ჩეხოვი ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ ჩეხოვი

ანტონ ჩეხოვი − (რუს. Антон Чехов, 1860-1904), რუსი ექიმი, მწერალი, დრამატურგი.

ანტონ პავლეს ძე ჩეხოვის სახელს უკავშირდება, სრულიად ახალი ტიპის თეატრის დაბადება ჯერ რუსეთში და შემდგომ მთელ დასავლურ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიომ ჩეხოვი არა მისი პროზით, არამედ დრამატურგიით გაიცნო. ჯერ დრამატურგია გაითავისეს, შეიყვარეს და შემდგომ დაინტერესდნენ ჩეხოვის პატარა მოთხრობებით და პროზით. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ მკურნალი ექიმი იყო, ის განსაკუთრებულად კარგად იცნობდა ადამიანს, მის ბუნებას, მის გენეტიკურ, თუ შეძენილ თვისებებს, იცნობდა და უყვარდა ადამიანი.

მის შემოქმედებაში აისახა რუსეთის ინტელიგენციის ზნეობრივი სამყარო, მოქალაქეობრივი დაუკმაყოფილებლობა, ცხოვრების აზრის ძიებანი.

80-90 წლების მიჯნაზე მან შექმნა რამდენიმე დრამატურგიული ეტიუდი და ვოდევილი: „თამბაქოს მავნებლობის შესახებ“, „გედის სიმღერა“, „დათვი“, „ქორწილი“, „უნებლიე ტრაგიკოსი“, „იუბილე“. 80-იანი წწ. მე-2 ნახევარში დაწერა პიესები „ივანოვი“ და „ტყის კაცი“. ამ ბოლო ნაწარმოების (მიჩნეული იყო შემოქმედებით მარცხად) გადამუშავების შედეგად შეიქმნა პიესა „ძია ვანია’’. 1895–1903 წწ. იგი ქმნის თავის საუკეთესო ნაწარმოებებს – „თოლია”, „ძია ვანია“, „სამი და“, „ალუბლის ბაღი“. მისი გმირების ამაღლებული ოცნებები ლირიკულ-მჭვრეტელობითია, მათი რომანტიკული სწრაფვანი რეალობასთან შეუსაბამოა. სინამდვილის წინაშე ისინი უსუსურნი და დაუცველნი არიან.

ბოლო პერიოდში შექმნილი მისი პიესები არ ექვემდებარება ტრადიციულ ჟანრულ განსაზღვრებას. პერსონაჟების დრამატული განცდები დამოკიდებულია არა იმდენად ურთიერთდაპირისპირებაზე, რამდენადაც მთლიანად მათი ცხოვრების შიდა წინააღმდეგობებზე. ამის გამო სიუჟეტური ინტრიგა არ გვევლინება მოქმედების ორგანიზატორად. კონფლიქტი გატანილია მეორე პლანზე. გმირების დახვეწილი ემოციონალური რეაქციები ამ პიესებს ანათესავებს იმპრესიონიზმთან. სწორედ ამან წარმოშვა დიალოგების „ქვეტექსტურობა“, ესოდენ ღრმა ჩეხოვის პიესებში. XX საუკუნის თეატრი წარმოუდგენელია ჩეხოვის პიესების გარეშე, იგი ერთ-ერთი ყველაზე რეპერტუარული დრამატურგია მსოფლიოს მასშტაბით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები