თხინვალის სასახლე და ეკლესიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თხინვალის სასახლე და ეკლესიები - არქიტექტურული კომპლექსი მდებარეობს სოფელ თხინვალის დასავლეთით 2 კილომეტრზე, ლისის ტბის მიდამოებში, გაბაშვილთა ნასახლარზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

კომპლექსში შედის სასახლე, წმ. გიორგის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და ღვთისმშობლის ეკლესია. ორსართულიანი სასახლიდან შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის ფრაგმენტები; ჩანგრეულია ეკლესიების სახურავი; სანახევროდ დანგრეულია ეგვტერი. კომპლექსის შენობები ნაგებია აგურით. წმ. გიორგის ეკლესიის გრძივ და დასავლეთის კედლებზე გასამაგრებლად მოგვიანებით ნატეხი ქვის დამატებითი კედლებია მიშენებული.

სარჩევი

სასახლე

სასახლე გეგმით სწორკუთხაა (11,5X15,4 მ), შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. დასავლეთის კედელში უფრო მომცრო ნიშებია. პირველი სართულის შეისრული კამარა პილასტრებზე დაბჯენილ ორ შეისრულ თაღზე ყოფილა დამყარებული. აღმოსავლეთის კედელი გამაგრებულია მძლავრი კონტრფორსებით.

წმინდა გიორგის ეკლესია

წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (17,8X11,4 მ), ჰქონია ორი შესასვლელი – დასავლეთითა და სამხრეთით. მოგვიანებით დასავლეთის კარი სწორკუთხა სარკმლად გადაუკეთებიათ. აღმოსავლეთით ღრმააფსიდიანი საკურთხეველია, რომლის ჩრდილოეთით სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთით – სადიაკვნე. ამ სათავსებს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდები აქვს. სამკვეთლო საკურთხეველს კარით უკავშირდება. სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე საიდუმლო ოთახებია, რომლებშიც მოხვედრა სამკვეთლოს აღმოსავლეთ კუთხესთან, კედელში დატანებული კიბით შეიძლება, ამ ოთახების გეგმა სამკვეთლოსა და სადიაკვნის გეგმის ანალოგიურია. საკურთხეველს, სამკვეთლოს, სადიაკვნესა და საიდუმლო ოთახებს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვის მაღალი კანკელით, რომლის ქვედა ნაწილში საკურთხეველში, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში შესასვლელი შეისრული ღიობებია. კანკელის ზედა ნაწილი ხაზოვანი ლილვებით დაყოფილია ხატების ჩასასმელ 161 სწორკუთხედად. საკურთხევლის მხარეს კანკელზე წმინდა მკვეთრი ხაზებით საგვარეულო გერბია ამოკვეთილი.

დარბაზის შეისრული კამარა მასიურ შვერილებზე დამყარებულ ორ თაღს ეყრდნობა. თაღების საყრდენი შვერილები სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე ქმნიან ღრმა შეისრულ ნიშებს. ჩრდილოეთის კედლის ნიშებში სარკმლებია გაჭრილი, ხოლო სამხრეთისაში – ერთი სარკმელი და კარი. დასავლეთის კედელზე შეისრული ნიშებია ორ რიგად. ამ კედლის ზემო ნაწილის ცენტრში, განიერ შეისრულ ნიშში განიერი სარკმელია გაჭრილი. ეკლესია შიგნიდან შელესილია. კედლები შემკულია თარაზული ხაზებითა და ორნამენტული მოტივებით.

ეკლესიის სამხრეთის ფასადზე, კედელში ჩასმულ ქვაზე მზის საათია ამოკვეთილი, ხოლო აღმოსავლეთის ფასადის ზემო ნაწილში – გოლგოთის ჯვარი. ეკლესიას შემოვლებული აქვს ქვის ლავგარდანი.

ეკლესიას დასავლეთითა და სამხრეთით კარიბჭეები ჰქონია მიშენებული. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კარიბჭე (4,6X5,5 მ), რომელიც სამი მხრივ გახსნილია შეისრული თაღებით. გარედან თაღები ჩასმულია სწორკუთხა ჩარჩოში და მორთულია აგურის შვეული და თარაზული წყობით.

ღვთისმშობლის ეკლესია

წმ. გიორგის ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (5,5X 3,8 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები