აბელიის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბელიის წარწერა

აბელიის წარწერა – (XIII ს. შუა ხანები), ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი სოფ. აბელიის (თეთრი წყაროს რაიონი) ეკლესიის სამხრეთ კედლის სამ დიდ ქვაზე 23 სტრიქონად:

„† ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფენი ჩუენნი დავით და დავით, დედოფალი თამარ-ხათუნ და ძე მათი, გიორგი, რომელთა წყალობითა ღირს ვიქმენ აღშენებად ეკლესიისა ამის, სამლოცველოდ მეფობისა მათისა, მე, გლახაკი არსენ მშჳდაჲსძე, მანგლელი მთავარეპისკოპოსი. და საჴსენებლად ცოდვილისა სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ანელაჲსა და მშობელთა და ძმათა და ყოველთა მიცვალებულთა ჩუენთათჳს; გარწმუნოს ღმერთმან.

ვინცა ჰნახოთ ჭირით და რუდუნებით ნამუშაკევი ჩუენი, შენდობაჲ ბრძანეთ, რაითა ღმერთმან თქუენცა მოგანიჭოს სასყიდელი შრომათაჲ აქა და საუკუნესა, ამინ.

მას ჟამსა ჴელ-ვყავ შენებად, ოდეს თათართა დაეჰყრა ესე სამეფო და ყოველი ქუეყანაჲ. ძალით და შრომით შეემართებოდა ჩემებრ გლახაკისა და არაჲს მქონებელისაგან, გარნა პატრონოა წყალობითა ჴელვყავ.

და ვისიცა რა სხჳსა სალოცავი წაგებულა ამისსა შენებასა, მასცა ღმერთმან სასუფეველი მიანიჭოს და მაშენებელთაც და რაჲცა ვინ მოჲჭირვა, ყოველთა შეუნდეენ ღმერთმან, ამინ“.

ტექსტის დასაწყისში მოხსენიებული არიან საქართველოს მეფეები დავით VI ნარინი (1245/47-93) და დავით VII ულუ (1247–70), რომლებიც 1247-59 წლებში თანამეფობდნენ. წარწერაც ამ დროს უნდა იყოს შესრულებული, რადგან ტექსტში მათი თანამეფობაა ასახული. გარდა მეფეებისა, იხსენიებიან აგრეთვე სამეფო ოჯახის წევრები – დედოფალი თამარ-ხათუნი, რომელიც დავით ულუს პირველი მეუღლე (მონღოლთა ნოინის ასული ჯიგთა – ხათუნი) იყო, და მათი ძე, 1268 გარდაცვლილი ბატონიშვილი გიორგი.

მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშჳდაჲსძე წარწერის ტექსტში აღნიშნავს, რომ აბელიის ეკლესია აუშენებია თავისი და თავისი ახლობლების სულის მოსახსენიებლად.

ტექსტში დასახელებული „თათრები“ მონღოლები არიან. წარწერიდან კარგად ჩანს მონღოლთა ბატონობის დროინდელი ეკონომიური სიდუხჭირეც.

წარწერის ავტორი და ეკლესიის ამშენებელი არსენ მანგლელი თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი და გავლენიანი პირი ყოფილა. ამას მოწმობს 1247–50 მისი ვრცელი ხელრთულობა საბუთზე: (ანდერძზე), რომელიც გრიგოლ სურამელმა (იმ დროის საქართველოს. მმართველი) გასცა შიომღვიმის მონასტრის სახელზე. აქ არსენი ერთ-ერთია იმდროინდელ უმაღლეს საერო და სასულიერო პირებს შორის, ვინც ამ საბუთს ამტკიცებს. არსენის ეს ხელრთულობა საინტერესო და მნიშვნელოვანია იმით, რომ კრულობით ნაწილში იგი იმოწმებს ხუთ პატრიარქს, რომელთა შორის იგულისხმება ქართლის კათალიკოს-პატრიარქი კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის პატრიარქებთან ერთად.

ვ. სილოგავა



ლიტერატურა

  • გომელაური ი., ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფელ აბელიაში. – „მაცნე“, 1968, №I;
  • ოთხმეზური გ., XII-XIII სს. მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო. თბ., 1981;
  • ასათიანი ნ. ჭიჭინაძე ი., ალგეთი. თბ., 1985;
  • სილოგავა ე. ქვემო ქართლის წარწერები (მოკლე მიმოხილვა). – კრ.: „დმანისი“, II, თბ., 2000;
  • Такаишвили E. С. Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып.2 Тфл. 1906

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები