ლუარსაბ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:23, 25 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუარსაბ Iქართლის მეფე 1527-56 წლებში. დავით X-ის ძე.

ჯერ კიდევ ბატონიშვილი იგი შეუპოვრად იბრძოდა ყიზილბაშების წინააღმდეგ თელეთთან.

1526 წელს ლუარსაბმა პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-თან (1510-1565) - ცოლად შეირთო მისი ასული თამარი. 1535 წელს ბაგრატ III-მ გაილაშქრა პროთურქული ორიენტაციის მქონე სამცხის მთავრის ყვარყვარე II-ის წინააღმდეგ. ერთობლივი მოქმედების შედეგად, ბაგრატმა სამცხე საათაბაგო დაიკავა, ლუარსაბმა - ჯავახეთი.

ლუარსაბ I ცდილობდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ძალების გაერთიანებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბაგრატ III-ის გარდა, მან კავშირი დაამყარა კახეთის მეფე ლევანთან.

ირანის შაჰი თამაზ I-ის ოთხგზის ლაშქრობა საქართველოში (1541, 1547, 1551, 1554 წწ) ლუარსაბ I-ის მეფობის პერიოდში განხორციელდა.

1541 წელს ლაშქრობის დროს, ისარგებლეს რა მეფე ლუარსაბის დედაქალაქში არყოფნით და თბილისის ციხისთავის სულმოკლეობით, ყიზილბაშები თბილისს დაეუფლნენ. კახეთიც მათ დამორჩილდა. ლუარსაბმა პარტიზანული ბრძოლები გააჩაღა, მტერი დიდად დააზარალა და აიძულა უკან გაბრუნებულიყო.

1545 წელს სამცხე-საათაბაგოს ოსმალები შემოესივნენ. ლუარსაბმა განჭვრიტა ის დიდი უბედურება, რაც მოჰყვებოდა თურქების გაბატონებას სამხრეთ საქართველოში, ამიტომ დაუყოვნებლივ გამოეხმაურა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მოწოდებას, მაგრამ სოხოისტასთან გამართულ ბრძოლაში ქართლ-იმერეთის გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა და სამცხე საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის - ქაიხოსრო III-ის ხელისუფლება აღადგინეს. ლუარსაბ I მაინც ინარჩუნებდა ძალაუფლებას ჯავახეთში.

შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობის წინ მეფე ლუარსაბმა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ეს გახდა შაჰის მორიგი 1551 წლის ლაშქრობის მიზეზი საქართველოში. ამ ლაშქრობაში ყიზილბაშთა გამარჯვების შემდეგ ლუარსაბი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული ტერიტორიები.

ლუარსაბ I-ის დიპლომატიურ ნიჭზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი ცდილობდა ხელი შეეშალა ირან-ოსმალეთს შორის ზავის დადებისთვის, რადგან ესმოდა, რომ აგრესორთა შორის წარმოებული ომი აადვილებდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ზავი ქ. ამასიაში 1555 წელს მაინც დაიდო.

ლუარსაბ I ფარ-ხმალს ამის შემდეგაც არ ყრიდა. მან თანდათან დაიბრუნა ქართლის არა ერთი ციხე-სიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ციხის ყიზილბაშური გარნიზონი.

1556 წელს ლუარსაბ I ყიზილბაშთა წინააღმდეგ სოფელ გარისთან (ქვემო ქართლი) წარმოებულ ბრძოლაში საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. გადმოცემით სასიკვდილოდ დაჭრილ მეფეს უთქვამს: ჩემს გლოვას დაეხსენით და ქვეყანას გაუფრთხილდითო. მისივე ანდერძისამებრ, სახელოვანი მეფე მცხეთას ჩამოასვენეს და ბაგრატიონ მეფეთა საძვალეში - სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

ლუარსაბ I-ის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის დიდ შეფასებას ძლევენ როგორც მის, ასევე მომდევნო თაობის წარმომადგენლები. ბერი ეგნატაშვილის სიტყვით: „უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არ ექნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და რაოდენიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ხმლისა მისისგან არიან.“

ქართულმა ისტორიულმა ტრადიციამ სამართლიანად დაუმკვიდრა ლუარსაბ I-ს დიდის ეპითეტი.


იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები