თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tbilisis saxelmwifo universiteti.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - უმაღლესი სასწავლებლის დაარსებას ამაოდ ცდილობდა ქართველი მოღვაწეების არაერთი თაობა, მაგრამ რუსეთის იმპერიის ხელისუფლება ამის საშუალებას არ იძლეოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონარქიის დამხობის შემდეგ დაარსდა, 1918 წლის 26 იანვარს (ახ. სტ. 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, როგორც კერძო ქართული უნივერსიტეტი. იგი დაარსდა ქართველ მეცნიერთა ძალისხმევით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილი. მეცნიერებს ხელი შეუწყვეს ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, რომლებსაც რუსეთში დიდი გავლენა ჰქონდათ (ნ. ჩხეიძე, ი. წერეთელი, აკ. ჩხენკელი, ნ. რამიშვილი).

გახსნის ცერემონიალს უამრავ ხალხთან ერთად პოლიტიკური პირები და კათალიკოს პატრიარქი კირიონი დაესწრნენ. 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს პირველი ოფიციალური სხდომა, რომელმაც ივანე ჯავახიშვილს რექტორობა სთხოვა, მაგრამ მან უარი განაცხადა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია. ხოლო 1919 წლის 17 დეკემბერს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა მისმა დამაარსებელმა ივ. ჯავახიშვილმა დაიკავა. 1918 წლის 27 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი კერძო უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნის შესახებ, რაც 3 სექტემბერს საზეიმოდ გამოცხადდა.

გახსნის პერიოდში უნივერსიტეტს მხოლოდ სამი აუდიტორია ჰქონდა დათმობილი თბილისის სათავადაზნაურო შენობის მეორე სართულზე. 1918 წლიდან შენობა მთლიანად უნივერსიტეტს გადაეცა. უნივერსოტეტისთვის განკუთვნილი შენობა ჯერ კიდევ 1900-1906 წლებში აშენდა ნ. ცხვედაძის ხელმძღვანელობით, არქიტექტორ ს. კლდიაშვილის პროექტის მიხედვით.

უნივერსიტეტის პროფესორთა პირველ საბჭოში შედიოდნენ ფაქტობრივად მისი დამაარსებლები: ივ. ჯავახიშვილი, ი. აბულაძე, ს. ავალიანი, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, შ. ნუცუბიძე, ა. რაზმაძე, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი.

თავდაპირველად უნივერსიტეტს მხოლოდ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ჰქონდა, რომელიც აერთიანებდა ჰუმანიტარულ, მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო დარგებს. მისი დეკანი ივ. ჯავახიშვილი იყო. შემდგომში უნივერსიტეტშიში სამი ფაკულტეტი ჩამოყალიბდა და მათი რაოდენობა თანდათანობით იზრდებოდა. 1919-1920 წლებში თსუ-ს ჰქონდა შემდეგი ფაკულტეტები და განყოფილებები:

1. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი შემდეგი განყოფილებებით: ფსიქოლოგიის; ფილოსოფიის; ენათმეცნიერების; სიტყვიერების; საისტორიო; საეკონომიკო.
2. სამათემატიკო ფაკულტეტი;
3. საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი;
4. საექიმო ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის პროფესურა კაცრად შეირჩა როგორც საზღვარგარეთის სასწავლო ცენტრებიდან მოწვეული პროფესორებით, ასევე ადგილობრივი მაღალპროფესიული კადრებით. 1918-1919 სასწავლო წელს უნივერსიტეტში მოღვაწეობდა 27 პროფესორი, 8 ლექტორი, 20 ასისტენტი, 9 პირი, რომლებიც სხვადასხვა კათედრებზე იქნენ დატოვებულნი საპროფესორო სტიპენდიანტების სახელით.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში უნივერსიტეტს გადაეცა მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებები: სანიტარული ინსტიტუტი, პასტერის ინსტიტუტი, სამართლებრივ-სამედიცინო ლაბორატორია, სამხედრო სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოს კლინიკის მდიდრული ტექნიკური აღჭურვილობა, სამეანო-საბებიო ინსტიტუტი და სხვ. უნივერსიტეტის გამგებლობაში გადავიდ გაუქმებული საცენზურო კომიტეტის მდიდარი ბიბლიოთეკაც, სადაც ინახებოდა კავკასიის მხარეში სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი პრესისა და წიგნების ეგზემპლარები. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დამოუკიდებლობის წლებშივე შეივსო 25 ათასი იშვიათი გამოცემით.

უნივერსიტეტში ირიცხებოდა 1801 სტუდენტი და 79 თავისუფალი მსმენელი. შემოწირულების სახით უნივერსიტეტს შეუვიდა 75 ათასი მანეთი, სწავლის შენატანი თანხა - 525 000 მან. ამასთანავე, როგორც საარქივო დოკუმენტი მიუთითებს, მან მთავრობისაგან დაარსებისთანავე 6 მილიონ მანეთზე მეტი მიიღო.

1922 პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა, მათ შორის იყვნენ მომავალში ცნობილი ქართველი მეცნიერები: ს. ჯანაშია, შ. ამირანაშვილი, კ. ბაქრაძე, ვ. თოფურია, ა. ჩიქობავა. თსუ-ში შემოღებული იყო ერთი სამეცნიერო ხარისხი - მეცნიერების დოქტორი ანუ მოძღვართმოძღვარი, რომელიც დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს შეესაბამებოდა. პირველი დისერტაცია პროფესორთა საბჭოს წინაშე დაიცვა ა. შანიძემ 1920 წლის 9 მაისს და მიენიჭა მეცნიერების დოქტორის ხარისხი.

1921 წლის თებერვალში რუსეთის მეთერთმეტე არმიის საქართველოში შემოჭრის დროს თსუ-ის რექტორმა ივ. ჯავახიშვილმა სტუდენტებს მოუწოდა სამშობლო დაეცვათ და სტუდენტთა ჯგუფი პატრიოტული სიტყვით გააცილა ფრონტზე. 1989 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა, მისი დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელი.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • გ. საითიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენციკლოპედიურ ლექსიკონში: „ივანე ჯავახიშვილი“, თბ., 2002; რ. მეტრეველი, ივანე ჯავახიშვილი და თბილისის უნივერსიტეტი, თბ., 1996;
  • ზ. გაიპარაშვილი. უნივერსიტეტი, თბ., 2001;
  • სცსა, ფ. 1935, აღწ, 1, საქ. 54.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები