბარონი იყო ყველაზე მხნე და „ახალგაზრდა“ ფრანგული კომედიის მსახიობებში“.

ბარონმა ტრაგედიაში ტრადიციული დეკლამაცია შეცვალა ჩვეულებრივი მეტყველებით. ის ანაწევრებდა და რითმავდა ალექსანდრიულ ლექსთწყობას, რაც აღიქმებოდა რიტმულ პროზად. იმისთვის, რომ უფრო რეალისტური ყოფილიყო შესრულება, იყენებდა კლასიციზმისთვის აკრძალულ ხერხებს: სცენაზე შემოსვლისას დაბალი ხმით ესაუბრებოდა თავის თავს ან პარტნიორს, რაც ამზადებდა მაყურებელს პირველი რეპლიკისთვის; მსახიობი ხშირად იყენებდა პაუზებს და რეპლიკებს დაბალ ხმაზე წარმოსთქვამდა, ხშირად ჩურჩულებდა კიდეც. ერთხელ, როცა აგამემნონის როლს ასრულებდა რასინის „იფიგენიაში“ და დაბალი ხმით დაიწყო საუბარი, პარტერიდან უყვირეს – ხმამაღლაო. „ამ ლექსს ხმამაღლა რომ წარმოვთქვამდე, მისი აზრი დაიკარგება“, – უპასუხა მან და გააგრძელა თამაში.

ბარონის თანამედროვენი ნიჭთან ერთად მის ნაკლსაც აღნიშნავდნენ – ხშირად ხელით ეხებოდა პარიკს; ცხვირსახოცით, რომელიც ტრაგიკული მსახიობის ატრიბუტი იყო სცენაზე, იწმენდდა ცხვირს; რეპლიკის დროს ზურგით დგებოდა პარტნიორთან. ეს „ნაკლი“ მისი გააზრებული ქმედება იყო, რათა თამაში ბუნებრივი გამოსვლოდა. რეალისტური დეტალების მიუხედავად, ბარონის გმირები მაინც გამოირჩეოდნენ კლასიციზმისთვის დამახასიათებელი „კეთილშობილებით“ და „სიდიადით“. მისი შესრულების მანერა ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო მეშჩანური დრამის შესასრულებლად საჭირო სამსახიობო ტექნიკისგან.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები