დავით II (კახეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით II (იმამ-ყული ხანი) - კახეთის მეფე 1709-1722 წლებში. ერეკლე I-სა და დედოფალ ანა ჩოლოყაშვილის ძე.

1703 წლიდან, როცა მისი მამა კახეთის მეფედ დანიშნეს, მაგრამ ირანშივე დატოვეს ყულარაღასად, სამეფოს განმგებელია (ჯანიშინი).

1706 წელს ილაშქრა ჭარ-ბელაქანში, მაგრამ მარცხი იწვნია.

ლეკების შემოსევის გაძლიერების გამო იძულებული გახდა რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავში გადმოეტანა (ზაფხულობით მაღაროში იმყოფებოდა).

1709 წელს ერეკლე I გარდაიცვალა და დავითი ირანში დაიბარეს მეფობის მისაღებად. იმამ-ყული ხანი 1715 წლამდე დარჩა ირანში. მისი არყოფნის დროს კახეთს განაგებდა ერეკლე I-ის უმცროსი ვაჟი თეიმურაზ ბატონიშვილი. ირანიდან დაბრუნებულმა დავითმა, ქართლის მმართველ იესესთან ერთად, კიდევ ერთხელ ილაშქრა ლეკთა წინააღმდეგ და კვლავ დამარცხდა. იმამ-ყული ხანის მეფობის პერიოდში დაიწყო ლეკთა მასიური ჩამოსახლება კახეთში, რასაც ზედ დაერთო ადგილობრივი გლეხების გადასვლა მათ მხარეზე, ანუ „გალეკება“ (ამ გზით ცდილობდნენ გლეხები ბატონყმური უღლისაგან თავის დაღწევას).

1719 წლის დეკემბერში დავით II შეხვდა ვახტანგ VI-ს საფურცლეში. მეფეებმა მოილაპარაკეს, რომ ერთობლივად ელაშქრათ დაღესტნელთა წინააღმდეგ.

1720 წლის გაზაფხულზე ვახტანგ VI-მ კახეთში გაგზავნა ქართლის მოწინავე სადროშოს (საბარათიანოს) ლაშქარი. მიუხედავად მიღებული დახმარებისა კახეთის მეფემ მაინც ვერ გაბედა ლაშქრობის დაწყება და ქართლის ჯარი სამთვიანი ლოდინის მერე უკან გამობრუნდა.

1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები