გუნდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 30 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუნდა მზეთუნახავი. ა. ბელიუკინი

გუნდა (აფხ. Гәында) — ნართულ გადმოცემათა ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, ნართების და (ვარიანტი: დედა), სათანეი-გვაშას ქალიშვილი, შეუდარებელი სილამაზისა და გოლიათური ძალის მზეთუნახავი. მისი სხეული ახალამოყვანილი ყველივით თეთრი და ნაზია; აქვს ოქროსფერი თმები, ბანაობს რძეში და ისე ასხივებს, როგორც მზე და მთვარე. ძმები გუნდას თავს ევლებიან, აცხოვრებენ ბროლის კოშკში და ნადირის ძვლის ტვინით კვებავენ. თავისი სილამაზისა და საერთო თაყვანისცემის გამო რძლები გუნდას მტრობენ. მათგან მოწამლულ ქალიშვილს შემთხვევით პოულობს მონადირე ალხუზი, გადაარჩენს და დანიშნავს, მაგრამ კვდება ისე, რომ გუნდას ცოლად შერთვას ვერ ასწრებს. ალხუზის ცხედართან დადებული ფიცის თანახმად, ქალიშვილი საქმროებს ორთაბრძოლაში იწვევს, ამარცხებს 99 ჭაბუკს, რომელთა ყურებს ღობეზე ჰკიდებს. მხოლოდ ხვაჟარფისი ძლევს გუნდას და სათანეი-გვაშასა და ნართების სასურველი სასიძო ხდება.

გუნდას პერსონაჟთან არის დაკავშირებული სასრიყვას გადარჩენის (უმცროსი ძმა აბობოქრებულ მდინარეში დახრჩობისაგან გუნდამ იხსნა) შემდგომ განვითარებული დრამატული მოვლენები. უცოლშვილოდ დარჩენილი სასრიყვა, რომელსაც უერთგულესი მეგობარი – ცხენი – ბზოუც მოუკვდა და ძმებთანაც არასახარბიელო ურთიერთობა აქვს, თავს უბედურად გრძნობს და ერთადერთ იმედად და ეგულება. სასრიყვა გუნდას მასთან საცხოვრებლად გადასვლას სთავაზობს, გუნდაც თანხმდება, თუმცა შიშობს, ამით ძმებს შორის დაპირისპირება ტრაგედიამდე არ მიიყვანოს. სასრიყვასთან საცხოვრებლად გადასვლა, როგორც ჩანს, არის გუნდას დაღუპვის მთავარი მიზეზი (უნდა ითქვას, რომ ქალიშვილი გრძნობს ამ ნაბიჯის ტრაგიკულობას და მოგვიანებით ამიტომაც არ უძალიანდება გამტაცებელს, პირიქით თანაუგრძნობს). სასრიყვას არყოფნის ჟამს გატაცებული და ხვაჟარფისის დედის (ზოგი ვარიანტით სათანეი-გვაშას) მიერ დაწყევლილი გუნდა ქვავდება. აქედან იწყება ნართების დიდი ოჯახის თანდათანობითი ნგრევა.

სასრიყვასთან საცხოვრებლად გადასვლის გამო, მეცნიერთა დიდი ნაწილი, რომელიც ნართების ოჯახს მატრიარქალურ ოჯახად მიიჩნევს, გუნდას პერსონაჟს განიხილავს როგორც პატრიარქალურ ურთიერთობებზე გარდამავალი პერიოდის ქალის სახეს. გუნდას გადასვლა ძმასთან არის არა ჯგუფური ქორწინების წყვილადით შეცვლის ფაქტის გამოძახილი, რასაც შ. ინალიფა ფიქრობს (თუმცა წყვილადი ქორწინება ეგზოგამიური ქორწინებაა, რომელსაც დუალურ-გვაროვნული ორგანიზაცია უშვებს მხოლოდ სხვადასხვა ფრატრიის წევრებს შორის და არა ამ ორგანიზაციის ერთი ფრატრიის შიგნით. ნართული ეპოსის აფხაზური ვერსია ასეთი ფრატრიების არსებობას გამორიცხავს), არამედ არშემდგარი ინცესტის მოტივი (ე. მელეტინსკი მასში ინცესტს ხედავს). ინცესტი კი, როგორც ეს ჟ. დჲუმეზილმა გამოარკვია, ეპოსის უძველესი ვერსიების თანამდევი ფაქტია.

ოსურ ვერსიაში ინცესტი ურიზმაგისა და სათანას ცოლ-ქმრული კავშირით შედგა, მაგრამ ეს შეუღლება არის არა ჩვეულებრივი ინცესტი, არამედ ოიდიპოსისეული ინცესტი, რაც განბრძნობის იშვიათ იგავს შეიცავს. ოიდიპოსი განბრძნობის წინ კადმოსის ჩამომავლობას უხმობს. კადმოსის თანამეცხედრე კი ჰარმონიაა, არესისა და აფროდიტეს ნაშობი. მზაკვრობისა და სიყვარულის შეზავება გზას უხსნის ოიდიპოსს აკრძალული ცოდვისკენ. ეპოსის ოსური ვერსიის ინცესტი სწორედ ამ პლანში უნდა განვიხილოთ, თუმცა მას გაცილებით ძველი მითოლოგიური საფუძვლები აქვს. ურიზმაგისა და სათანას შეუღლება არის ირეალური ინცესტი – ღვთაებრივისა (სათანას – უასთირჯის, წმ. გიორგის შვილის) და მიწიერის (ურიზმაგის) შეერთება, რადგან ცოლ-ქმარი წარმოადგენს ყოფით პლანში გადატანილი პირველი ღვთაებრივი და ადამიანური წყვილის მითოლოგიურ სახეს.

ურიზმაგისა და სათანას შეუღლება გარდაუვალია, რათა საფუძველი დაედოს მითოსური ხალხის – ნართების გაჩენას. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას და-ძმის ცოლ-ქმრობა, რასაც არც ოსებისა და არც კავკასიის სხვა ხალხთა (მათ შორის აფხაზების), არც მათი ახლობელი თუ შორეული წინაპრების (სკვითურ-სარმატული, ალანური და სინდიმეოტური მოდგმის ტომების) რეალურ ყოფაში მოქმედი ქორწინების ინსტიტუტი არ იცნობს და, არც არასოდეს იცნობდა.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. Сух., 1962; 1988;
  • Ш.Д. Инал-Ипа. Абхазы. (историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • Ш.Х. Салакая. Абхазский народный героический эпос. Тб., 1966;
  • Ш.Х. Салакая. Абхазский нартский эпос. Сух., 1976;
  • Ж. Дюмезиль. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Е.М. Мелетинский. Происхождение героического эпоса. М., 1963.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები