ვახტანგ V

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ V — ქართლის მეფე 1658-1675 წლებში, თეიმურაზ მუხრან-ბატონის ძე.

ვახტანგი იყო ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს პირველი წარმომადგენელი ქართლის სამეფო ტახტზე. სათავადოს მეთაური 1628-1658 წწ. იგი მისმა წინამორბედმა როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.

1654 წელს ვახტანგი ირანში გაგზავნეს, სადაც გაამაჰმადიანეს და შაჰნავაზი უწოდეს. 1658 წელს შაჰ აბას II-მ იგი ქართლის მეფედ („ვალი“) დაამტკიცა.

ვახტანგ V-ის გამეფებით ქართლში დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა დინასტიის უმცროს შტოს - მუხრანბატონების მეფობას. ამ დინასტიის წარმომადგენლები, მათ შორის ვახტანგ V-ც, მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ. ზრუნავდნენ ქართული მწერლობის, ისტორიის, კულტურის განვითარებისათვის. ვახტანგ V მაჰმადიანი იყო მხოლოდ გარეგნულად. იგი ხელს უწყობდა ქრისტიანული ეკლესიების გაძლიერებას.

ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება, ეკონომიკური და კულტურული წინსვლისთვის ხელის შეწყობა. მეორე მხრივ, ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირი ქართლის ჰეგემონობით.

ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი, რის შედეგადაც მის მმართველობაში გადავიდა თითქმის მთლი კახეთი (გარდა ციხეებისა სადაც ყიზილბაში მეციხოვნეები იდგნენ). ისარგებლა იმერეთში არსებული არეულობით, დაიკავა მისი დიდი ნაწილი და თავისი ვაჟი არჩილი 1661, იმერეთის ტახტზე აიყვანა. ვახტანგმა ოდიშზეც გაილაშქრა. დადიანად დასვა ლევან III, რომელსაც ცოლად შერთო თავისი ძმისწული თამარი. ამასთან მას ეახლნენ აფხაზეთისა და გურიის მთავრები და მორჩილება გამოუცხადეს. ასე რომ, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა. „და მეფობდა მეფე შაჰნავაზ სამთავე სამეფოთა ქართლსა, კახეთსა და იმერეთისა ზედა. ესრეთ განდიდა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა შინა“ (ბერი ეგნატაშვილი).

მაგრამ ეს გაერთიანება დროებითი აღმოჩნდა; მალე ოსმალეთის მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა არჩილი იმერეთიდან გაეყვანა. ეს უკანასკნელი გაემგზავრა ირანს, სადაც გაამაჰმადიანეს, კახეთის მეფობა უბოძეს და საქართველოში გამოისტუმრეს.

კახეთში მისი შვილის არჩილის მეფობის დროს, ქართლ-კახეთს ფაქტობრივად ვახტანგ V განაგებდა. ქვეყანა მოღონიერდა; მამა-შვილმა ალაგმეს ლეკთა თარეში; სასტიკად აკრძალეს ადამიანთა უცხოეთში გაყიდვა, ყოველმხრივ ხელი შეუწყვეს შერყეული ქრისტიანობის გაძლიერებას. ჩამოართვეს თავად-აზნაურებს მონატაცები საეკლესიო ყმა-მამული და აღადგინეს ეკლესია-მონასტრების მფლობელობა; ვახტანგის დროს „განაშენეს წმინდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი გამრავლდეს საქართველოსა შინა“, გარდა ამისა, იგი ცდილობდა მოეზიდა ევროპელი ვაჭრები და აღედგინა ევროპა ინდოეთის სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც ერთ დროს საქართველოზე გადიოდა. ასე რომ დაიწყო, მეფის ვახტანგის დროს კიდევ უფრო სწრაფად წარიმართა.

ქვეყნის ასეთი დაწინაურება არ გამოჰპარვია ირანის ახალ შაჰს სულეიმანს. მან გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ქართლ-კახეთის ერთიანობისათვის და არჩილისა და ვახტანგ V-ს დაუპირისპირა მოსკოვის სამეფო კარზე მყოფი კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის შვილიშვილი - ერეკლე. მასთან ბრძოლა არჩილმა უიმედოდ მიიჩნია, 1675 წელს თავი მიანება კახეთის ტახტს და იმერეთის ტახტის დაკავებას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ახალციხეში გაიქცა. უფრო ადრე ასევე მოიქცა ვახტანგ V-ს მეორე შვილი ლუარსაბი.

არჩილისა და ლუარსაბის ახალციხეში წასვლა ვახტანგ V-ს დანაშაულად ჩაუთვალა შაჰმა და ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

1675 წელს ირანში მიმავალი მეფე ვახტანგი გზაში ავად გახდა და ხოშკარში გარდაიცვალა. იგი ირანს წაასვენეს და ქ. ყუმში დაკრძალეს.

ბერი ეგნატაშვილის დახასიათებით „შაჰნავაზ მეფე იყო კაცი საკჳრველი, ძლიერი საქმითა და გამარჯუებული. და ამას სჭირდა ოთხნი ესე საქმენი: ბრძენი იყო უპოველი, ბედნიერი იყო საკჳრველი, სარდალი და მამაცი უამხანაგო, პირად შეუბედავი და გულით მოწყალე უხცოდ“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები