ავლაბარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავლაბრის ხიდი, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო

ავლაბარიქალაქი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს. ტოპონიმი ავლაბარი ქართველ ისტორიკოსთა (ს. ჯანაშია, შ. მესხია, ბ. ზაქარაია..) ვარაუდით არაბული წარმოშობის სახელია და სასახლის მიდამოს ნიშნავს, სახელწოდება ავლაბარი (ჰავლაბარი) ამ უბანს XIV საუკუნიდან შერქმევია, მანამდე კი მას ისანი, ხოლო უფრო ადრინდელ ხანებში – სოღდებილი რქმევია. უკანასკნელ წლებში გამოითქვა განსხვავებული თვალსაზრისიც. თბილისისა და მისი უბნების ისტორიის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევრის თ. ბერიძის ვარაუდით ავლაბარი ნიშნავს: „ციხის ზღუდის თხრილი, გალავნის იქით მდებარე ადგილი“, „გარეთ უბანი“.

ტოპონიმ ავლაბარს ორი ქართული სიტყვისაგან შედგენილ სახელად მიიჩნევდა თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1845), საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII შვილი. საგულისხმოა, რომ სწავლული ბატონიშვილი ტოპონიმ ავლაბარში ზმნურ ავლას, ასვლას და ბარ სიტყვას ხედავდა: „..ავლაბარი ქართული სახელი არის... ავლა ნიშნავს ძირის ადგილიდამ მაღლა ასვლას, ბარი ნიშნავს მდაბალს ვაკესა და ტფილს ადგილს..“ თეიმურაზის ამ ვარაუდს თითქმის უცვლელად იმეორებდა პოეტი ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი (1802-1869). თავის ცნობილ საისტორიო წერილში „ძველი მოზღუდვილობა ქ. ტფილისისა“ იგი წერდა: „ამ ალაყაფის კარებიდან... შეივლიდა გზა აღმართად და როდესაც ახვიდოდით ანუ ახვალთ, იქ გაივაკებთ მინდვრად... რომელსა ჰქვიან ავლაბარი (ეს ორი სიტყვაა ავლა–ბარი...').” როგორც ვხედავთ, თეიმურაზ ბატონიშვილი ყოფილა ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელიც სპეციალურად შეისწავლიდა ძველი თბილისის უბნებისა და ადგილების სახელწოდებებს. მართალია, თეიმურაზის ამ ნაკვლევს მეცნიერული ძიების პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ქართული ტოპონიმიკის ისტორიისათვის მას უთუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც საინტერესოა, რომ თეიმურაზ ბატონიშვილის ზემოთ აღნიშნული მოსაზრების „გაცოცხლებას“ და მის სარწმუნოდ მიჩნევას ზოგიერთი ჩვენი სპეციალისტი დღესაც მიმართავს. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ვერ ჰპოვა კ. ჰანისეულმა ვარაუდმა; იგი ტოპონიმ ავლაბარ თვლიდა ქართულ ავ-ი (плохой) და ლაბიარ-ი (пригород) სიტყვების ნაზავად. მისი აზრით ავლაბარი უნდა გაგვეაზრებინა როგორც „ავი (ცუდი) გარეუბანი“.

ქართული საისტორიო ძეგლების (საბუთები, სიგელ-გუჯრები, შეწირულებისა და ნასყიდობის ქაღალდები...) მონაცემთა მიხედვით XVI-XVII საუკუნეების ავლაბარში ინტენსიური დასახლებები მიმდინარეობს. აქ ბინას იდებენ თბილისის შემოგარენიდან აყრილი ოჯახები. XVII ს-ის დამლევის ერთ-ერთ საბუთში, კერძოდ, აღნიშნულია ის ფაქტი, რომ წოდორეთის მკვიდრი სულხანაშვილების ოჯახები მათი ბატონის „უშვილოდ გადასვლის“ შემდეგ როსტომ მეფეს აქედან აუყრია, ავლაბარში დაუსახლებია და ისინი სახასოდ დაუჭერია. 1696 წელს შედგენილი საბუთის მიხედვით კი ვინმე გივი თუმანიშვილს სახლ-კარი უბოძებია ავლაბარში ბერი ქიჭაშვილისათვის...

XIV საუკუნეში ალექსანდრე მეფეს განუახლებია ავლაბრის მონასტრის მცხეთის სვეტიცხოვლისათვის შეწირულების ქაღალდი და სხვ. მრ. როგორც ვხედავთ, ავლაბრის ინტენსიური დასახლება და მისი ქალაქის შემადგენელ უბნად ქცევა სწორედ ამ საუკუნეებზე მოდის.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები