სათანეი-გვაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სათანეი-გვაშა სასრიყვას ჩასახვის წინ. ა. ბელიუკინი.

სათანეჲ-გვაშა (აფხ. Саҭанеи Гәашьа) – აფხაზურ ნართულ თქმულებათა ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, ასი ნართისა და მათი მზეთუნახავი დის – გუნდას – დედა; მომაჯადოებელი სილამაზისა და გოლიათური ფიზიკური ძალი ქალი, წინასწარმეტყველი და ჯადოქარი, ნართების ეპიკური ოჯახის ფაქტიური ხელმძღვანელი მისი მამოძრავებელი ძალა, ნართქითის (ნართების სოფლის) საკრალური სივრცის ცენტრი („ნართაა“). მართალია, ეპოსის კავკასიურ ვერსიებში სათანას მნიშვნელოვანი როლი აკისრია, მაგრამ აფხაზი გვაშა („ქალბატონი“) განსაკუთრებული ძალმოსილებითა და გაცილებით მეტი არქაული ნიშნებით გამოირჩევა. ეჭვგარეშეა, რომ სათანეი-გვაშას მონუმენტური პერსონაჟი ეფუძნება ეპოსის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე შექმნილი მატრიარქი პირველწინაპრის მითოპოეტურ სახეს. ამიტომაც არის, რომ მისი ყველაზე უსაყვარლესი ვაჟი, სასრიყვა, რომელიც დედის გარეშე არც მოიაზრება (ნიშანდობლივია, რომ სასრიყვას ნართები ანშფას – „დედის ძეს“ – უწოდებენ), სწორედ მატრილოკალურობის პრინციპით შემოდის ნართების დიდ ოჯახში (ეს, რათქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ნართების საზოგადოება მატრიარქალურია ან ნართების ეპოსი მატრიარქატის ეპოქაში შეიქმნა).

ნართული ეპოსის აფხაზური ვერსია სათანეი-გვაშას სხვადასხვა გვარს მიაკუთვნებს: ერთი გადმოცემით, ნართების დედა ელდიზთა გვარიდანაა, მეორეთი – მიჰვმიზთა, მესამეთი – ჰვილმიზთა, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოსახლებულ სხვადასხვა ეთნიკურ და სუბეთნიკურ ჯგუფებს სათანეი-გვაშას წარმომავლობის შესახებ განსხვავებული ცნობები ჩამოქონდათ.

ეპოსის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე სათანეი-გვაშას სახემ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თქმულებათა გვიანდელ ვარიანტებში ნართების დედა სუსტი, შურიმაძიებელი და ცბიერი ქალია, რომლის სიტყვა ნართებისათვის უკვე კანონი არ არის. იგი ამაოდ ცდილობს ქალიშვილის გამტაცებლის („ნარჯხეუ“) მოწამვლას; იძულებული ხდება, თავად დალიოს შხამნარევი ღვინო, რის შედეგადაც კვდება.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988;
  • ნ. ანთელავა. აფხაზური მითები, რიტუალები, სიმბოლოები. თბ., 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები