აბასთუმანი (დაბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი

აბასთუმანი – დაბა სამხრეთ საქართველოში, მდებარეობს ისტორიულ სამცხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტში), მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოძრხის ხეობაში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.

სახელწოდება აბასთუმანი დაბას მოგვიანებით, XIX საუკუნეში, შერქმევია. მისი უძველესი სახელწოდება ოძრხე (ოძრახე) ანუ იგივე ოცხე ყოფილა. დროთა განმავლობაში სახელი დავიწყებას მისცემია, დაქვეითებულა თვითონ სოფელიც, მაგრამ როცა აქ სამკურნალო თვისების წყლები აღმოაჩინეს, მან კვლავ იწყო აღორძინება და დავიწყებული ოძრხე-ოცხეს ნაცვლად იქვე, მეზობლად მდებარე პატარა სოფლის – აბასთუმნის – სახელი შეურქმევიათ.

სახელწოდება აბასთუმანი დიდი ხანია მკვლევართა ყურადღებას იპყრობს. ჩვენი საუკუნის დასაწყისში საყოველთაოდ იყო გავრცელებული ხალხური გადმოცემა იმის თაობაზე, რომ თითქოს აბასთუმანი, „ხაბაზთ უბნისაგან“ ყოფილიყოს წარმომდგარი: აქ უწინ განთქმულ ხაბაზებს (მეპურეებს) უცხოვრიათ და სოფლის სახელწოდებაც მათ საქმიანობას ასახავსო. ეს ხალხური თქმულება ზოგიერთ სპეციალისტს სარწმუნოდ მიაჩნდა. ასე ფიქრობდა, მაგალითად, ცნობილი მეცნიერი აკადემიკოსი მარი ბროსე (1802-1880) და იმხანად თბილისში მოღვაწე რუსი გეოგრაფი, ისტორიკოსი და ეთნოგრაფი კონსტ. ჰანი. აღნიშნულ ვარაუდს მხარს უჭერდა ცნობილი რუსი ტოპონიმიკოსი ვ.ა.ნიკონოვიც.

არანაკლებ პოპულარულია ხალხში სხვაგვარი თქმულება, რომლის მიხედვითაც სახელწოდება აბასთუმანი თითქოს ფულის ერთეულის აღმნიშვნელ სიტყვებს აბაზს და თუმანს შეიცავდეს: „მტრისაგან აკლებულ მხარეში აბაზად ღირებული საქონელი თუმნად ფასობდაო“. ამგვარი გადმოცემა, ბუნებრივია, მოკლებულია დამაჯერებლობას, თუმცა ეს ვერსია აქა-იქ მაინც გვახსენებს თავს, განსაკუთრებით – პოეზიაში. ლექსში „აბასთუმანი“ ვკითხულობთ:

„აბასთუმანში თეთრი ქვებია,
მიწა ქალამნად და ცა კი – ქუდად...
ალბათ აქ ტუჩებს კოცნა ჰკლებია,
ალბათ სიკვდილიც ღირს აბაზ-თუმნად“.“

ტოპონიმ აბასთუმნის წარმოშობის თაობაზე სპეციალისტთა შორის ამჟამად ძირითადად ორი თვალსაზრისია გავრცელებული. ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით აბასთუმანი დაკავშირებული უნდა იყოს აბაზაძეების გვართან: „აბაზაძეთა უბანი“.“ სხვაგვარი თვალსაზრისით ტოპონიმისათვის ამოსავალია ასევ- გვაროვნული აბასთა (აბასაანთ) უბანი. ანალოგიური თვალსაზრისს ავითარებს ზ. ჭუმბურიძეც.

იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ აბასთუმანი აბაზტურმა-დ არის მოხსენიებული, თანაც მითითებულია, ძველად მას ოცხე ერქვაო: „საფაშო-საბეგოები აწყური, ოცხე ანუ აბაზტურმა“ საფიქრებელია, რომ იოანე ბატონიშვილს აბაზტურმა რუსულ ენაზე შედგენილ რომელიმე ოფიციალურ წყაროდან ჰქონდეს აღებული. რუსული ფორმით ყოფილა გავრცელებული ტოპონიმი აბასთუმანი ეგნატე ნინოშვილის დროინდელი გურული მოსახლეობის მეტყველებაშიც: „ზოგიერთები მირჩევენ, მომავალ ზაფხულში აბასტუმანს წადიო“; „ხან სოფელს ვირჩევ საცხოვრებლად, ხან აბასტუმანს“.

ჩვენი ვარაუდითაც აბასთუმანი ადამიანის საკუთარი სახელის მიხედვით უნდა იყოს წარმოქმნილი: აბას-თ უბან-ი, ოღონდ უბან- სიტყვას ადგილობრივი ტოპონიმიისათვის დამახასიათებელი ცვლილება განუცდია და იგი -უმან სიტყვად ქცეულა. უმან-ი მესხეთ-ჯავახეთის ტოპონიმიაში დღესაც საკმაოდ ხშირად დასტურდება. შდრ. სოფ. ალათუმანი (ახალქალაქის რ.) ს. წარბასთუმანი (ადიგენის რ.) და სხვ. ამოსავალი ყველგან უბან-ი ჩანს, რადგან „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ სოფელთა სახელებად აბასთუბანი და აბათუბანი არის მოხსენიებული.” დღევანდელი აბასთუმან-ი სწორედ ამ ფორმათაგან მომდინარე ტოპონიმად უნდა მივიჩნიოთ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები