დავით VII ულუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ულუ ნადირობისას, მინიატურა

დავით VII ულუ − ერთიანი საქართველოს მეფე 1246-1270 წლებში. ლაშა-გიორგის უკანონო შვილი. უმეფობის ხანაში, რუსუდანის მიერ რუმის სულთნის კარზე გაგზავნილი დავით გიორგის ძე დიდგვაროვანმა ფეოდალებმა საქართველოში ჩამოიყვანეს და მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნეს ბათო ყაენთან. 1246 წელს ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა რუსუდანის ძე. ქართული სამართლის მიხედვით უკანონო შვილს არავითარი უფლება არ ჰქონდა მამის მემკვიდრეობაზე. ამიტომ მისი გამეფების მომხრე დიდგვაროვნები საკითხის გადაწყვეტას მონღოლური წესის თანახმად მოითხოვდნენ. მონღოლებმა ორივე დავითი მეფედ დაამტკიცეს და დავით გიორგის ძეს, როგორც ასაკით უფროსს და მამაკაცის შთამომავალს ულუ (უფროსი) უწოდეს.

1260 წელს დავით ულუ განუდგა მონღოლებს და მორჩილებაზე უარი განაცხადა. დიდგვარიან აზნაურთაგან მეფეს მხოლოდ სამცხის მთავარმა, სარგის ჯაყელმა დაუჭირა მხარი. დავით ულუმ დედოფალი გვანცა და ვაჟიშვილი დიმიტრი ბიჯნისის ციხეში შეაფარა, თვითონ კი, თავისი ლაშქრით ჯავახეთისკენ გაემართა. არღუნ ნოინმა დედოფალი დაატყვევა და ყაენთან გაგზავნა.

შინდარასთან და ახალდაბასთან მომხდარი შეტაკების შედეგად მონღოლებმა შეძლეს ქართველების დამარცხება, მაგრამ თვითონაც დიდი ზარალი ნახეს. დავით ულუმ და სარგის ჯაყელმა სამცხეს შეაფარეს თავი.

1261 წელს არღუნ ნოინი სამცხეს შეესია, მაგრამ მტერმა მთავარი ციხესიმაგრის ციხისჯვარის აღება ვერ შეძლო და მონღოლთა ჯარი ისევ უკან გააბრუნა. მან ვერც ამჯერად მიაღწია თავის მიზანს და ჯავრი ტყვეებზე იყარა. გვანცა დედოფალი და ზაქარია ამირსპასალარი (სარგის ჯაყელის სიძე) სიკვდილით დასაჯა.

დავით ულუ იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში დავით ნარინთან გადასულიყო. მისი იქ ყოფნის დროს მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მმართველად სომეხი დიდვაჭარი შადინი დანიშნეს. ამ ფაქტით შეშფოთებულმა მეფემ მონღოლებთან შერიგება სცადა.

1262 წელს დავით ულუ, ყაენთან წინასწარი მოლაპარაკების შედეგად, გადავიდა აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო შემდეგ კი სარგის ჯაყელთან ერთად ურდოში გაემგზავრა.

სარგის ჯაყელმა მთელი ბრალდება თავის თავზე აიღო. ქართველები დასჯას გადაარჩინა მიღებულმა ცნობამ ოქროს ურდოს ჯარის შემოსევის შესახებ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჰულაგუ ყაენმა საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება ამჯობინა. მან დავით ულუს, ერთგულების დასამტკიცებლადა, ქართველთა ლაშქრის გამოყვანა უბრძანა მტრის წინააღმდეგ.

მონღოლთა მეცადინეობით, დავით ულუსა და სარგის ჯაყელს შორის მომხდარი განხეთქილების შედეგად, ყაენმა 1266 წელს სამცხე საქართველოს მეფის ქვეშევრდომობას ჩამოაშორა და უშუალოდ თვითონ დაიქვემდებარა („ხას-ინჯუდ“ შეიწყალა).

დავით ულუ 1270 წელს გარდაიცვალა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები