ახალციხის ქვაბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალციხის ქვაბული – მთათაშორისი ქვაბული მდინარე მტკვრის ზემო წელის აუზში, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. ქვაბულის ფსკერი ტერასული ვაკეა, რომელიც ზღვის დონიდან 900-1000 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ყველაზე დაბალი ადგილია სოფელ აწყურთან (ახალციხის მუნიციპალიტეტი). პერიფერიულ ნაწილში რელიეფი ბორცვიან-სერებიანია.

ახალციხის ქვაბულის ჰავა საკმაოდ მშრალია (მხოლოდ ფერდობები ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით). ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 400-600 მმ, რითაც იგი განსხვავდება მცირე კავკასიონის ყველა სხვა უბნისაგან. ამდენად, ახალციხის ქვაბული მცირე კავკასიონის ყველაზე მშრალი ადგილია საქართველოში. ძირითადი მდინარეული არტერიაა მტკვარი და მისი შენაკადები: ფოცხოვისწყალი ქვაბლიანით, ურაველი, ძინძე, წინუბნისწყალი და სხვ. ტბებიდან აღსანიშნავია წუნდა და სათახვე (ყარაგელი). ოდესღაც მთელი ეს მიდამოები (ქვაბულის ფსკერის ჩათვლით) ტყეებითა და ბუჩქნარებით დაფარული ყოფილა. დღეს კი მათი ადგილი ტყეს/ტეპსა ან სტეპს უკავია. ტყეები შემორჩენილია მხოლოდ მთებში.

ახალციხის ქვაბული გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ აქ უხვადაა ნაპოვნი განამარხებული ფლორისა და ფაუნის ნაშთები. მაგალითად, გოდერძის ფლორა, განამარხებული ნაშთები ქისათიბის დიატომიტის საბადოსთან და სოფ. ბენარასთან (ადიგენის მუნიციპალიტეტი). აქ, ქვიშაქვებში აღმოჩენილი პალეოგენური (მესამეული) ფაუნა დღეს გადაშენებულია: მარტორქა, ღორების წინაპარი, ხმელეთის გიგანტური კუ და სხვ. ქვაბულის

მიდამოებში მრავლადაა მინერალური წყაროები. მათგან აღსანიშნავია წყაროები აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ურაველში და სხვაგან.

ახალციხის ქვაბული, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1000-2500 მ სიმაღლით დიაპაზონში, ვერტიკალური ზონალობის პრინციპის გათვალისწინებით გამოირჩევა ძლიერ დანაწევრებული რელიეფით, კლიმატური და ნიადაგური მრავალფეროვნებით. ყოველივე ეს ხელს უწყობს „მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას მევენახეობა-მებაღეობიდან – მესაქონლეობამდე, და განაპირობებს ამა თუ იმ მიკრო რაიონის სპეციალიზაციას კულტურათა შესაბამის სახეობაში. ახალციხის ქვაბულში, განსაკუთრებით მის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში ძლიერად იჩენს თავს ნიადაგების ეროზია, რაც ბევრად განაპირობა აქ ტყეების მოსპობამ და თიხა-ფიქალების გავრცელებამ, რომელიც ადვილად განიცდის ზედაპირულ გადარეცხვას“.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები