ერეკლე I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერეკლე I

ერეკლე I – ქართლის მეფე 1688-1703 წლებში, კახეთის მეფის თეიმურაზ I -ის (1606-1660) ძის დავითის შვილი.

ერეკლე I რუსეთის სამეფო კარზე აღიზარდა, სადაც თითქმის 20 წელი მძევლად იმყოფებოდა, იქ ცნობილია ნიკოლოზის სახელით.

ერეკლე კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. იგი 1662 წელს საქართველოში ჩამოვიდა და შეეცადა კახეთში გამეფებულიყო, მაგრამ ამაოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (1658-1675) კახეთის ტახტზე 1664 წელს თავისი შვილი არჩილი აიყვანა. ერეკლე კი ისევ რუსეთში დაბრუნდა. მამა-შვილის ვახტანგ V-ისა და არჩილის წარმატებული მეფობა შაჰს არ მოსწონდა, ამიტომ მათ დაუპირისპირა რუსეთში მყოფი ერეკლე ბატონიშვილი, რომელსაც სათანადო სიგელითა და წერილებით აღუთქვა საქართველოში გამეფება, თუ იგი მოსკოვიდან წამოვიდოდა და მასთან გამოცხადდებოდა. 1675 წელს ერეკლე შაჰს ეახლა ირანში. მას გამეფების პირობად გამაჰმადიანება მოსთხოვეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

1688 წელს შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI (1676-1688; 1703-1709) გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი ნაზარ ალი-ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც - ქიზიყი და თუშეთი უწყალობა.ნაზარ ალი-ხანი ირანის მორჩილი იყო. მის დასაყრდენს ძირითადად წარმოადგენდა ქართლის ციხეებში მდგარი ყიზილბაშ მეციხოვნეთა ჯარი. ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით მან რიგი ღონისძიებანი განახორციელა. კერძოდ გადააყენა უმაღლესი საეკლესიო პირები (კათოლიკოსი, ეპისკოპოსები) და მათ ადგილზე თავისი მომხრეები დააყენა, ასევე დაამცრო ძირძველი დიდებული თავადები (მეწინავე დროშის სარდალი, ამილახორი, მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი) და განადიდა თავისი ერთგულები. მან ქართლში მტკიცე მმართველობის შემოღება და სამართლის წარმოების გაუმჯობესება სცადა.

აღსანიშნავია ნაზარ ალი-ხანის საქალაქო პოლიტიკა. მან გააუქმა თბილისში ბეითალმანეობის წესი და მოქალაქეებს საკუთრების ქალაქური უფლება აღუდგინა, განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წოდება.

ნაზარ ალი-ხანი რუსეთში იყო აღზრდილი და ნაკლებად იცნობდა ქართულ ადათ-წესებს. იგი თავიდანვე ვერ შეეგუა ქართულ თავადებს, საზოგადოებას, განსაკუთრებით რუსეთში შეთვისებული მისი ბილწსიტყვაობა არ მოსწონდა, ვერ ეგუებოდა მის უხეშ, უტაქტო მოქმედებას. მის მიერ ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შეიზღუდა დიდ თავადთა უფლებები, ქვეყანაში გაძლიერდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა პარპაში. ყოველივე ამის გამო ქართველი თავადების დიდმა ნაწილმა ისევ გიორგი XI-ის გამეფება მოინდომა.

1691 წელს გიორგი XI შემოვიდა ქართლში, რის გამოც ნაზარ ალი-ხანი იძულებული გახდა თბილისში ჩაკეტილიყო. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა მათ შორის („ორიანობა“).

1703 წელს შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის სამეფო დაუბრუნა. ერეკლე I-ს კი კახეთის მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დატოვა, კახეთი კი სამმართველოდ მის შვილს, დავითს (იმამ ყული-ხანს) ჩააბარა.

ირანში დარჩენილი ნაზარ ალი-ხანი შაჰმა თავისი გვარდიის სარდლად, ყულარაღასად დანიშნა.

ნაზარ ალი-ხანი ირანშივე გარდაიცვალა 1709 წელს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები