აბელია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აბელიის ეკლესია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბელია

აბელია - ეკლესია. (1250-1259) მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, ახლანდელ თეთრი წყაროს რაიონში, რაიონის ცენტრიდან 4-5 კილომეტრის დაშორებით.

სარჩევი

აღწერილობა

მცირე ერთნავიანი ეკლესია მინაშენთა გარეშე. როგორც სხვა აქაური ეკლესიები, ესეც მუქი, რუხი ფოროვანი ქვით არის ნაშენი. ფასადებიც და ინტერიერიც (კამარის გამოკლებით, რომელიც ნატეხი ქვით არის ნაშენი) თლილი ქვითაა მოპირკეთებული. ასევე, ამ კუთხისთვის დამახასიათებელია დიდი კვადრების გამოყენება, განსაკუთრებით წყობის ქვემო რიგებში (სამხრეთი შესასვლელის თავზე მდებარე ქვის სიგრძე 1.70 მეტრამდეა). წყობა, ძირითადად, წესიერია, თუმცა, აქა-იქ ნაკერების ჰორიზონტალობა ირღვევა, ზოგჯერ კი განსხვავებული ზომის, ან შეტეხილი მოხაზულობის კვადრები სააფეხურებსაც ქმნის. ეს ტრადიციული წაგრძელებული დარბაზია, შუა საბჯენი თაღით ორად გაყოფილი და აღმოსავლეთი ნახევარწრიული აფსიდით აღჭურვილი. შესასვლელი ერთია, სამხრეთით, სარკმელი - სამი, თითო ყოველ კედელში, გარდა ჩრდილოეთი ყრუ კედლისა.

ინტერიერის ამაღლებული პროპორცია (რაც გარედანაც იჩენს თავს) მსგავსია XII-XIII საუკუნეთა მიჯნის ერთნავიანი ეკლესიებისა. სპეციფიკურია აფსიდის შევიწროება ზემოთკენ (კონქისკენ), რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ხსენებული თაღოვანი ნიშების შემომფარგვლელი ხაზები ისევეა დახრილი, როგორც აფსიდის შემომფარგვლელი კედლები. ამის ანალოგია საქართველოში არსებობს, მაგრამ ძალიან იშვიათია (მაგალითად, ქვათახევში დასავლეთი მკლავის განაკვეთი).

გარედან თვალში საცემია მორთულობის უკიდურესი სიძუნწე. ჩრდილოეთი ფასადი სრულიად ყრუა, აღმოსავლეთ ფასადზე ერთადერთი სარკმელია, დასავლეთისაზე, სადაც სარკმელი უჩვეულოდ დაბლაა, სარკმელი და მისი საპირიდან აღმოცენებული ჯვარია (ორი წყვილი განივი მკლავით - ესეც უჩვეულოა); სამხრეთი შესასვლელი სწორკუთხაა, უტიმპანო, საპირის გარეშე, მაგრამ მის ზემოთ გამოყვანილია სრულიად მარტივი, გლუვზედაპირიანი რელიეფური ჯვარი, რომელსაც ზემოდან ფარგლავს ასეთივე თაღოვანი, კიდეებაკეცილი სათაური. მთავარ მახვილს ამ ფასადზე შეადგენს დიდი ოცდასამსტრიქონიანი წარწერა, განაწილებული სამ ქვაზე - ერთი ზემოთაა, მას სამი მხრივ გრეხილი ჩარჩო უვლის, ორი - ქვემოთ.

აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკმლების საპირეები მხოლოდ სქემამდეა დაყვანილი: ერთი თაღოვანი გლუვი ლილვი შიგნითა მხარეს, ასეთივე წყვილი ლილვი გარედან, მათ შორის კი უჩუქურთმო ამობურცული არშიაა. რაიმე დანაყოფები, მაგალითად, ქვემო კუთხეების კვადრატები და თაღის „იმპოსტები“ არ არის.

დასავლეთი სარკმელი კიდევ უფრო პრიმიტიულია: ერთი თაღოვანი, ძალიან ტლანქად შესრულებული, გრეხილი, ვიწრო ხვრელის გარშემო ან ზედვე შესმული ხსენებული ჯვარი, გლუვზედაპირიანი მკლავებით. ყველა პროფილი (სარკმლების საპირეებისა) კედლის სიღრმეშია ჩაძირული. მორთულობის ელემენტებად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე სამხრეთ კრონშტეინებზე ლილვებით გამოყვანილი „რვიანი“ და წრე შიგ ჩასმული ბურთულით.

ბიბლიოგრაფია

  1. აბელიას ეკლესია ///ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.1.-თბ.,1975.-გვ.25. მოკლე ცნობა დარბაზული ტიპის ეკლესიის შესახებ.
  2. აბელიას დარბაზული ეკლესია XIII ს. //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.27-28. ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
  3. გომელაური ი. ხუროთმოძღვრული ძეგლები სოფ. აბელიაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე.-1968.-N1.-გვ.255-274. სოფ.აბელიაში მონღოლთა ბატონობის ხანაში აგებული ეკლესიის მოკლე აღწერილობა. განხილულია ფასადზე შემორჩენილი ვრცელი საამშენებლო წარწერა. მოხსენიებულია ეკლესის ამგები, მანგლელი ეპისკოპოსი არსენი.
  4. ჯავახიშვილი ი. თხზულებანი თორმეტ ტომად.ტ.VIII.-თბ.,1977.-გვ.262. მოკლე ცნობა აბელიის ეკლესიის წარწერის შესახებ.
  5. ჯავახიშვილი ი. თხზულებანი თორმეტ ტომად.ტ.III.-თბ.,1982.-გვ.68. აბელიის საყდრის წარწერის თაობაზე.
  6. ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვეთი პირველი ა-დ. საკითხავი ყმაწვილთათვის 13.-თბ.,2006.-გვ.6. სოფ. აბელიას [აბელიანი] თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
  7. ხარაძე კ. „აბელია“ თუ „აბელიანი“? //ჟ.“საქართველოს ბუნება“.-1992.-N3.-გვ.24-28.
  8. Гомелаури И. Архитектурный памятник в сел. Абелиа//Вестник.-1968.-№1.-с.273-274. Резюме статьи И. Гомелаури „Архитектурный памятник в. сел. Абелиа“, опубликованной на грузинском языке.
  9. Такаишвили Е. Археологические экскурсии, розыскания и заметки. Вып.II.-Тифл.:1905.-91 с.-с илл. Описывается церковь на месте сел. Абелиа у подножья Самебской горы, представляющая собой четырехугольник с альтарным закруглением с восточной стороны, надписью хуцури и веревчатой надписью на стенах.Судья по надписи церковь была построена в XII в. после нашествия монголов.

ლიტერატურა

  • ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი ; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი : გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები