კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია - მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით დაახლოებით 30 კმ–ში მდებარე სოფელ გოსტიბედან 1 კმ-ში, გზიდან 20-30 მეტრში, ძველ სასაფლაოზე. ასომთავრეული სამშენებლო წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1014-27 წლებში ასად სანივაჯის ძის მიერ. 2013 წელს ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,7X 11,9 მ), ნაგებია არათანაბარი ზომის უხეში რუხი ფერის ქვით; ინტერიერის კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, ხოლო კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით და შელესილია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ოდნავ შემაღლებული ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე - სწორკუთხა ნიშები. კამარა ეყრდნობოდა ქვემოთკენ მომრგვალებულ კონსოლებზე შეკიდულ საბჯენ თაღებს. სატრიუმფო და დასავლეთ კედლის თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის ნაწილში სარკოფაგია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

აღმოსავლეთი ფასადის კედელს განსაკუთრებულ მხატვრულ ელფერს ანიჭებს მოსაპირკეთებელი ქვების წყობა. აქ სარკმლის სათაურზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი. დასავლეთ ფასადის ცენტრში ჩადგმულია ღია ყვითელი ფერის ოთკუთხა ქვა, რომელსაც შემოვლებული აქვს ამობურცული განიერი ლილვი. ქვაზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული სამშენებლო წარწერაა, რომელშიც გარდა ეკლესიის აშენების თარიღისა და აღმშენებლის ასად სანივაჯის ძისა ნახსენები არიან გიორგი მეფე და მელქისედეკ კათოლიკოსი, სოფრონ ბედიელი მთავარეპისკოპოსი. წარწერიანი ქვის გასწრივ, ვიწრო სწორკუთხა ყვითელ ქვაზე ამოკვეთილია შეღრმავებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია ფასადის ქვედა ნაწილის მარჯვენა კუთხეში, მოზრდილ ქვაზე. ლავგარდანი შედგენილი იყო ირიბად ჩაკვეთილი სიბრტყისა და ვიწრო თაროსგან.

ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთით - სამკვეთლო, სამხრეთით - ეგვტერი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები