წარმოსახვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარმოსახვა – (ლათ. imaginari), ადამიანის უნარი მეხსიერებაში სახეობრივად აღიდგინოს წარსული გამოცდილების (განცდილის) კვალი და იგი შეათავსოს ან განათავსოს ახალ სახიერებაში.

ფსიქოლოგიაში ტერმინი „სახე“ გულისხმობს არა მხოლოდ მხედველობით, არამედ სმენით, ყნოსვით აღქმას და შეგრძნებას – ანუ შთაბეჭდილებათა მთელ სპექტრს. არსებობს პასიური (რეპროდუქტიული) წარმოსახვა, რომელიც ახდენს მეხსიერებაში ან სიზმარში წარსული სახეების მეტ-ნაკლები აღდგენას, და არსებობს აქტიური (პროდუქტიული) წარმოსახვა, რომელიც აწარმოებს კომბინირებას და ძველი სახეების და წარმოდგენების ახალში გარდაქმნას. ასეთ აქტიურ წარმოსახვას ეწოდება შემოქმედებითი და ხელოვნებაში ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. შემოქმედებითი წარმოსახვის განვითარებას ხელს უწყობს ემოციური მეხსიერება, მხატვრის უნარი აღიქვას და გადმოსცეს საკუთარი გრძნობები, საკუთარი მსოფლშეგრძნება, რაც ამასთანავე დაკავშირებულია მის მსოფლმხედველობასთან.

მხატვრულ შემოქმედებაში არსებობს 3 ძირითადი ეტაპი:
1) სინამდვილის შემეცნება და შთაბეჭდილებების შემოქმედებითი გადამუშავება;
2) მხატვრული ჩანაფიქრის აღმოცენება;
3) მისი რეალიზაცია ანუ ხელოვნების ნაწარმოებად გადაქცევა.
წარმოსახვის მრავალფეროვნება და სიძლიერე არ არის დამოკიდებული მხოლოდ ბუნებრივ მონაცემებზე. წარმოსახვაში ჩამოყალიბებული სახეები მოწმდება გონებით. ვინაიდან წარმოსახვა აღმოცენდება გამოცდილებიდან, იკვებება აზრებით და ცოდნით, მაშასადამე შესაძლებელია მისი წვრთნა, მიმართულების მიცემა, განვითარება.

სპექტაკლი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები, თავისი ბუნებით დაკავშირებულია დრამატურგის, რეჟისორის, მსახიობების და მაყურებლის წარმოსახვაზე. თეატრალური სანახაობა, მთლიანად პირობითი და დროში შეზღუდული, სწორედ წარმოსახვის წყალობით ახერხებს მოიცვას უამრავი მოვლენები, დაკავშირებული ადამიანების, სახელმწიფოს, ერების ბედთან.

მსახიობის როლზე მუშაობის დროს წარმოსახვის აქტიურ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მისი მონაწილეობა სცენური სახის შექმნის პროცესში, სხვადასხვაგვარად არის შეფასებული და გამჟღავნებული სხვადასხვა სკოლის და მიმართულების მსახიობთა შემოქმედებაში. იტალიურ კომედია დელ’არტეში მთავარი იყო წარმოსახვის სიმსუბუქე, სისწრაფე და სიცხოველე; იმპროვიზაციის პრინციპი მსახიობისგან მოითხოვდა იქვე დაბადებული მოვლენების და სიტყვების მიმართ მყისიერ რეაგირებას, სამოქმედო ამოცანების სწრაფ შეცვლას, გმირის დამახასიათებელი შტრიხების ადგილზევე აღმოჩენას.

არსებობენ მსახიობები, რომლებიც სცენური სახის შექმნას მთლიანად წარმოსახვას უკავშირებენ. ასე, მაგ., ფრანგ მსახიობ კოკლენს (უფროსი) და მის მიმდევრებს მიაჩნდათ, რომ როლის გარეგნული და ფსიქოლოგიური პორტრეტი აღმოცენდება და მკვიდრდება წარმოსახვაში როგორც დამთავრებული, დეტალურად გააზრებული და დამუშავებული მოდელი. ამის შემდგომ ხდება წარმოსახვაში შექმნილი სახის მაქსიმალური სრულყოფილებით კოპირება, მისი ასახვა მსახიობის მიერ. იგი პერსონაჟს ოსტატურად „წარუდგენს“ მაყურებელს როგორც გარეშე დამკვირვებელი. ეს მეთოდი სხვადასხვა ვარიაციით გაზიარებულ იქნა მ. ჩეხოვის, ვს. მეიერხოლდის, ნაწილობრივ – ბ. ბრეხტის მიერ.

ე.წ. რეალისტური (ასევე, ნატურალისტური) სკოლის წარმომადგენლები საჭიროდ თვლიან მხატვრული სახე აღიქვან არა მხოლოდ „გარედან“, არამედ შეიგრძნონ იგი საკუთარ თავში, იცხოვრონ გმირის გრძნობებით და ფიქრებით, განიმსჭვალონ მისი სულიერი სამყაროთი, წარმოსახვის საშუალებით თავი ჩაიყენონ გმირის მდგომარეობაში. ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკო განმარტავს, რომ როლს შეუძლია აღძრას ისეთი აფექტური მოგონებები, რომლებიც დავანებულია სულის ღრმა სამალავში და რომ ხელოვნების სასწაული მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე დაფარულ ინტიმურ განცდებს, თვით ისეთსაც კი, რომელსაც მსახიობი თავის თავსაც კი არ უმხელს, იგი დაუფარავად უზიარებს ათასობით ადამიანს. ასეთ შემთხვევაში წარმოსახვას მოკავშირედ ევლინება შემოქმედებითი ინტუიცია. წარმოსახვის წვრთნასა და შემოქმედებით მობილიზაციაზეა აგებული სტანისლავსკის სისტემა.

აქტიურ და ძლიერ წარმოსახვას დიდი როლი ენიჭება რეჟისორის ხელოვნებაში. მან არამარტო უნდა აკონტროლოს თითოეული შემსრულებლის მუშაობა როლზე, არამედ დაინახოს კიდეც მომავალი სპექტაკლი ანსამბლურ ჰარმონიაში, ყველა კომპონენტი დაუქვემდებაროს მხატვრულ ჩანაფიქრს. იგივე ითქმის სპექტაკლის მთელ სადადგმო ჯგუფზე (მხატვარი-დეკორატორი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი).

წარმოსახვა არის რეალობის აღქმის ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ ადამიანის ცნობიერებაში წარმოშობილი სახეები არ შეიძლება ჩაითვალოს რეალობის ასლად, შთაბეჭდილებების მექანიკურ გამეორებად. წარმოსახვას უნარი შესწევს ძალიან დაშორდეს პირველწყაროს, ჩამოყალიბდეს უცნაურ, ორიგინალური ხედვად. (ამის ნიმუშია ზღაპრული თუ მითოლოგიური სახეები – დევები, ურჩხულები, ალები და ა.შ.). წარმოსახვის ასეთი „თამაში“ ფანტაზიის წყალობაა, ხოლო თავად ხედვა კი ფანტასტიკური. ადამიანის მისწრაფება წარმოსახვითად მომავალი დაინახოს მისთვის სასურველ ვითარებაში ოცნებად იწოდება. წარმოსახვის ორივე ეს სახეობა უაღრესად მნიშვნელოვანია მხატვრულ შემოქმედებაში. მხატვრული ფანტაზია – ხშირად ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას რეალობის შესახებ. ის ზოგჯერ წინ უსწრებს თვით მეცნიერუ აღმოჩენებსაც კი და შეუძლია შეგვძრას სიმრთლის სიღრმით და მოულოდნელობით.

ექსპერიმენტულად დადგინდა (რ. ნათაძე), რომ წარმოსახვას შეუძლია შექმნას ფიქსირებული განწყობა, რაც როლში გარდასახვის უძლიერესი მექანიზმია. ნებისმიერი შემოქმედებითი აქტი უშუალოდ დაკავშირებულია წარმოსახვასთან.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები