ახალგაზრდობის კომუნისტური ორგანიზაცია სპარტაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალგაზრდობის კომუნისტური ორგანიზაცია სპარტაკი - შეიქმნა ავლაბრის საზამთრო კლუბის შენობაში მოწვეულ კრებაზე, 1917 წლის 3 სექტემბერს. კრებას 200-მდე დელეგატი დაესწრო. „სპარტაკი“ ქართველი ბოლშევიკების ახალგაზრდულ ორგანიზაციას წარმოადგენდა და მიზნებიც რუსეთის კომუნისტური პარტიის პროგრამის ანალოგიური ჰქონდა: პროლეტარული სოციალიზმი; კავკასიის და საქართველოს ინტეგრაცია საბჭოთა რუსეთთან და დამოუკიდებელი საქართველოს უარყოფა.

1918 წლის 26 ოქტომბერს, ქუთაისში 47 მოწვეულ კონფერენციაზე, შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდათა კომუნისტური ორგანიზაცია „სპარტაკი“. 1919 წლის 31 მარტს ორგანიზაცია „სპარტაკი“ თბილისშიც შეიქმნა - სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მოწყობილ არალეგალურ კონფერენციაზე.

ორგანიზაციის ხელმძღვანელად ბ. ძნელაძე აირჩიეს. 1919 წლის აპრილში ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ორგანიზაციები გაერთიანებულად გამოცხადდა და ამიერკავკასიის ახალგაზრდათა ორგანიზაცია „სპარტაკი“ ეწოდა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ამიერკავკასიის გასაბჭოება და ამ მიზნით ახალგაზრდობის მიმხრობა და კოორდინაცია წარმოადგენდა.

1919 წლის 22 სექტემბერს შემდგარ სამხარეო კონფერენციაზე გაერთიანებულ კომუნისტურ ორგანიზაციებს უწოდეს რუსეთის ახალგაზრდების კომუნისტური კავშირის ამიერკავკასიის ორგანიზაცია. კონფერენციაზე მიღებული დეკლარაცია ახალგაზრდების კომუნისტურ ორგანიზაციებს მოუწოდებდა, ერთიანი ძალით შებრძოლებოდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მთავრობებს და მოეხდინათ რეგიონის გასაბჭოება. საქართველოს კომუნისტური ახალგაზრდების გაერთიანებული ორგანიზაციის შექმნის საბოლოო თარიღად მიიჩნევა 1920 წლის 25 აგვისტო. ორგანიზაციის მფარველად უცხო ქვეყნის - რუსეთის - კომუნისტური პარტია გამოცხადდა. ეს ფაქტი საფუძველს იძლეოდა, რომ ამ ორგანიზაციის ლეგალიზაცია დაუშვებლად ყოფილიყო მიჩნეული. აქედან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბერს ყრილობის მუშაობა შეწყდა. მისი ხელმძღვანელი ბ. ძნელაძე, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, გასაბჭოებულ აზერბაიჯანში გაასახლეს.

ორგანიზაციის ბეჭდვით გამოცემებს წარმოადგენდა: ჟურ. „მესამე ინტერნაციონალი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „მოლოდოი პროლეტარი“ და სხვ. საქართველოს კომუნისტური ახალგაზრდობის ორგანიზაცია აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების მიერ მოწყობილ 1918-1921 წლების შეიარაღებულ ანტისახელმწიფოებრივ აჯანყებებში და სხვადასხვა აქციებში. ისინი ამ საქმეში კომუნისტური პარტიის დამხმარე ფუნქციის როლს ასრულებდნენ.

შოთა ვადაჭკორია



ლიტერატურა

შ. ვადაჭკორია, ახალგაზრდების კომუნისტური ორგანიზაცია „სპარტაკი“ 1917-1921 წლებში, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის სასკითხები (XX საუკუნე), წიგნი II, თბ., 2006


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები