ალფიერი ვიტორიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:30, 11 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიტორიო ალფიერი

ვიტორიო ალფიერი – (იტალ, Vittorio Alfieri, 1749-1803), იტალიელი დრამატურგი.

ვიტორიო ალფიერი დაიბადა პატარა ქალაქ პიემონტში, მდიდრულ ოჯახში და ატარებდა გრაფის ტიტულს. იგი სწავლობდა ტურინის აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო ხელოვნების მაგისტრის დიპლომი. 16 წლისა გახდა სამეფო ჯარების ოფიცერი. 1766 წლიდან 1772 წლამდე მან სამჯერ იმოგზაურა ევროპაში, იყო თითქმის ყველა ქვეყანაში, რუსეთშიც კი. დიდი შთაბეჭდილება მასზე მოახდინა ინგლისმა, რომელიც, თავისი კონსტიტუციის წყალობით, ალფიერს თავისუფლების ქვეყნად წარმოედგინა.

მწერლის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ყველაზე ნაყოფიერი 1780-იანი წწ. დასაწყისი იყო, როდესაც მან დაწერა თავისი საუკეთესო ტრაგედიები და ოდები. მაშინვე დაიწყო თავისი მემუარების წერა − „ცხოვრება ვიტორიო ალფიერისა ასტიდან, რომელიც თავად მოგითხროთ“ (გამოქვეყნდა 1804).

ფრანგული განმანათლებლების ნაშრომების გაცნობამ ალფიერის დაეხმარა სენსუალისტური ფილოსოფიის გააზრებაში და მიიყვანა უტილიტარიზმის ეთიკამდე. ეგოიზმი, ალფიერის აზრით, ამოძრავებს ადამიანს სიმართლისაკენ, სილამაზისაკენ, არის მხატვრული შემოქმედების და ხელოვნების საფუძველი. საკუთარი თავისადმი ადამიანის სიყვარულზე დაფუძნებულია მისი სწრაფვა დიდებისა და კეთილშობილებისკენ, ვინაიდან შეიცავს სურვილს − სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას და დაიმსახუროს სხვა ადამიანების მოწონება. ალფიერი თვლიდა, რომ მხოლოდ მაღალი ვნებით გატაცებულ ადამიანს, შეუძლია ჩაიდინოს გმირობა, მაგალითად, ტირანიასთან ბრძოლაში. უტილიტარულ ეთიკაზეა დაფუძნებული ალფიერის რწმენა გმირში, რომელიც საკუთარი თავის გათავისუფლებით ტირანის კლანჭებიდან სხვების გათავისუფლებასაც შეძლებს.

სარჩევი

ტრაქტატი „ტირანიის შესახებ“

ალფიერიმ დაასაბუთა თავისი პოლიტიკური შეხედულებები ტრაქტატში „ტირანიის შესახებ“ (1777წ., გამოც. 1789წ.), რომელშიც გაილაშქრა „განათლებული აბსოლუტიზმის“ თეორიის წინააღმდეგ. ალფიერიმ პოლემიკა გამართა მონტესკიესთან, რომელმაც თავის ნაწარმოებში „კანონების სული“ მმართველობის ყველა ფორმა დაყო დესპოტიად, მონარქიად და რესპუბლიკად. ალფიერი არ ეთანხმებოდა ასეთ კლასიფიკაციას. იგი ამტკიცებდა, რომ აბსოლუტური მონარქია – ზუსტად რომ დესპოტიაა; მასში ბატონობს შიში და არა ზნეობა. ტირანიას იგი არქმევდა ისეთ რეჟიმს, სადაც კანონი უმოქმედოა. ტირანისა და მისი ქვეშევრდომების ურთიერთობები აგებულია შიშზე, სისასტიკესა და ძალადობაზე, ამიტომ ხალხს სძულს ტირანი. ტირანი მართავს პირველი მინისტრის მეშვეობით – მცირე დესპოტისა, რომლის ძალაუფლებისგან იტანჯებიან ქვეშევრდომები. იგი, ისევე, როგორც ტირანი, არ ემორჩილება კანონს. დესპოტიის ქვეშ ხალხი დამონებული და უმოქმედოა, რადგან მიჩვეულია მორჩილებას. ხალხის გამოყვანა მონობიდან და გზის მითითება თავისუფლებისკენ შეუძლია მხოლოდ გმირს, რომელიც მოკლავს ტირანს და მოიტანს თავისუფლებას. გმირის კულტი ალფიერის წარმოსახვაში ხალხისადმი უნდობლობის შედეგს წარმოადგენს. თავისუფლება მიიღწევა ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად, მაგრამ, მის შესანარჩუნებლად საჭიროა დიდი ძალისხმევა, ძალადობაც კი იმათზე, ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს ახალ წესებს. თავის ტრაქტატში ალფიერი ამართლებდა ძალადობას, როგორც აუცილებელ ინსტრუმენტს ახალი თავისუფალი საზოგადოების შექმნაში. მაგრამ ფრანგული რევოლუციის მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ, მან დაგმო ძალადობა, რომელსაც ადრე გადარჩენის საშუალებად თვლიდა.

ალფიერის ლიტერატურული შეხედულებები

თავისი ლიტერატურული შეხედულებები ალფიერიმ გამოაქვეყნა ტრაქტატში „ხელმწიფეზე და ლიტერატურაზე“ (1778-1786, გამოც. 1789), პასუხებში კრიტიკოსებს, თავისი ტრაგედიების წინასიტყვაობებსა და მემუარებში. ყველა ამ ნაწარმოებში გამოხატულია აზრი ხელოვნების საზოგადოებრივი მნიშვნელობის და აღმზრდელობითი როლის თაობაზე. ალფიერი აღნიშნავდა, რომ დესპოტიის შემთხვევაში გამორიცხულია შემოქმედების თავისუფლება და, შესაბამისად, თავისუფალი ლიტერატურაც. როდესაც თავისი პირველი ტრაგედიების წერას შეუდგა, ალფიერი მიზნად ისახავდა იტალიური ტრაგედიის რეფორმირებას, სურდა ექცია ის იმგვარ ჟანრად, რომელიც უპასუხებდა დროის მოთხოვნებს. ლიტერატურული გემოვნებით ალფიერი კლასიცისტი იყო, მაგრამ მისი ესთეტიკა იქმნებოდა XVII ს.-ის „მაღალი“ კლასიციზმის ესთეტიკასთან პოლემიკაში. ფრანგულ ტრაგედიაში მას არ აკმაყოფილებდა ბევრი რამ: ცენტრალური ადგილი, რომელიც სიყვარულს ეკავა მოქმედების განვითარებაში; გამართული, გალანტური ვნებები; პერსონაჟების მრავალრიცხოვნობა, ნაზი, რითმული ლექსები, ე.ი. თითქმის ყველაფერი, რაც შეადგენდა ამ რეგლამენტირებული ჟანრის თავისებურებას. ტრაგედიის რეფორმაში ალფიერი ემყარებოდა ძველ ბერძნულ ტრაგედიას, რომელშიც მას მოსწონდა აგებულების სიმარტივე და ასევე შექსპირს, რომლის ტრაგედიებშიც იტაცებდა ცხოვრებისეული სიმართლე, მოქმედების დინამიზმი და ადამიანების ხასიათების არაჩვეულებრივი სიღრმე, − ყველაფერი ის, რაც, მისი აზრით, აკლდა ფრანგულ თეატრს.

ალფიერი ამბობდა თავის თავზე, რომ ის ყოველთვის „სიმართლეს უჯერებდა“, მხედველობაში ჰქონდა ბუნების კანონები. იმისათვის, რომ მიეღწია ცხოვრებისეული სიმართლისათვის და ახლოს მისულიყო ძველბერძნულ ტრაგედიასთან, მან ოთხამდე შეამცირა მოქმედი პირების რიცხვი და ყურადღება გადაიტანა ერთ მთავარ პრობლემაზე. მოქმედების დიდი დინამიზმისა და დაძაბულობის მისაღწევად, ალფიერიმ თხრობის მეთოდი შეცვალა სანახაობით, წარმოადგინა სცენაზე ის, რაც კლასიცისტურ ტრაგედიაში ითვლებოდა სამარცხვინოდ: ორთაბრძოლა, მკვლელობა, სიკვდილი. ამას გარდა, მან განდევნა ტრაგედიიდან მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, გმირები უყვებოდნენ იმაზე, რაც მოხდა ან რა უნდა მომხდარიყო. მათ მაგივრად ალფიერიმ შემოიტანა მოქმედებაში მონოლოგები, რომლებსაც პერსონაჟები წარმოთქვამდნენ მარტოობაში. ალფიერიმ გაამდიდრა თავისი ტრაგედიები გრძნობებით და გულისხმობდა არა მარტო სიყვარულს, არამედ ყველანაირ ვნებას, რომელიც მთლიანად იპყრობდა ადამიანს. ვნება მთავარი იყო ალფიერისთვის იმიტომაც, რომ ის უბიძგებდა მოქმედებისკენ, რადგან „ბუნებრივი ლტოლვა“ არის ფუძე ნებისმიერი მოქმედებისა. ეს „ბუნებრივი ლტოლვა“, რომელიც გადადის მოქმედებაში, ქმნის დიდ ადამიანს, „ადამიანები, შეპყრობილები ძლიერი ვნებით... ყოველთვის სჩადიან უდიდეს საქმეებს“.

ტრაგედიის ფორმის სრულყოფისას, მისი მიახლოებით ბერძნულ ნიმუშთან, ალფიერი არ უარყოფდა სამ ერთიანობას, თუმცა ყოველთვის არ იცავდა ამ კანონს. მოქმედების ერთიანობას იგი უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებდა, მიიჩნევდა, რომ ის არის მაყურებელზე ტრაგედიის ზეგავლენის აუცილებელი პირობა, სხვა კი ორად ყოფს ინტერესს და ტრაგედია არ აღწევს თავის მიზანს.

ალფიერის ტრაგედიები

ალფიერის ტრაგედია ხასიათდება პერსონაჟების მცირე რიცხვით და სწრაფად განვითარებადი მოქმედებით. მის კალამს ეკუთვნის ოცზე მეტი ტრაგედია. ჩვეულებრივ, მათ რამდენიმე ჯგუფად ყოფენ:

პირველი − შეიცავს ტრაგედიებს, დაწერილს თემებზე ახალი ისტორიიდან: „ფილიპე“, „როზმუნდა“, „მარია სტიუარტი“, „დონ გარსია“ და სხვ. მათ შორის საუკეთესოდ ითვლება „ფილიპე“ (1775, გამოც. 1783).

ტრაგედიების მეორე ჯგუფს შეადგენენ ე. წ. „თავისუფლების ტრაგედიები“: „ვირგინიუსი“, „პაციას შეთქმულება“, „თიმოლეონი“, „ბრუტი პირველი“, „ბრუტი მეორე“. ეს ტრაგედიები დაწერილია სიუჟეტებზე ანტიკური ისტორიიდან.

განსაკუთრებულ, მესამე ჯგუფს წარმოადგენენ ტრაგედიები სიუჟეტებზე თებანური და ათრიდული ციკლიდან: „პოლინიკე“, „ანტიგონე“, აგამემნონი“, „ორესტეა“. მათ მიეკუთვნებათ „მეროპაც“.

კიდევ ერთ, მეოთხე ჯგუფს შეადგენენ სიყვარულის და ეჭვიანობის ტრაგედიები: „სოფონისბა“, „მირა“ და სხვ.

ტრადეგიის რეფორმა შეეხო არა მხოლოდ მის სტრუქტურას, არამედ სტილსაც. ალფიერი ფიქრობდა, რომ სტილი უნდა ეხმარებოდეს მსახიობს პერსონაჟის ჩვენებაში, ახსნას მისი სულიერი სამყარო და ფსიქოლოგია. დრამატურგის აზრით, ისტორიულ მოღვაწეებს ან ანტიკურ გმირებს არ შეეძლოთ მეტყველება სასაუბრო ენაზე. მეტი დამაჯერებლობისთვის მათი მეტყველება არქაიზირეული უნდა ყოფილიყო. ამას გარდა, ალფიერი თვლიდა, რომ გმირების ვნებების გამოსახატავად არ ივარგებდა რითმული ლექსი, რადგან ადამიანი, რომელიც ძლიერ გრძნობებს განიცდის, ლაპარაკობს წყვეტილად, მისი მეტყველება სავსეა წამოძახებებით და დაუსრულებელი ფრაზებით. ალფიერის თერთმეტმარცვლიანი ტრაგიკული ლექსი სავსეა დაძაბულობით, ხშირად დანაწევრებულია, დრამატურგი განზრახ ანიჭებს ლექსებს ხისტ ხორკლიანობას და წყვეტილობას, აახლოებს მათ დანტეს ლექსთან. ამან კრიტიკოსებს მისცა საბაბი, ელაპარაკათ ალფიერის სტილის „სიუხეშეზე“. ალფიერის ნოვატორობა იმაშიცაა, რომ სცენაზე გმირებს შორის მიმდინარეობს ცოცხალი საუბარი, რეპლიკების გაცვლაგამოცვლა, გამოძახილები, რაც ააქტიურებს მოქმედებას. ამგვარად, ტრაგედიის რეფორმა ენაშიც გამყარდა.

ტრაგიკული თეატრის სფეროში ალფიერი გამოვიდა ისეთივე რაფორმატორად, როგორც გოლდონი კომედიაში. სხვა საშუალებებით, ვიდრე გოლდონი, მაგრამ მის მსგავსად, ალფიერი ცდილობდა შეექმნა ხელოვნება, რომელიც პასუხობდა მისი დროის ამოცანებს, რომელიც ასახავდა მოწინავე იტალიური საზოგადოების ინტერესებს და რომელიც ცდილობდა დაემყარებინა პოლიტიკური და სულიერი თავისუფლება.

ლაშა ჩხარტიშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები