ახაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახაზი, იუდეის მეფე

ახაზი - (ძვ.წ. 735-715) – იუდეის მეფე, იოთამის ძე. ახაზი იუდეის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მეფე იყო, რომლის ხელმწიფობისას ქვეყანამ ბევრი უბედურება გადაიტანა.

ახაზმა გადაუხვია თავისი წინაპრების გზას და იუდეაში კერპთაყვანისმცემლობა გაავრცელა. მან ფინიკიიდან შემოიტანა ბაალისა და მოლოხის კერპები, რომელსაც ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. თვითონ მეფემ საზარელი საქციელი ჩაიდინა და საკუთარი ვაჟი კერპს შესწირა, მეორე ვაჟიშვილის, ხიზკიას ხსნა დედამ მოახერხა. მალე ქვეყნის საქმეები უკან-უკან წავიდა. აჯანყდნენ ედომელები, რომელთაც ილაშქრეს იუდეაში და დიდი ნადავლით, მათ შორის ტყვეებით დაბრუნდნენ უკან, შემდეგ ფილისტიმელებმა შეუტიეს იუდეის დასავლეთ ნაწილს და ამ ტერიტორიის ოკუპირება მოახერხეს. საბოლოოდ ისრაელ-არამის გაერთიანებულმა ლაშქარმა ფეკახისა და რეცინის მეთაურობით ილაშქრა იუდეაში. მეფე ახაზი სასტიკად დამარცხდა. მისი ტერიტორიების ნაწილი ისრაელმა მიისაკუთრა, ხოლო დარჩენილი მიწები არამელმა და ისრაელიანმა ჯარისკაცებმა სასტიკად გააპარტახეს და დააქციეს. არამის მეფე რეცინმა იერუსალიმის უშედეგო ალყის შემდეგ იუდეის საზღვაო ქალაქი ეილათი დაიკავა და იქაური იუდეველები ტყვედ წაიყვანა მათ მაგივრად კი არამელი კოლონისტები ჩაასახლა იერუსალიმში გამაგრებულმა მეფე ახაზმა ასურეთის მეფეს, ტიგლათფალასარ III-ს (ძვ.წ. 745–727) დიდი ძღვენი გაუგზავნა და არამელებისა და ისრაელიანების წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ტიგლათ-ფალასარ III-ს სწორედ ეს სურდა, ტერიტორიების გაფართოება ზღვისპირა მიწებზე. ასურეთს საზღვაო გასასვლელი ესაჭიროებოდა.

ასურეთის არმია შეიჭრა არამელთა სამეფოში და დამასკოს შეუტია, ამან აიძულა არამის მეფე რეცინი თავი გაენებებინა იერუსალიმის ალყისთვის და საკუთარი სახელმწიფოსთვის მიეხედა. ასურელებმა დაამარცხეს რეცინი და მოკლეს, დამასკო მიმდებარე ტერიტორიები ტიგლათფალასარმა ჩაიგდო ხელთ. ასურელებმა დაიპყრეს ისრაელის სამეფოს ნაწილიც. იუდეის მეფე ახაზი ასურეთის დიდებულ მბრძანებელს დამასკოში ესტუმრა, სადაც ის დიდი პატივით მიიღეს. წამოსვლისას ახაზმა დამასკოდან ახალი კერპები წამოიღო და ხალხს მათი თაყვანისცემა უბრძანა. ტიგლათ-ფალასარ III-ის ექსპანსიის ჩასახშობად ახაზი იძულებული იყო ყოველწლიურად დიდძალი ძღვენი ეახლებინა მისთვის, რაშიც არ დაზოგა იერუსალიმის ტაძრის საგანძური.

ახაზი თავისი უიღბლო მეფობის მეთექვსმეტე წელს გარდაიცვალა. იუდეველებმა ის წინაპართა აკლდამაში არ დაკრძალეს. არსებობს მითი იმის შესახებ, თითქოს იმ დღეს, როდესაც ახაზი მოკვდა მზე მხოლოდ ორი საათი ანათებდა. იუდეის ტახტი ახაზის ვაჟმა, ხიზკიამ (ეზეკია) დაიკავა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები