აფხაზეთის ფრონტი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის ფრონტი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს - რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს აფხაზეთის მიმართულებაზე სოჭის მხრიდან შემოიჭრა რუსეთის მეცხრე არმიის 31-ე მსროლელი დივიზია. მოწინააღმდეგის მიზანს წარმოადგენდა პირველ რიგში გაგრის დაკავება, შემდეგ მდინარე ბზიფზე გამაგრება და სოხუმის აღება. შემდეგში გადაადგილება ზუგდიდის, ახალი სენაკისა და ფოთის მიმართულებით, სადაც უნდა გასულიყო ქართული არმიის ზურგში და შეერთებოდა მეთერთმეტე არმიასა და მამისონის უღელტეხილიდან მოქმედ 98-ე ბრიგადას. მათ ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე ალყაში უნდა მოექციათ ქართული არმიის ნაწილები და გაენადგურებინათ. აფხაზეთის ფრონტზე რუსული ნაწილების წარმატება ასევე დამოკიდებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს საბრძოლო მოქმედებათა სცენაზე მიმდინარე მოქმედებებზე.

აფხაზეთის სანაპიროსა და კავკასიონის ქედის სიახლოვე რუსებს არ აძლევდა საშუალებას, მთლიანი დივიზია ერთდროულად გაეშალათ ფრონტზე. აფხაზეთის ფრონტზე ქართული მხრიდან ომის დაწყების წინ განთავსებული იყო რეგულარული ჯარის მეორე ათასეული, სოხუმის გვარდიის ბატალიონი და სოხუმის სანაპირო რაზმი, ფრონტზე გაიგზავნა არმიის მესამე ათასეული და მცირერიცხოვანი ნაწილები. ფრონტს სარდლობდა გენერალი დავით ართმელაძე. რუსულ ძალებს მხარდაჭერას უწევდა მე-9 არმიის საავიაციო შენაერთი, ხოლო ქართულ არმიას ზღვიდან საარტილერიო მხარდაჭერას უწევდა ფრანგული ფლოტი ჯავშნოსანი კრეისერის „ვალდეკრუსოს» ფლაგმანობით.

აფხაზეთის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები 19 თებერვალს დაიწყო, რუსულმა არმიამ ამ დღეს დაიკავა სოფელი პილენკოვო. 22 თებერვლამდე მიმდინარეობდა ბრძოლები მდინარე მეხადირზე, მაგრამ მოწინააღმდეგემ მოახერხა ქართული პოზიციების გარღვევა და 22 თებერვალს დაიკავა ქალაქი გაგრა. ამის შემდეგ მოწინააღმდეგემ გადალახა მდინარე ბზიფი და 27 თებერვალს გუდაუთაც დაიკავა, უკანდახეულმა ქართულმა ნაწილებმა ახალ ათონთან შექმნეს თავდაცვის ახალი ზღუდე.

2 მარტს ქართველებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული არმიის მიერ ახალი ათონის თავდაცვით ზღუდეზე მიტანილი იერიში, 3 მარტს, დიდი ბრძოლების შემდეგ, რიცხობრივი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგემ გაარღვია ახალი ათონის პოზიციები და 4 მარტს სოხუმი დაიკავა. 7 მარტს მოწინააღმდეგემ დაიკავა ოჩამჩირე, 8 მარტს კი მდინარე ენგურს მიადგა, მომდევნო დღეს კი რუსულმა არმიამ გადმოლახა მდინარე ენგური და დაიკავა ზუგდიდი. გენერალ ართმელაძის შენაერთებმა ახალ სენაკისაკენ დაიხიეს. გაჩნდა საფრთხე, მოწინააღმდეგეს სამტრედიაც დაეკავებინა და ქართული ნაწილები, სანამ ისინი ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთიდან ევაკუაციას მოახდენდნენ, საჯავახოს მიმართულებით ალყაში მოქცეულიყვნენ. 10 მარტს ქართველებმა მდინარე ცივთან მოწინააღმდეგის შეტევის შეჩერება შეძლეს, რამაც მათ საშუალება მისცა, 11-12 მარტს მოეხდინათ ევაკუაცია და მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ.

დიმიტრი სილაქაძე


ლიტერატურა

მ. ბახტაძე, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან, თბ., 2013; ნ. დარსანია, მე-9 წითელი არმია და 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენები აფხაზეთში, საისტორიო ძიებანი, წელიწდეული I, თბ., 1998.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები