ზეიდელმანი კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ ზეიდელმანი

კარლ ზეიდელმანი – (Karl Seydelmann, 1793–1843), გერმანეი მსახიობი.

დაიბადა სილეზიის მხარეში, ქალაქ გრაცში, ვაჭართა ოჯახში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე თამაშობდა სპექტაკლებში, კითხულობდა პიესებსა და მსახიობთა ბიოგრაფიებს. პატრიოტული გრძნობების გამო, ახალგაზრდა კაცი პრუსიის ჯარში იწყებს სამსახურს, მაგრამ გარნიზონის ცხოვრება თრგუნავდა. 1815 წელს იგი ტოვებს ჯარს და ბრესლაუს თეატრის დასში იწყებს მოღვაწეობას. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ზეიდელმანი თამაშობდა - გრასის, პრაღის, კასელის, შტუტგარტის - თეატრებში. ცხოვრების მხოლოდ ბოლო ხუთი წელი მოღვაწეობდა ბერლინში, სადაც მას მშვიდი შემოქმედებითი მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. სწორედ ბერლინის თეატრში შექმნილი როლები (1838 - 1843) მიჩნეულია ზეიდელმანის სამსახიობო, შემოქმედებითი ბიოგრაფიის უმაღლეს მწვერვალად.

ზეიდელმანი შრიოდერის ტრადიციების გამგრძელებლი და განმავითარებელი იყო. რომანტიზმის პათეტიკურობისა და ამაღლებული გამოსახავის სტილის მოწინააღმდეგე, თეატრში რეალისტური ხელოვნების დამკვიდრებისათვის იღვწოდა. მან გაიზიარა ახალგაზრდა გერმანიის მოძრაობის იდეები, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მსახიობის მადლიერმა გუცკოვმა, ზეიდელმანის სამსახიობო ოსტატობაზე, არაერთი აღფრთოვანებული წერილი გამოაქვეყნა. დრამატურგი ერთ-ერთ სტატიაში, რომანტიკული და რეალისტური მეთოდების შეპირისპირებისას, ხაზს უსვამს, დევრიენტის თამაშში - რომანტიკული მეთოდისათვის დამახასიათებელ - სუბიექტურობას და რეალისტ ზეიდელმანის - ობიექტურობას.

ზეიდელმანის ფართო და მრავალფეროვან რეპერტუარში მრავლად იყო როლები შილერის პიესებიდან: ფრანც მოორი („ყაჩაღები“), ფონ კალბი, ვრუმი და პრეზიდენტი („ვერაგობა და სიყვარული“), ფილიპ II („დონ კარლოსი“). საუკეთესო სახეები შექმნა მსახიობმა გოეთეს დრამატურგიული ნაწარმოებებიდან - ალბა („ეგმონტი“), კარლოსი („კლავიგო“), მეფისტოფელი („ფაუსტი“). შექსპირის რეპერტუარში მისი საუკეთესო როლებია: ჰამლეტი, ლირი, მაკბეთი, შეილოკი, რიჩარდ III. დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ლესინგის პიესებში - მარინელი („ემილია გალოტი“), ნათანი („ნათან ბრძენი“). კლასიკურ კომედიებში ნათამაშები როლებიდან აღსანიშნავია - ტარტიუფი (მოლიერისტარტიუფი“). შესრულებული სახეების ჩამონათვალიდან ნათელია - ზეიდელმანი ფართო დიაპაზონის მსახიობი იყო. მსახიობის მიერ შექმნილი როლები გამოირჩეოდა ინოვაციური მიდგომით, კლიშეებისგან გათავისუფლების სურვილით, ახალი და თანამედროვე ინტერპრეტირებით.

ზეიდელმანმა ძალიან ბევრი იმუშავა მეფისტოფელის სახეზე, ამიტომაც, მხატვრული თვალსაზრისით, მისი შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევადაა მიჩნეული. მეფისტოფელის სახის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ იგი, ერთი მხრივ - ყველაფრის უარმყოფელის და მსოფლიო ბოროტების სიმბოლოა, ხოლო მეორე მხრივ - ეშმაკია ძველი ხალხური ლეგენდიდან. აქედან გამომდინარე, იქმნებოდა საშიშროება გადაჭარბებული აბსტრაქტულობის, ან პირიქით, გადაჭარბებული უხეშობის.იმისდამიუხედავად, რომ გოეთეს მეფისტოფელის სახე ზედმიწევნით ფილოსოფიური ხასიათისაა, ავტორმა მას შეუნარჩუნა ხალხური შეხედულება - ეშმაკზე. ზეიდელმანმაც სწორედ ამგვარი ინტერპრეტირებით შექმნა თავისი მეფისტოფელი. მაყურებელი გაოგნებული იყო მსახიობის ვირტუოზულობით, მან „ჯოჯოხეთის შვილის“ ინდივიდუალიზებული ხატება შექმნა. მეფისტოფელის სახე ზეიდელმანის შემოქმედებითი პრინციპის - ტიპურისა და ინდივიდუალურის გაერთიანების - გამარჯვება იყო. ამავე დროს, მსახიობის გარდასახვის უნარის საუკეთესო მაგალითი.

ზეიდელმანის შემოქმედებაში შესანიშნავად იყო შერწყმული იდეური სიღრმე ნათელ თეატრალურ ფორმებთან. იგი გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, გრძნობადი ბუნებით, ემოციურობით, დეტალების განზოგადებით. ამ თვისებების გამო, ზეიდელმანი გერმანულ რეალისტური სათეატრო მიმართულების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლ - მსახიობად მოიაზრება.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები