ახმეტის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახმეტა. ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

ახმეტის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია – მდებარეობს ქ. ახმეტის სამხრეთით 2.5 კმ-ზე ტყეში (ახმეტის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია).

ძეგლი გვერდიგვერდ მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. შუა ეკლესია, რომელიც გვერდით ეკლესიებზე რამდენადმე მაღალია, X-XI სს. განეკუთვნება, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკლესიები მოგვიანებით, XIV-XV სს-შია მიშენებული. შუა ეკლესიას თავდაპირველად ჩრდილოეთიდან მინაშენი ჰქონია, რომელთანაც კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ორი ფართო თაღით იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, ჩრდილოეთ ეკლესიის აგების შემდეგ, ორივე თაღი ამოუშენებიათ.

შუა ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. გვერდითი ეკლესიების საშენ მასალად შირიმის თლილი ქვაა გამოყენებული. დაზიანებულია – ჩამოშლილია შუა ეკლესიის კრამიტის საბურავი და ლავგარდნის (გვიანდელია) უმეტესი ნაწილი. ჩრდილოეთ ეკლესია 1.7 X 2.2 მ. სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ ეკლესიას კამარის ჩრდილოეთ გვერდის დასავლეთ ნახევარი და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს.

შუა ეკლესია (7.5 X 4.8 მ.) გეგმით სწორკუთხაა. ერთადერთი, გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდან აღმმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან – თაღოვანი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვით ნაშენი ტრაპეზია მიდგმული. მეორე სარკმელი, რომელსაც თარაზული გადახურვა და ძირი აქვს, – სამხრეთ კედელშია – შესასვლელის ზემოთ. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვით ნაშენი კანკელით (გვიანდელია), რომლის შუაში ვიწრო აღსავლის კარია, კარის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ღიობი. აფსიდის მხრები კამარის ქუსლის დონეზე კედლებს ერწყმის, რის გამოც კონქი თაღის გარეშეა და უშუალოდ უერთდება ოდნავ შეისრულ კამარას (განახლებულია მოგვიანებით). ინტერიერი მოხატული ყოფილა. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები.

ახმეტა. ლომისის წმ. გიორგის ეკლესია. მოხატულობა. დეტალი

გვერდით ეკლესიებში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ორივე კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. ორივე ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდებში თითო სარკმელია. ერთი სარკმელი სამხრეთ ეკლესიას სამხრეთითაც აქვს. სამხრეთ ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული – ერთ საბჯენ თაღზე. კამარის სამხრეთის ქუსლი კედელზეა დაყრდნობილი, ხოლო ჩრდილოეთისა – შუა ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულ ორ თაღზე. თაღებს შორის მარტივი პროფილის კაპიტელით დაგვირგვინებული კვადრატული ბურჯია, რომელსაც კამარის საბჯენი თაღიც ეყრდნობა. თაღის მეორე (სამხრეთი) ქუსლი პილასტრზეა დაყრდნობილი. პილასტრი დასრულებულია კაპიტელით, რომლის პროფილს შეწყვილებული ლილვი შეადგენს.

აღმოსავლეთ ფასადზე გვერდითი ეკლესიების სარკმლები მოჩარჩოებულია თითო შეწყვილებული ლილვით. სამხრეთით ეკლესიის სარკმელი თაღოვანია. ჩრდილოეთით ეკლესიის სარკმელს ზედა ნახევარი აკლია, რის გამოც მისი გადახურვის ფორმა არ დგინდება. დასავლეთ ფასადზე ორივე ეკლესიის შესასვლელს მთელ სიმაღლეზე გასდევს სადა საპირე, რომლის პროფილს შეადგენს შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული ოდნავ ამოზნექილი სადა ზედაპირი. სამხრ. ეკლესიის კარის არქიტრავზე, ლილვით მოსაზღვრულ თაღოვან არეში, გამოსახულია ტოლმკლავა რელიეფური ჯვარი. მსგავსი, მაგრამ გაცილებით პატარა ჯვარია ჩრდ. ეკლესიის კარის არქიტრავზედაც. ჯვრის ზემოთ რელიეფური თავსართია, რომელსაც ბოლოებთან ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სამხრ. ეკლესიის ფასადები დასრულებულია საკმაოდ მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, ოდნავ შეზნექილი ზედაპირი და ლილვი შეადგენს. ორივე ეკლესია დგას ლილვით დასრულებულ ცოკოლზე.

თ. დვალი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები