მდინარე იორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე იორი

იორი – (ისტორიული სახელწოდებები: კამბისი, ქაბრი, ღანუხი, მცირე ალაზანი) დიდი მდინარეა აღმოსავლეთ საქართველოში. ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს. წარსულში იორი უერთდებოდა მდინარე ალაზანს მარჯვენა მხრიდან.

იორი სათავეს იღებს კავკასიონის კალთებზე, მასარის ქედის სამხრეთ ფერდობზე (2827 მ. ზღვის დონიდან). იგი გამოივლის მთელს ერწო-თიანეთს, გაივლის კახეთის აღმოსავლეთ მხარის ნახევარსტეპებს და ბოლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიერთვის მინგეჩაურის წყალსაცავ. (ადრე მდინარე ალაზანს უერთდებოდა). მდინარის საერთო სიგრძე 320 კმ-ს აღწევს.

ჰიდრონიმ იორის ეტიმოლოგიის გარკვევით არაერთი სპეციალისტი დაინტერესებულა. პირველი მკვლევარი, ვინც იორის განმარტება მოგვცა, ვახუშტი ბატონიშვილი იყო; თუმცა მის მიერ შემოთავაზებული ვარაუდი („იორა ამ მდინარემ“) აშკარად ხელოვნურია, რადგან ქართულ ენაში ჰიდრონიმთა ამ წესით გაფორმება („ი-სამ-ა“, „ი-ოთხ-ა“…) არ ხდება. ამის მიუხედავად ვახუშტისეულ მოსაზრებას კ. ჰანი სარწმუნოდ მიიჩნევდა: ი-ორ-ი – „Раздвоенная (может быть, подразумивается с „Алазаню“ приток которой она составляет“

ცნობილი მკვლევარი მ. ჯანაშვილი იორს ქართველთა მეორე სატომო სახელთან ივერ-თან აკავშირებდა. აქედან გვაქვს მიღებული ხოლო მოგვიანებით – ჰერეთიცო. სხვათა შორის ამ მოსაზრებას სარწმუნოდ მიიჩნევდა კირიონი და იორს иверца-ს უწოდებდა.

ზოგიერთი მკვლევარი თვლიდა, რომ ძველ ბერძნულ წყაროებში მოხსენებული მდ. პელორი იორის შესატყვისი სახელწოდება იყო. ამგვარმა მოსაზრებამ ქართველ ისტორიკოსთა შორის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, პროფ. ნ. ლომოური პრინციპულად მიუთითებს, პელორი მდ. არაგვს შეესაბამება და არა იორსო. საინტერესოა, რომ იორი გვიანდელი ხანის ქართველ და არაქართველ ისტორიკოს-მწიგნობართა ნაწერებში სხვადასხვანაირად არის დადასტურებული. ისქანდერ მუნში, მაგალითად იორს ყაბარს („ყაბრი“) – უწოდებდა, იოანე ბატონიშვილი კი – ღანუხს.

მდ. ივრის სახელწოდებას ხუნძური (ღუნძური) ენიდან მომდინარე სახელად თვლიდა ივ. ჯავახიშვილი; მათ ენაზე ჵორ (წარმოითქმის ხახისმიერი ხშვით: ჸჰორ) ხევსაც აღნიშნავს და მდინარესაცო. ხუნძახურში ჵორ სიტყვის ეს მნიშვნელობა ფაქტობრივად დადასტურებულია: ჵორუ′ლ → ჵურუ′ლ „მდინარისა“... იორის ხუნძური ჵორ („ხევი“, „მდინარე“) სიტყვისაგან წარმომავლობა სარწმუნო ჩანს. მართალია, ამ სახელწოდებაში –ორ სეგმენტი სუფიქსად არის მიჩნეული (როგორც ეს გომბ-ორ, კოჯ-ორ, ყად-ორ ტიპის სახელებშია), მაგრამ ფაქტიურად იგი ძირისეულ მასალად უნდა ვცნოთ და არა სადერივაციო (საწარმოქმნო) ელემენტად.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მიკროტოპონიმიაში კავკასიელ ტომთა ენობრივი დანაშრევები ხელშესახებად არის წარმოდგენილი, მაშინ იორის ხუნძურენოვანი წარმომავლობაც თითქოს მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუმცა საბოლოო სიტყვის თქმა მხოლოდ სამომავლო კვლევას შეუძლია.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები