ბაზალტკომპოზიტური არმატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზალტკომპოზიტური არმატურა – სამშენებლო კომპოზიტური არმატურის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც დამზადებულია ბაზალტის ბოჭკოსა და პოლიეთერის (ან ეპოქსიდის) ფისის საფუძველზე. ბეტონთან კარგი შეჭიდულობის მიზნით ზედაპირზე უკეთდება სპირალური ხვეულები დაპროფილებული ფოლადის არმატურის მსგავსად ან ზედაპირი იფარება ქვიშის მარცვლებით.

ნაკეთობა არ ძველდება, არ იჟანგება, არ ირღვევა ბეტონთან კონტაქტისას, აქვს მაღალი მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ. ფასის მიხედვით ეკონომიკურია ფოლადის არმატურასთან შედარებით. აგრეთვე ფოლადის არმატურას აღემატება საექსპლუატაციო ხანგრძლივობით. იტანს 2,5-ჯერ მეტ დატვირთვას გაგლეჯაზე. ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლებით ანალოგიურია მინაკომპოზიტური არმატურის. უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია სიმყიფე (ახასიათებს მსხვრევადობა), დაბალი დრეკადობა, არ იღუნება, რის გამოც განივი არმატურის ცალუღები საჭიროა დამზადდეს საწარმოში წინასწარ განსაზღვრული ზომებით და სხვ.

ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები:

  • სიმკვრივე – 2000 კკ/მ3;
  • სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 1200 მპა;
  • დრეკადობის მოდული – 50000-55000 მპა;
  • თბოგამტარობის კოეფიციენტი – 0,46 ვტ/(მ·°C);
  • თბომედეგობა – <300°C;
  • ფარდობითი წაგრძელება – 2,5%;
  • გეომეტრიული ზომები: დიამეტრი – 4-28 მმ, სიგრძე – <12 მ.

გამოყენების სფერო:

ბაზალტკომპოზიტური არმატურა საშუალებას იძლევა შემცირდეს ობიექტის კაპიტალური დაბანდება, რადგან ბაზალტის არმატურის ფასი 20-30%-ით ნაკლებია ფოლადის არმატურის მიმართ, სიმსუბუქე ამცირებს ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯებს, შედუღების სამუშაოების არქონა ასევე ამცირებს ენერგოტევადობას და სხვ.

საინტერესოა ქართული წარმოების ბაზალტკომპოზიტური არმატურის ქიმიური შედგენილობის მაჩვენებლები, რომელიც მოგვაწოდა ფირმამ „ბაზალტ ფაიბერი“ (საქართველო, ქ. რუსთავი).

ქართული ბაზალტრკომპოზიტური არმატურის ქიმიური შედგენილობა

ბაზალტში შემავალი ჟანგეულები შემცველობა, %
1 SiO2 58,7
2 TiO2 1,16
3 Al2O3 17,2
4 Fe2O3 10,3
5 Cr2O3 1,16
6 MnO 0,16
7 MgO 3,82
8 CaO 8,04
9 Na2O 3,34
10 K2O 0,82
11 P2O5 0,28


არსებული სტანდარტებისა და ლიტერატურული მონაცემები გვაჩვენებს, რომ ბაზალტკომპოზიტური არმატურის გამოყენება ბეტონის კონსტრუქციებში შესაძლებელია, ჩატარებული თეორიული და პრაქტიკული კვლევები იმედისმომცემია და სულ მალე კომპოზიტური არმატურებიც გარკვეულ სეგმენტს დაიკავებენ დაარმირებული სამშენებლო კონსტრუქციების სივრცეში. მით უმეტეს, რომ აშშ-ში National Cooperative Highway Research Program-ის (NCHRP) დაფინანსებით, ფირმა Transportation research Board-ის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია რკინაბეტონის კოჭების დამზადება ბაზალტკომპოზიტური არმატურით იმ პირობით, რომ გაიზარდოს არმატურასა და ბეტონს შორის შეჭიდულობა, რაც გაზრდის კოჭის მზიდუნარიანობას.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები