იოშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოშია - (ძვ.წ. 640-609) – იუდეის მეფე, ამნონის ძე. იოშიას მეფობამ ასურეთის დასუსტების პერიოდში მოუწია, მაშინ, როდესაც გადამწყვეტი წუთი იდგა და იუდეველებს თავი უნდა დაეხსნათ ასურელთა ვასალობისგან.

ახალგაზრდა იოშიას გამეფებით იუდეის ისტორიაში ახალი ეპოქა დადგა. ამ პერიოდში იუდეამ დიდი ნაბიჯი გადადგა როგორც რელიგიურ, ასევე საერო სარბიელზე, რაც ერთი მხრივ ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობაში აისახა, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით მიმავალ პროცესებში. ასურეთის იმპერია აჯანყებულ პროვინციებს ებრძოდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბაბილონისა და ელამის აჯანყებები. ასურეთმა სერიოზული ზარალი განიცადა და ძალიან დასუსტდა. ასურელ მეფეებს აღარ შეეძლოთ ყველა ტერიტორია შეენარჩუნებინათ და ერთიმეორის მიყოლებით კარგავდნენ პროვინციებს. ეგვიპტელმა დიდებულმა, პსამეტიხმა მოახერხა ასურეთისგან განთავისუფლებულიყო და ეგვიპტის XXVI დინასტია დაეარსებინა. ბაბილონში ამბოხი დაიწყო ქალდეველმა დიდებულმა, ნაბოფალასარმა. 70 წლიანი ასურული მმართველობის შემდეგ დადგა იუდეის განთავისუფლების დროც. მართლაც აჯანყებამ გააერთიანა სამი ებრაული პროვინცია, იუდეა, სამარია და გალილეა. იუდეველების გარდა აჯანყებაში მონაწილეობას ისრაელის განადგურებული სამეფოს დარჩენილი მოსახლეობაც იღებდა პოლიტიკურ თავისუფლებას რელიგიური და კულტურულიც მოჰყვა. იუდეველებმა განდევნეს არამეულ-ფინიკიური და ასურული კერპები, დაიბრუნეს ძველებრაული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

იოშიამ იერუსალიმი მთელი ებრაული სამყაროს სულიერ ცენტრად აქცია და სრულად აღადგინა უფლის თაყვანისცემა სოლომონის ტაძარში. მეფემ ტაძრიდან გამოიტანა მოსეს წიგნები და საჯაროდ წაიკითხა, რითაც პატივისცემა გამოხატა ძველებრაული კანონების და კულტურის მიმართ. ამის შემდეგ მთელ ქვეყანაში მოსახლეობა ასურელების წინააღმდეგ გამოდიოდა და ყველა ერთად უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ბრძოლას აპირებდა თავისუფლების მოსაპოვებლად.

იოშიას მმართველობის უკანასკნელი წლებში ებრაელები მოესწრნენ ასურეთის იმპერიის სრულ განადგურებას. ბაბილონელებმა და მიდიელებმა ძალები გააერთიანეს და ერთად დაიწყეს ასურეთის განადგურება. ძვ.წ. 614 წელს დაეცა ასურეთის ძველი დედაქალაქი აშური, ძვ.წ. 612 წელს ბაბილონელებმა და მიდიელებმა აიღეს ნინევია, ხოლო ძვ.წ. 610 წელს დაეცა უკანასკნელი ასურული ქალაქი, ხარანი. ასურეთის დაცემის წლებში უცნობია იუდეის ურთიერთობა ბაბილონთან და მიდიასთან. არ არსებობს წყარო იმის შესახებ, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებდა იოშია სხვა აჯანყებული პროვინციების ლიდერებთან მიმართებაში, თუმცა ალბათ იუდეველები მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ერთ-ერთი უდიდესი მტრის დაცემას.

ძვ.წ. 609 წელს ეგვიპტის ფარაონი ნეხო II, რომელიც ომში ასურეთის მხარეს იჭერდა ჯარით დაიძრა ხარანისკენ, სადაც ბაბილონელები და მიდიელები უკანასკნელ ასურულ ძალებს უღებდნვნ ბოლოს. იოშია ეგვიპტის არმიისთვის გზის გადასაჭრელად დაიძრა არმიით (ეგვიპტელები იუდეის გავლით მიიწევდნენ ხარანისკენ). ბრძოლა იუდეველებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან იოშია პირველივე შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა და იერუსალიმისკენ მიმავალი გზაზე გარდაიცვალა. იოაშის სიკვდილმა იუდეას დიდი უბედურება მოუტანა. ხარანიდან დაბრუნებულმა ფარაონმა ნეხო II-მ დაიპყრო იუდეა, ტახტიდან ჩამოაგდო იოშიას ძე იოახაზი და მეფედ მისი ძე, იოაკიმი დანიშნა. იოაკიმი ეგვიპტის ვასალად იქცა, თუმცა ეს არცთუ ისე დიდხანს გაგრძელებულა. ძვ.წ. 605 წელს ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა ეგვიპტის არმია დაამარცხა ქარხემიშთან ბრძოლაში და მთელი სირია და იუდეა დაიკავა. დაიწყო ახალი, ძალიან მოკლე, თუმცა მნიშვნელოვანი ისტორიული პერიოდი იუდეაში, ახალ-ბაბილონური სამეფოს მმართველობის წლები (ძვ.წ. 604–586).



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები