შენობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საგრადა ფამილია

შენობამშენებლობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს მოცულობით სამშენებლო სისტემას, აქვს მიწისზედა და/ან მიწისქვეშა ნაწილები, რომლებიც მოიცავს საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ქსელებსა და სისტემებს და გამიზნულია ადამიანების საცხოვრებლად, წარმოების განსათავსებლად, პროდუქციის შესანახად, ცხოველებისა და ფრინველების მოსათავსებლად და სხვ.

განასხვავებენ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებს.

საცხოვრებელი შენობა (სახლი) შედგება ძირითადი ოთახებისაგან და დამხმარე სათავსებისაგან. მათ მიეკუთვნება: მუდმივად საცხოვრებელი სახლები, საერთო საცხოვრებლები, ინვალიდთა და მოხუცებულთა თავშესაფრები, საბავშვო სახლები, სკოლა-ინტერნატები და სხვ.

არასაცხოვრებელი შენობების დანიშნულებაა მოსახლეობისათვის შრომის პირობების შექმნა, სოციალურ-კულტურული მომსახურების და მატერიალური ფასეულობების შენახვის უზრუნველყოფა. მათ მიეკუთვნება: სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომერციული, ადმინისტრაციული, საკულტო, სასწავლო, ჯანდაცვის, თავდაცვითი და მისთ.

ზაიდის მეჩეთი

ანტიკური ხანიდან დღემდე არსებობს უამრავი განსხვავებული სტილის შენობები, როგორიცაა: არტდეკო, არტნუვო, ასტურიული, ბაროკო, ბაუჰაუზი, ბიდერმაიერი, ბიზანტიური, ბლობიტექტურა, ბოზარტი, გოტიკური, დეკონსტრუქტივიზმი, ესპანური ნეოკოლონიური, ექსპრესიონიზმი, ვიქტორიანული, კუპელჰალე, კონსტრუქტივიზმი, კონსტრუქციული ექსპრესიონიზმი, მოდერნისტული, ნაცისტური, ნეობაროკო, ნეოკლასიციზმი, ნეომავრიტანული, ნეორენესანსი, ნიუ-იორკის ხუთეული, ნორდული კლასიციზმი, პოსტმოდერნისტული, რენესანსული, რაციონალიზმი, რეტროფუტურიზმი, როკოკო, რომანული, რომაული, საერთაშორისო სტილის, სიცილიური ბაროკო, სტალინისტური არქიტექტურა, სტრიმლაინ-მოდერნი, სუაჰილის არქიტექტურა, ფუნქციონალიზმი, ჩიკაგოს სკოლა, ჩინური, ჰაიტეკი, ჰელენისტური და სხვ.

საშენი მასალის მიხედვით შენობა შეიძლება იყოს: ხის, ქვის, აგურის, პოლიმერული მასალების, ბეტონის, რკინაბეტონის, ლითონის და შერეული.

მსოფლიოში უამრავი შესანიშნავი შენობაა აგებული, რომელთა შორის სილამაზითა და არქიტექტურული გამომსახველობით გამოირჩევა: საგრადა ფამილია ქ. ბარსელონაში, ესპანეთის სამეფო; მაცხოვრის ტაძარი, ქ. სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის ფედერაცია; თაჯ-მაჰალი ქ. აგრაში და ოქროს ტაძარი ქ. ამრიტსარში, ინდოეთის რესპუბლიკა; შეიხ ზაიდის მეჩეთი ქ. აბუ-დაბიში და ბურჯ ალ-არაბი დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროები; ვატ-რონგ-ჰუნი (თეთრი ტაძარი) ქ. ჩიანგ რაიში, ტაილანდის სამეფო; ოპერის თეატრი ქ. სიდნეიში, ავსტრალიის რესპუბლიკა; ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ქ. შარტრში, საფრანგეთის რესპუბლიკა; სავაჭრო ცენტრის კომპლექსი ქ. ნიუ-იორკში, აშშ; პარლამენტის შენობა ქ. ლონდონში, ინგლისი; სასტუმრო „ბრისტოლი“ ქ. ოდესაში, უკრაინა; ბანკ „ამერიკა“-ს მთავარი შტაბ-ბინა ქ. შარლოტაში, აშშ; ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი ქ. ვალენსიაში, ესპანეთის სამეფო; ნოიშვანშტაინის ციხე-დარბაზი ქ. ფიუსენში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; ლოტოსის ტაძარი (ბაჰაისტური სამლოცველო სახლი) ქ. დელიში, ინდოეთის რესპუბლიკა; ოპერისა და ბალეტის თეატრი ქ. თბილისში, საქართველო და სხვ.

შენობის ნაწილები და მახასიათებლები

1. სახურავის ნაწილები, რომლებიც გადადის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ საზოგადოებრივ ან/და მესამე პირთა საკუთრებაში არსებულ ნაწილებზე, ან რომლებიც მდებარეობს სადარბაზო შესასვლელების ზემოთ, აღჭურვილი იმგვარი მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვას თოვლის, ყინულის ან სახურავის ნაწილების ჩამოცვენისაგან. სახურავთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება მოსახმარად უსაფრთხო საშუალებები;
2. შენობების მზიდი კონსტრუქციული ნაწილები (კედელი, სვეტი, რიგელი და სხვ.) უნდა იყოს მდგრადი და ცეცხლგამძლე, სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;
3. სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინისათვის, ოფისისათვის, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის) გამოყენებული ფართობის განსაზღვრა:

ა) სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და სვეტების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონის დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი);
ბ) მათი არსებობის შემთხვევაში სამყოფების ფართობში შედის ლოჯიისა და ვერანდის ფართობები;

4. შენობის მოცულობა შედგება მისი მიწისზედა და მიწისქვეშა მოცულობების ჯამისაგან;
5. შენობის მიწისზედა მოცულობის განსაზღვრა:

ა) შენობის მიწისზედა მოცულობა განისაზღვრება მისი მიწისპირა და მიწისზედა სრული, არასრული და ტექნიკური სართულების, მათ შორის, სხვენისა და მანსარდის მოცულობათა ჯამისაგან;
ბ) სართულის მოცულობა განისაზღვრება სართულის გარე კონტურის (აივნებისა და ტერასების გარეშე) ფართობის ნამრავლით სართულის სიმაღლეზე;
გ) ერკერები, ვერანდები, ლოჯიები შედის სართულის გარე კონტურის ფართობში;
დ) მანსარდისა და სხვენის მოცულობა განისაზღვრება მისი ფუძის კონტურის ჰორიზონტალური კვეთის ფართობის ნამრავლით მის საშუალო სიმაღლეზე;

6. შენობის მიწისქვეშა მოცულობა განისაზღვრება მისი მიწისქვეშა სრული, არასრული და ტექნიკური სართულების მოცულობათა ჯამისაგან;
7. ერთ სართულად ითვლება სართული, რომლის იატაკიც მდებარეობს ერთ ნიშნულზე, ასევე სართული, რომლის იატაკის დონეებს შორის სხვაობა არ აღემატება 1,8 მეტრს;
8. ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა;
9. შენობის კონსტრუქციული სართულიანობა განისაზღვრება ერთი შენობის მიწისქვეშა, მიწისა და მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამით;
10. შენობის მიწისზედა სართულიანობა განისაზღვრება ერთი შენობის მიწისა და მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამით;
11. სართულის სიმაღლე არის:

ა) როდესაც იატაკი მდებარეობს ერთ ნიშნულზე – იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედა ნიშნულსა და სართულშუა გადახურვის ძირითადი კონსტრუქცი(ებ)ის ზედა ნიშნულ(ებ)ს შორის საშუალო ვერტიკალური მანძილი;
ბ) როდესაც იატაკი მდებარეობს სხვადასხვა ნიშნულზე – სართულის დონეების საშუალო სიმაღლე. სართულის თითოეული დონის საშუალო სიმაღლე განისაზღვრება ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად;

12. მანსარდის სიმაღლე არის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედა ნიშნულსა და ჭერის კონსტრუქციის ქვედა ზედაპირს შორის არსებული საშუალო მანძილი;
13. შენობის კონსტრუქციული სიმაღლე აითვლება ერთი შენობის ძირითადი კონსტრუქციის საძირკვლის ქვედანიშნულიდან (ხიმინჯების სიმაღლის გამოკლებით მათი არსებობის შემთხვევაში);
14. სართულის განაშენიანების ფართობი განისაზღვრება სართულის გეგმის გარე კონტურში მოქცეული ფართობით, ტერასების ფართობების გამოკლებით;
15. შენობის განაშენიანების ფართობი არის ყველა სართულის განაშენიანების ფართობის ჯამი;
16. სართულის ფართობი არის სართულის შემომსაზღვრელ კედლებსა და სვეტებს შორის არსებული ფართობი მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და სვეტების ფართობის გამოკლებით, აივნებისა და ტერასების ფართობების დამატებით;
17. შენობის ფართობი არის ყველა სართულის ფართობის ჯამი;
18. შენობის ნაწილების მიმართ ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა სხვა დამატებითი მოთხოვნები და მახასიათებლები, აგრეთვე შენობის სხვა ნაწილები და მახასიათებლები განისაზღვრება სამშენებლო რეგლამენტით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები