გელოვანი გაბრიელ
გელოვანი გაბრიელ – (XVIII ს-ის პირველი ნახევარი), გეოგრაფი, მემუარისტი. 1737 წ. თავის აღმზრდელს, ვახტანგ მეექვსის ამალის წევრს, იმერეთის მეფის ბაგრატის ასულს ნინოს გაჰყვა რუსეთში. იქ მთავარი საპოლიცმეისტერო კანცელარიის კაპიტნის ჩინს მიაღწია. გ. გელოვანს 1727 წ. რუსულიდან გადმოუღია გეოგრაფიის სახელმძღვანელო: „ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმგრგვლისათვის“ («География или краткое земного круга описание»). ეს არის პირველი ქართული თარგმანი მსოფლიო გეოგრაფიის წიგნისა. გ. გელოვანის ნაშრომი იმითაც არის საყურადღებო, რომ მას ახლავს ანდერძი, რომელიც აღწერს ვახტანგ მეექვსის ამალის მგზავრობას საქართველოდან ასტრახანამდე. ანდერძი თავისი ხასიათით მემუარული ჟანრის ლიტერატურას განეკუთვნება და, ფაქტობრივი მასალის სიუხვესთან ერთად, საყურადღებოა უშუალობითა და გამომსახველობით.
ტექსტი
- ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბ., 1955, გვ. 117–120.