ობსესიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობსესიები - წარმოადგენს პერიოდულად განმეორებად პერსისტენტულ აზრებს, იმპულსებს ან ხატებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შეჩერების მცდელობისა, მაინც აღწევენ გონებაში ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის ბრძოლის სუბიექტური განცდა - პაციენტი წინააღმდეგობას უწევს აკვიატებას, რომელიც, მიუხედავად ამისა, მაინც იჭრება მის გონებაში. გარდა ამისა, პაციენტი დარწმუნებულია, რომ თუ რაიმეზე ფიქრობ, მოსალოდნელია რომ ეს რეალურად მოხდეს. ობსესიური აზრები საკუთარ აზრებად განიცდება და პიროვნება არ თვლის, რომ ისინი სხვის მიერ არის ჩანერგილი (აზრების „ჩადების” ბოდვისაგან განსხვავებით). ბოდვისაგან მეორე მნიშვნელოვანი განსხვავებაა ასევე ის, რომ პიროვნება ობსესიებს მცდარად და უაზროდ მიიჩნევს. ეს, ჩვეულებრივ, ეხება ისეთ თემებს, რაზეც პაციენტი წუხს ან რაც მისთვის უსიამოვნოა. მათ ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) თან სდევს კომპულსიები.

ის ფაქტი, რომ პაციენტი წინააღმდეგობას უწევს თავის აკვიატებას, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს, სხვა ნიშნებთან ერთად (იდეის შესახებ მუდმივი ან სრული დარწმუნებულობის არარსებობა), საშუალებას გვაძლევს, ობსესია ბოდვისაგან განვასხვაოთ. თუმცა, პრაქტიკაში მათი ერთმანეთისაგან განსხვავება შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან ხანგრძლივი ობსესიის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის შესუსტება შეინიშნება. გარდა ამისა, როდესაც ობსესიები ძალიან ინტენსიურია, პაციენტი შეიძლება ნაკლებად იყოს დარწმუნებული მათ სიმცდარეში. აქედან გამომდინარე, გულდასმით შედგენილი ავადმყოფობის ისტორია, რომელიც არა მარტო სიმპტომებს, არამედ სხვა საჭირო მახასიათებლებსაც მოიცავს (მაგ., კომპულსიებს, ფსიქოზის სხვა გამოვლინებებს), თავიდან აგვარიდებს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ასევე, აუცილებელია, განვასხვაოთ კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობსესიები და მსგავსი აზრები, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებთან იჩენს თავს, განსაკუთრებით დაღლილობის ან სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს. კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობსესიის დასადგენად უნდა აღინიშნებოდეს ისეთი მაჩვენებლებიც, როგორებიცაა დისფუნქცია და ობსესიური რწმენის მუდმივი არსებობა. ობსესიური სიმპტომები პიროვნების ანანკასტური აშლილობისთვისაც არის დამახასიათებელი.

ობსესიებს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს (იხ. ცხრილი)

სარჩევი

ობსესიური და კომპულსური სიმპტომები
ობსესიები
კომპულსიები (რიტუალები)
ობსესიური შენელება
ობსესიების თემატიკა

მრავალფეროვანია ობსესიების თემატიკა, რომელთა უმეტესობა შეგვიძლია ქვემოთ მოცემული ექვსი კატეგორიის მიხედვით დავაჯგუფოთ:

  1. ჭუჭყი და დაბინძურება
  2. აგრესია
  3. წესრიგი
  4. ავადმყოფობა
  5. სექსი
  6. რელიგია
ბოდვის შინაარსი
  • აზრები ჭუჭყისა და დაბინძურების შესახებ, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია სხვა ადამინისთვის ან საკუთარი თავისთვის ავადმყოფობის გავრცელების გზით ზიანის მიყენების იდეასთან.
  • აგრესიული აზრები შეიძლება ასახავდეს ადამიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, საზოგადოებაში აგრესიულად ყვირილს ან უწმაწური სიტყვების წამოძახებას.
  • წესრიგთან დაკავშირებული აზრები საგნების წესრიგში მოყვანას ან სამუშოს ორგანიზებას ეხება.
  • აზრები, რომლებიც ავადმყოფობას უკავშირდება, ჩვეულებრივ, შიშის შემცველია (მაგ., სიმსივნის ან ვენერიული დაავადების ძლიერი შიში).
  • ობსესიური იდეები სექსის შესახებ, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ისეთ ქმედებებთან, რომლებიც პიროვნებას სამარცხვინოდ მიაჩნია.
  • რელიგიასთან დაკავშირებული ობსესიები ხშირად იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს უჩნდება ეჭვი ფუნდამენტურ საკითხებში (მაგ., „არსებობს თუ არა ღმერთი?“) ან იმის თაობაზე, თუ რამდენად სრულად მოინანია თავისი ცოდვები („სინდისის ქენჯნა“).

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები