ხანჩალი (ტბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტბა ხანჩალი

ხანჩალი - ტბა სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე. ხანჩალის ტბა მდებარეობს დიდ ქვაბულში ნინოწმინდის დასავლეთით. ქვებულის სიგრძე 8-9 კმ-ია. სამხრეთ-დასავლეთით ქვებული ესაზღვრება ჩილდირისა და ჰექტეფის ქედების ჩრდილოეთ კალთებს (2800-2900მ). ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ქვებულს ესაზღვრება ვულკანური მთები, რომელთა ფარდობითი სიმაღლე ქვაბულის ფსკერიდან 70-120 მ-ია. ტბა ძლიერ წყალმარჩხია. ადრე იგი სიდიდით მე-5 ტბა იყო საქართველოში, რომლის მთლიანი ფართობი 13.1 კმ-ს შეადგენდა, ვიდრე მისი 2/3-ზე მეტი არ დააშრეს.

ხანჩალის ტბის სტატისტიკური მონაცემები ტბის დაშრობამდე:

  • ფართობი -13.1კმ2
  • სიგრძე - 7 კმ2
  • სიგანე - 2.5კმ2
  • სიღრმე - 0.7 მ
  • სიმაღლე ზღვის დონიდან - 1,928მ
  • ტემპერატურა - 10°C
  • მდინარის აუზის ფართობი - 176კმ2

1960-იან წლებში ტბის 2/3 ხელოვნურად დააშრეს საირიგაციო სისტემის გამო. ამჟამად ძველი წყალსატევი მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია შემორჩენილი. დამშრალ სივრცეზე კი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია (უმთავრესად კარტოფილის ნათესები) გადაჭიმული. ტბა მარაგდება სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ჩამავალი პატარა მდინარეებით. ტბას კვებავს 10 მცირე მდინარე, რომელთაგან 3 სეზონურია; მთელი ნაკადის საშუალო დებეტი 2 265 ლ/წმ-ია. ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან გამომავალი, ალექსანდრ-დერესის არხი და მდ. აგრიჩაი, ჰიდროკვანძის გავლით, ასაზრდოებს მდ ფარავანს. ქ. ნინოწმინდა და მიმდებარე სოფლები ტბიდან წარმოქმნილი ნაკადულებით მარაგდება. ტბაში ცოტაა თევზი. ხანჩალის ტბის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მცირე სიღრმისაა და გარეულ ფრინველს ძალზედ უადვილდება ტბის ფსკერიდან საკვების მოპოვება. ტბის მიდამოებში გაამრავლეს ონდატრა – არაადგილობრივი ძუძუმწოვარი, მღრღნელი. ტბის სანაპირო ზოლი დაჭაობებულია. წყალი მოლურჯო-მომწვანოა, აქვს არასასიამოვნო სუნი, დაბალია სინათლის შეღწევადობა. ინტენსიურია ევტროფიკაციის პროცესები, რაც დაკავშირებულია მიმდებარე სოფლის (დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, ხოჯაბეგი და სხვ.) მოსახლეობის მიერ სასუქების არასათანადო გამოყენებასთან. 1950- იან წლებში ტბის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამჟამად მათი ფართობი შემცირებულია.




წყარო

ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები