ახირებული (ჟურნალი)
„ახირებული“ (1919, თბილისი) - ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი კარიკატურებით.
გამოვიდა ორი რვეულის სახით - რვეული 1 (8/II); რვეული 2 (14/II). გამოცემის ადგილი, სტამბა და რედაქტორის გვარი არ არის აღნიშნული, მითითებულია ფსევდონიმებით: ეშმაკი და თაგუნა. ცნობილია, რომ „თაგუნა“ შალვა შარაშიძის ფსევდონიმია, ხოლო „ეშმაკი“ - ნესტორ კალანდაძისა (გ. ჭოხონელიძის ცნობით, ამ ფსევდონიმით იბეჭდებოდნენ ასევე კაპიტონ გოგოლაძე და არჩილ ჯაჯანაშვილი). ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა წერილი ხელმოუწერელია. აქ იბეჭდება ფელეტონები, შარადები, ლექსები, ძირითადად, უსათაუროდ.
„ახირებული“, პირველ ყოვლისა, საინტერესოა კარიკატურებით, რომლებიც დამოუკიდებლადაც გვხვდება და ტექსტის ამხსნელადაც. ამასთან, ხან სრულად გამოხატავს ავტორის ჩანაფიქრს, ხანაც - ნაწილობრივ. მაგალითად, პიესა „ინფორმაცია (უნამუსობა 2 მოქმედებათ)“ დასურათებულია კარიკატურებით, რომლებიც ავტორის სათქმელს თვალსაჩინოდ და მეტი სიმძაფრით გამოხატავს. პოლიტიკური სატირა ჟურნალის მთავარი ხელწერაა. ამ მხატვრულ ხერხს ავტორები ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თემების შარჟულად წარმოჩენისთვის. ლექსებში: „პეპელა“ , „ოთარიანი“ გაშარჟებულია პარლამენტი, მისი წევრები და სხდომების მიმდინარეობა. იუმორისტების მიერ „გამათრახებულ“ პოლიტიკოსთა შორის საერთაშორისო პოლიტიკის წარმმართველებიც ხვდებიან. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალში იბეჭდება იუმორისტული წერილი, თითქოს რუზველტი ოცნებობდა, გამხდარიყო სომხეთის პრეზიდენტი და არ დასცალდა.
მანანა შამილიშვილი
ლიტერატურა
- ჟურ. „ახირებული“, 1919;
- გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი