ალიგოტე
(→ჯიშის აგროტექნიკის ზოგიერთი თავისებურებანი) |
(→ჯიშის აგროტექნიკის ზოგიერთი თავისებურებანი) |
||
ხაზი 180: | ხაზი 180: | ||
აგროტექნიკის საკითხებიდან ყურადღებას იპყრობს ვაზის გასხვლა-ფორმირება. დიდი დატვირთვის დროს ალიგოტე ნაადრევად ამთავრებს თავის ნორმალურ ზრდა-განვითარებას და მოსავლიანობასაც, რის გამოც ვენახი ადრევე გამოდის წყობიდან. ასე, მაგალითად, 1939-40 წლებში მუხრანის მევენახეობის ზონაში, როდესაც ვაზის დიდი დატვირთვის ტენდენცია ტრაფარეტულად დაინერგა ყველა ვაზის ჯიშის მიმართ, ყველაზე მეტად იგი უარყოფითად გამომჟღავნდა ალიგოტესა და შავ პინოზე. ამის გამო განსაკუთრებული და სასწრაფო ღონისძიებათა ჩატარება შეიქნა საჭირო დასახელებულ ჯიშთა ნაკვეთების მდგომარეობის გამოსასწორებლად, ცხადია, ამ უარყოფით მოვლენას ხელი შეუწყო აგრეთვე ვაზების ერთბაშებრივად გადაყვანამ მცირე დატვირთვის ფორმებიდან დიდი დატვირთვის ფორმებზე. | აგროტექნიკის საკითხებიდან ყურადღებას იპყრობს ვაზის გასხვლა-ფორმირება. დიდი დატვირთვის დროს ალიგოტე ნაადრევად ამთავრებს თავის ნორმალურ ზრდა-განვითარებას და მოსავლიანობასაც, რის გამოც ვენახი ადრევე გამოდის წყობიდან. ასე, მაგალითად, 1939-40 წლებში მუხრანის მევენახეობის ზონაში, როდესაც ვაზის დიდი დატვირთვის ტენდენცია ტრაფარეტულად დაინერგა ყველა ვაზის ჯიშის მიმართ, ყველაზე მეტად იგი უარყოფითად გამომჟღავნდა ალიგოტესა და შავ პინოზე. ამის გამო განსაკუთრებული და სასწრაფო ღონისძიებათა ჩატარება შეიქნა საჭირო დასახელებულ ჯიშთა ნაკვეთების მდგომარეობის გამოსასწორებლად, ცხადია, ამ უარყოფით მოვლენას ხელი შეუწყო აგრეთვე ვაზების ერთბაშებრივად გადაყვანამ მცირე დატვირთვის ფორმებიდან დიდი დატვირთვის ფორმებზე. | ||
− | მრავალწლიური მონაცემების მიხედვით გასხვლის ფორმებიდან საუკეთესო ეფექტის მომცემია ქართული ორმხრივი [[შპალერი]] გაორებული შტამბით, სადაც ვაზის საერთო დატვირთვა 16-18 კვირტს არ აღემატება. ამგვარად ფორმირებული ვაზი აგროტექნიკის მაღალ ფონზე იძლევა, როგორც ვეგეტატიური ნაწილების ნორმალურ განვითარებას, ისე უხვსა და მაღალხარისხოვან პროდუქციას. | + | მრავალწლიური მონაცემების მიხედვით გასხვლის ფორმებიდან საუკეთესო ეფექტის მომცემია ქართული ორმხრივი [[შპალერი (მცენარის)|შპალერი]] გაორებული შტამბით, სადაც ვაზის საერთო დატვირთვა 16-18 კვირტს არ აღემატება. ამგვარად ფორმირებული ვაზი აგროტექნიკის მაღალ ფონზე იძლევა, როგორც ვეგეტატიური ნაწილების ნორმალურ განვითარებას, ისე უხვსა და მაღალხარისხოვან პროდუქციას. |
ვაზის დანარჩენი ფორმებიდან როგორიცაა – კორდონები, მრავალსაკავებლიანი სხვლა, სადაც ვაზის დატვირთვა 20 კვირტს აღემატება, ალიგოტესათვის მიუღებლად უნდა ჩაითვალოს. | ვაზის დანარჩენი ფორმებიდან როგორიცაა – კორდონები, მრავალსაკავებლიანი სხვლა, სადაც ვაზის დატვირთვა 20 კვირტს აღემატება, ალიგოტესათვის მიუღებლად უნდა ჩაითვალოს. |
14:33, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ალიგოტე - ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია.
თავის სამშობლოში იგი იძლევა მასობრივი მოხმარების მსუბუქ თეთრ ღვინოს, ხოლო მევენახეობის ზოგიერთ რაიონში და კერძოდ საქართველოში, მისგან მზადდება მაღალი ხარისხის სუფრის ღვინო და საშამპანურე ღვინომასალა. ამის გამო იგი შეტანილია საქართველოს ვაზის სტანდარტულ ასორტიმენტის სიაში.
სპეციალურ ლიტერატურაში ალიგოტე ცნობილია თეთრი პინოს სახელწოდებით, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. დასახელებული ჯიში პინოსაგან არსებითად განსხვავდება, როგორც მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშნებით, ისე სამეურნეო თვისებებით.
საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, კერძოდ მცხეთის რაიონის მუხრანის მევენახეობის ზონაში, ალიგოტემ საუკეთესო შედეგები მოგვცა, როგორც მოსავლიანობით, ისე პროდუქციის ღირსებით. იგი ჩვენი რესპუბლიკის სტანდარტულ ასორტიმენტის სიაში „მუხრანულის“ სახელითაა შეტანილი, მაგრამ საჭიროა მას ძველი სახელი დაუბრუნდეს.
ჯიში თავისი მორფოლოგიური ნიშნებით და ბიოლოგიური თვისებებით სრულიად განსხვავებულია პონტოს მხარის ჯიშებისაგან და მიეკუთვნება დასავლეთ ევროპის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ვაზის ჯიშთა ჯგუფს.
თუ საიდან წარმოიშვა ეს ჯიში ან როგორი ევოლუცია განიცადა მან საუკუნეთა მანძილზე, ამის შესახებ ლიტერატურული ცნობები არ მოიპოვება. ვიალასა და ვერმორელის ამპელოგრაფიაში (9) მოხსენებულია ალიგოტეს არსებობა ბურგუნდიაში XVIII საუკუნეში, ხოლო უფრო მოგვიანებით შამპანსა და სხვა რაიონებში.
რუსეთში ალიგოტე მცირეოდენი ნარგავების სახით ყოფილა გავრცელებული XIX საუკუნის დასაწყისიდან, უფრო ფართოდ ვრცელდება ამავე საუკუნის მიწურულიდან და XX საუკუნის დასაწყისში. განსაკუთრებით იგი ვრცელდება უკრაინაში, ყირიმში, მოლდავეთში, დონის მევენახეობის ზონაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, კრასნოდარის მხარეში, ანაპის, ნოვოროსისკის, დაღესტნისა და სხვ. რაიონებში.
ამჟამად ჯიში ფართოდ გავრცელებულია მოლდავეთში განსაკუთრებით მდ. დნესტრის ხეობაში. 1940 წლის აღწერით აქ 5 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი უჭირავს. უკრაინაში, უმთავრესად ოდესის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში – 800 ჰექტარი. ანაპისა და ნოვოროსისკის რაიონებში – 600 ჰექტარზე მეტი; ყირიმში უმთავრესად ბალაკლავის, იალტის, სუდაკის, ბახჩისარაის რაიონებში – 300 ჰექტარამდე. გარდა ამისა შედარებით მცირე მასივებად არის წარმოდგენილი აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ყაბარდოს, დაღესტნის, სტალინგრადის და ჩრდილო-ოსეთის მევენახეობის რაიონებში (7).
დასავლეთ ევროპაში, გარდა საფრანგეთისა ალიგოტე გავრცელებულია ბალკანეთის ქვეყნებში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.
საქართველოში ალიგოტე შემოტანილია XX საუკუნის დასაწყისში. იგი პირველად გაუშენებიათ მუხრანის მევენახეობის ზონაში (მცხეთის რ-ნი), სადაც მოკლე დროის განმავლობაში თავისი პროდუქციის მაღალი ღირსებით მან ფართო გავრცელება ჰპოვა შიდა ქართლის მევენახეობის (მცხეთის, კასპის, გორის) რაიონებში.
ჩვენს ქვეყანაში შამპანური მეღვინების განვითარებასთან დაკავშირებით სხვა ჯიშებთან ერთად ალიგოტე ფართოდ გავრცელდა ზემო და შუა იმერეთის მევენახეობის რაიონებშიაც (ხარაგოული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა). დასახელებულ რაიონებში ამ ჯიშის პროდუქცია განკუთვნილია საკუპაჟე მასალად ქართული შამპანური ღვინის დასამზადებლად.
ალიგოტე ფართოდ ვრცელდება აგრეთვე საქარვთელოს მთიან რაიონებშიაც (თეთრი წყარო, დმანისი, ლენტეხი, გურიის მთიანი ზონა, შუახევი, ხულო), რომლის პროდუქციას იყენებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკმაოდ ხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასამზადებლად.
1953 წლის სტატისტიკური აღწერით ალიგოტეს საერთო ფართობი საქართველოში შეადგენდა 540 ჰექტარს. პერსპექტიული გეგმით უახლოეს ათი წლის მანძილზე გათვალისწინებულია მისი გაშენება ძირითადად ქართლის, იმერეთისა და რესპუბლიკის მაღალმთიან რაიონებში 2000 ჰექტარამდე; მისი პროდუქცია ძირითადად განკუთვნილია საკუპაჟე მასალად შამპანური ღვინის დასამზადებლად და აგრეთვე ხარისხოვანი სუფრის ღვინის დასაყენებლად.
სარჩევი |
ბოტანიკური აღწერა
ალიგოტე აღწერილია საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მუხრანის სასწავლო მეურნეობაში (მცხეთის რ-ნი). ნაკვეთი გაშენებულია 1934 წელს, სამხრეთ დაქანებაზე. ნიადაგი მძიმე თიხნარია, კალციუმის კარბონატების საკმაო შეცულობით. ვაზები დაყრდნობილია მავთულზე და ფორმირებულია ქართული ორმხრივი წესით. შესადარებლად ჯიში აღწერილია დიღმის მევენახეობის სასწავლო მეურნეობის კოლექციაში (თბილისის რ-ნი).
ახალგაზრდა ყლორტი
ზრდის კონუსი მოთეთროა მოწითალო ელფერით და დაფარულია მოოქროსფრო ბუსუსით. პირველი და მეორე ახლად გაშლილი ფოთლები ზემოდან ღია მომწვანო-მოყვითალო ელფერით. ფირფიტის კიდურებს და კბილანებს ემჩნევათ მოწითალო ღვინისფერი. ქვემო მხრიდან დაფარულია სქლად მოთეთრო-ნაცრისფერი ბუსუსით. მომდევნო მესამე და მეოთხე ფოთოლაკები ზემო მხრიდან ღია მწვანეა მოყვითალო ბრინჯაოსებრი ელფერით და მცირედ არის დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით, ქვემო მხრიდან ფოთლები დაფარულია საკმაოდ სქლად ნაცრისფერი ბეწვისებრი ბუსუსით.
ახალგაზრდა ყლორტი მთელ სიგრძეზე ხშირად მოწითალო ღვინისფერია მოყავისფრო ელფერით, ზოგჯერ ღია მწვანეა და დაფარულია ოდნავ მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.
შემოსული რქა
მოწითალო-ყავისფერია, მუხლებზე ახასიათებს მოიისფრო ელფერი და უხვად არის დაფარული სანთლისებრი ცვილით. თითქმის საშუალო სიმსხოსია, მუხლთშორისის საშუალო სიგრძე 7-11 სმ-მდე აღწევს.
ფოთოლი
ზრდადამთავრებული ფოთლი ღია მწვანეა მოყვითალო ელფერით და რამდენიმედ ბრჭყვიალაა. იგი ფორმით მომრგვალოა და ოდნავ დანაკვთული. მისი სიგრძე აღწევს 16,8-17,4 სმ, ხოლო სიგანე 17,1-17,7 სმ.
ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ხშირად ჩანგისებრი ფორმისაა – მახვილი ფუძით. გვხვდება აგრეთვე ისევ ღია თაღისებრი ფორმის ამონაკვეთები მახვილი ან მომრგვალო ფუძით, იშვიათად ისრისებრია ან დახურული ვიწრო ელიფსური ნაპრალით.
ზემო ამონაკვეთი მეტად მცირედ არის ჩაჭრილი ან საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის. გვხვდება აგრეთვე საკმაოდ ღრმად ჩაჭრილი და ჩანგისებრი ან კვერცხისებრი ფორმის დახურული ამონაკვეთებიც. ქვემო ამონაკვეთი არ ახასიათებს ან უმნიშვნელოდ არის ჩაჭრილი.
ნაკვთების წვერის კბილები ვიწრო სამკუთხედისებრია მოგრძო და წამახვილებული წვერით. გვხვდება მომრგვალო ხერხკბილა-სამკუთხედისებრი ფორმის კბილებიც მახვილი ან წამახვილებული წვერით. მეორადი კბილები ისევ სამკუთხედისებრია, მრგვალი წვერით, ზოგჯერ ხერხკბილა სამკუთხედისებრია ცალმხრივ ამოზნექილ გვერდითა და წამახვილებული წვერით.
ფოთოლი მუქი მწვანეა. მისი ზემო მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ფირფიტის ზედაპირი ბრტყელია, ზოგჯერ ნაპირებით ქვემოთ არის ჩამოწეული. ქვემო მხრიდან უფრო ღია ფერისაა და მცირედ არის შებუსვილი მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ფოთოლცვენის დასაწყისისათვის იგი იღებს მოყვითალო შეფერვას, რომელიც შემდეგ გადადის მოყვითალო ლიმონისებრ ფერში.
ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,85-0,95 აღწევს, ყუნწი შიშველია და ხშირად შეფერილია მოწითალო ღვინისფრად.
მთავარი ძარღვები საკმაოდ შესამჩნევია და შეფერილია მოწითალო ღვინისფრად.
ყვავილი
ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. მტვრიანები საკმაოდ გადახრილია ბუტკოდან. მტვრიანები ხუთია, იშვიათად გვხვდება ოთხი ან ექვსი მტვრიანაც. მტვრიანას შეფარდება ბუტკოსთან 1,5-მდე აღწევს. ნასკვი განიერ კონუსისებრია. ყვავილები ყვავილედში 250-მდეა.
მტევანი
მტევნის ყუნწის სიგრძე 2,0-3.5 სმ უდრის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში იგი ფუძესთან ახლოს მცირედ ხევდება, რის გამოც რქას საკმაოდ ძნელად სცილდება. ყუნწის დანარჩენი ნაწილი კლერტით ბალახმაგვარია და ღია მწვანე ფერისაა.
მტევანი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა. მისი სიგრძე 11,0-14,5 სმ აღწევს, ხოლო სიგანე 8,0-9,5 სმ, ფორმით ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია, ზოგჯერ ფრთიანი. ძლიერ კუმსი, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მეტად კუმს მტევნებში მარცვლები ხშირად დეფორმირებულია.
მარცვალი
მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით აღწევს 4-5,5 მმ. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებულია და განიერი კონუსისებურია, მარცვალი საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული საჯდომ ბალიშზე. მარცვალი თეთრი-მომწვანოა, მზის მხრიდან მოყვითალო ზოგჯერ შეჭორფლილია და დაფარული მოყავისფრო წერტილებით, საშუალო ან საშუალოზე მცირეა მისი სიგრძე 11,5-15,5 მმ, ხოლო სიგანე 11,4-15,5 მმ აღწევს. ფორმით მომრგვალოა, შუა წელში განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს, სიმეტრიულია და თხელკანიანი, მცირე ხორციანი და მომეტებულ წვნიანია. გემოთი ჩვეულებრივ ტკბილი. მარცვლის კანი ცვილით მცირედ არის დაფარული.
წიპწა
მარცვალში 1-4 ცალი წიპწაა. ჭარბობს 2-3 წიპწიანი მარცვლები. წიპწის სიგრძე აღწევს 6-6,5 მმ, სიმსხო 3-3,5 მმ. ზურგის მხრიდან ყავისფერია. მუცლის მხრიდან ღარებში ხშირად გადაჰკრავს ოდნავ მოყვითალო ელფერი. ქალაძა საკმაოდ გამოსახულია და ფორმით მორგვალო ან ოდნავ ოვალური. მუცლის მხარეზე ღარები საკმაოდ ღრმაა და მკვეთრად გამოსახული. ნისკარტი თითქმის ცილინდრული ფორმისაა, მისი სიგრძე 1,5 მმ აღწევს.
აგრობიოლოგიური დახასიათება
ბიოლოგიური ფაზების, მსვლელობა
ფენოლოგიური დაკვირვებანი წარმოებდა მუხრანის სასწავლო მეურნეობაში (მცხეთის რ-ნი) და დიღმის მევენახეობის სასწავლო მეურნეობის კოლექციაში (თბილისის გარეუბანი).
ბიოლოგიური ფაზების მიმდინარეობაზე მრავალწლიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ 1-ლ ცხრილში.
ცხრილი 1.
- ალიგოტეს სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა
მევენახეობის რაიონის დასახელება და დაკვირვების წარმოების ადგილი | კვირტების გაშლის დასაწყისი | ყვავილობის დასაწყისი | შეთვალების დასაწყისი | სრული სიმწიფე | სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა ვაზის გაღვიძ. ყურძ. სრულ სიმწიფემდე (დღეები) |
ფოთოლცვენის დამთავრება | სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა ვაზის გაღვიძებ. ფოთოლცვენ. დამთავ. (დღეები) |
ჯამი ტემპერატ. კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე გრადუსობით |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
მუხრანის სასწავლო მეურნეობა (მცხეთის რ-ნი) | 18-25.IV | 1-6.VI | 15-20.VIII | 17-25.IX | 153-154 | 15-20.XI | 210-212 | 3000 |
დიღმის სასწავლო მეურნეობა (თბილისის გარეუბანი) | 15-23.IV | 1-3.VI | 10-15.VIII | 7-10.IX | 141-146 | 18-22.XI | 214-218 | 3200 |
საქარის საცდელი სადგური (ზესტაფონის რ-ონი) | – | – | – | – | 150 | – | – | – |
თელავის საცდელი სადგური (თელავის რ-ნი) | 22.IV | 7.VI | 14.VIII | 13.IX | 145 | – | – | 2830 |
შიდა ქართლის პირობებში სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტების გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 154 დღემდე აღწევს. შუა იმერეთის ზონაში (საქარა) ეს ხანგრძლიობა 150 დღით განისაზღვრება, ხოლო კახეთში (თელავი) – 145 დღეს არ აღემატება. დასახელებულ პუნქტებიდან ჯიში ყვავილობას რამდენიმე დღით ადრე იწყებს საქარასა და დიღმის მევენახეობის ზონებში (30.V-3.VI) და ამის შესაბამისად ყურძენიც უფრო ადრე იწყებს აღნიშნულ ზონებში დამწიფებას (აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი დეკადა). თბილი და ხანგრძლივი შემოდგომის შემთხვევაში ჯიშის სავეგეტაციო პერიოდი შუა იმერეთის პირობებში საკმაოდ გაგრძელებულია, რაც თითქმის ნოემბრის ბოლო რიცხვებამდე გრძელდება.
აქვე მოგვყავს ვ. ლოზასა და ა. ნეგრულის მიერ (7) შეკრებილი მასალები საბჭოთა კავშირის მევენახეობის ზოგიერთ რაიონებიდან ჯიშ ალიგოტეს ბიოლოგიური ფაზების მიმდინარეობაზე (იხ. ცხრ. 2).
ცხრილი 2
- ალიგოტეს ბიოლოგიური ფაზების მსვლელობა საბჭოთა კავშირის მევენახეობის ზოგიერთ რაიონში
დაკვირვების წარმოების ადგილი | წელი | კვირტების გაშლის დასაწყისი |
ყვავილობის დასაწყისი |
შეთვალების დასაწყისი |
სრული სიმწიფე |
ჯამი ტემპერატ. კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე (დღეები) |
ტემპერატურის ჯამი კვირტების გაშლიდან ყურძნის სიმწიფემდე გრადუსობით |
---|---|---|---|---|---|---|---|
კიშინიოვი, ინსტიტუტი „მაღარაჩი“ | 1945-1948 | 20.IV | 1.VI | 5.VIII | 7.IX | 140 | – |
ოდესა, ინსტიტუტი | 1945-1949 | 28.IV | 5.VI | 10.VIII | 5.IX | 130 | – |
იზმაილის ოლქი, სოფ. შაბო | 1946-1949 | 20.IV | 30.V | 13.VIII | 2.IX | 135 | 2900 |
კრასნოდარის მხარე, სანერგე | 1926-1928 | 26.IV | 1.VI | 16.VIII | 16.IX | 143 | 2850 |
საბჭოთა მეურნეობა, მცირე მიწა | ორი წლის საშ. | 21.IV | 5.VI | 7.VIII | 9.IX | 141 | – |
ანაპა, I საცდელი სადგური | 1937-1941 | 16.IV | 6.VI | 7.VIII | 9.IX | 134 | – |
ანაპა, II საცდელი სადგური | 1938-1941 | 13.IV | 2.VI | 7.VIII | 8.IX | 128 | 2780 |
იალტა „მაღარაჩი“ | 1932-1939 | 17.IV | 5.VI | 3.VIII | 21.IX | 157 | 3370 |
კიროვობადი, საცდელი სადგური | 1939-1940 | 16.IV | 26.V | 14.VIII | 17.IX | 154 | 3430 |
დერბენდი, საცდელი სადგური | 1935-1940 | 23.IV | 5.VI | 6.VIII | 28.VIII | 127 | 2770 |
ნოვოჩერკასკი, ინსტიტუტი | 1938-1940 | 30.IV | 7.VI | 11.VIII | 6.IX | 129 | 2830 |
კუიბიშევი, საცდელი სადგური | 1937-1939 | 18.V | 3.VI | 7.VIII | 21.IX | 126 | 2390 |
სარატოვის ოლქი, საცდ. სადგური | 1940 | 13.V | 26.VI | 29.VIII | 23.IX | 133 | 2640 |
საბჭოთა მეურნეობა „ბაღი №7“ | 1934-1938 | 6.V | 17.VI | 17.VIII | 11.IX | 128 | 2540 |
მოსკოვი | 1940 | 30.IV | 8.VI | 20.VIII | 26.IX | 149 | 2370 |
ტაშკენტი | 1944-1946 | 6.IV | 12.VI | 8.VIII | 12.VIII | 133 | 2650 |
როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, ალიგოტე თავის ბიოლოგიურ თვისებას – ყურძნის ნაადრევად მომწიფების უნარს თითქმის ყველა ზონაში ამჟღავნებს, განსაკუთრებით ტაშკენტის, დერბენდის, იზმაილის, ოდესისა და ნოვოჩერკასკის მევენახეობის რაიონებში. შედარებით დაგვიანებით მწიფდება: მოსკოვის, სარატოვის, კიროვაბადისა და კუიბიშევის რაიონებში, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარს ეს ბიოლოგიური ფაზა მაინც არ სცილდება, რაც სავსებით ნორმალურად უნდა ჩაითვალოს ადრეული მწიფობის ჯიშებისათვის.
ვაზის ზრდა და რქის მომწიფება
ალიგოტე საშუალო სიძლიერის ზრდით ხასიათდება. ღრმა-ღონიერ ნიადაგებზე სათანადო მოვლისას, ცალკეული რქების განვითარება საკმაოდ ძლიერია. ასე მაგალითად, მუხრანში მრავალწლიური ცდების მონაცემებით, ცალკეული რქების სიგრძე საშუალოდ 1,5 მ აღწევს და ზოგჯერ მეტსაც. ასეთივე სურათია თბილისის გარეუბნის რაიონის დიღმის მევენახეობის ზონაშიაც. დასავლეთ საქართველოს რაიონებში და, კერძოდ, საქარისა და ვაჭევის მიკრორაიონებში შედარებით უფრო მცირე სიღრმის ნიადაგებზე მისი ზრდა თითქმის საშუალოა და რქების სიგრძეც ერთ მეტრს არ აღემატება. თელავის მევენახეობის ზონაში (კახეთი) ჯიში უფრო მძლავრ ზრდა-განვითარებას იჩენს და ამ თვისებით იგი არ ჩამოუვარდება რქაწითელს და მწვანეს. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის ვაზის რქების თითქმის 95% სრულ სიმწიფეს აღწევს და იღებს ჯიშის დამახასიათებელ ელფერს, ხოლო ვეგეტაციის დასასრულისათვის 100% მწიფდება. მუხრანის მევენახეობის ზონაში ზოგიერთ წლებში, შემოდგომაზე ტემპერატურის დაცემის გამო, რქების წვერის ნაწილები ვეღარ ასწრებს მომწიფებას და ზამთრის ყინვების გავლენით ადვილად ზიანდება, მაგრამ ვაზის საერთო განვითარებაზე ეს დაზიანება ვერ ახდენს მკვეთრ უარყოფით გავლენას.
მოსავლიანობა
ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში ალიგოტე უხვი მოსავლიანობით ხასიათდება. მოსავლის პირველ ნიშანს იგი დარგვიდან მეორე წელს იძლევა, ხოლო სრულ მოსავლიანობას იწყებს მეოთხე წლიდან. ამ თვისებას იგი მევენახეობის ყველა რაიონში ამჟღავნებს.
ქვემოთ მოგვყავს ალიგოტეს მოსავლიანობის შესახებ მუხრანის (მცხეთის რ-ნი). დიღმის (თბილისის გარეუბანი), ვაჭევის (ზესტაფონის რ-ნი) და თელავის მევენახეობის ზონებიდან მიღებული მრავალწლიური მონაცემები (იხ. ცხრ. 3).
მუხრანის მევენახეობის მეურნეობაში (მცხეთის რ-ნი) ალიგოტე უხვი მოსავლიანობით ხასიათდება, რაც ჩვენი დაკვირვებით გამოწვეულია ადგილობრივი პირობებისადმი ჯიშის შეგუების დიდი უნარით, ქართული წესით ფორმირებისას, როდესაც ვაზის დატვირთვა 15-18 კვირტს აღწევს, ერთი ძირის მოსავალი ხშირად 5-6 კგ უდრის. მიუხედავად ასეთი დიდი მოსავლისა ცალკეული მტევნების განვითარება სავსებით ნორმალურია და ტიპიური. ამავე მეუინეობაში საწარმოო ნაკვეთებიდან ყურძნის საჰექტარო მოსავალი ხშირად 100-110 ცენტნერამდე აღწევს. ვაჭევის საბჭოთა მეურნეობაში (ზესტაფონის რ-ნი) მისი საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 70-80 ცენტნერამდე აღწევს, ხოლო ზოგიერთ წლებში, როდესაც კარგი ამინდებია 90 ცენტნერსაც აღემატება.
ალიგოტე კარგ მოსავალს იძლევა მაღალმთიან მევენახე ობის რაიონებშიც. ასეა მაგალითად, აჭარაში, ხულოს რაიონის მთისპირა სოფლებში. სადაც ეს ჯიში ამ უკანასკნელ წლებში გავრცელდა. იგი ქართული წესით ფორმირებისას ჰექტარზე საშუალოდ 80-მდე ცენტნერ ყურძენს იძლევა, რითაც წინ უსწრებს ვაზის მთელ რიგ ადგილობრივ ჯიშებს.
ჯიშის ბიოლოგიური თვისებებიდან აღსანიშნავია მისი მოსავლიანობა, როგორც შემცვლელ, ისე ძველი ნაწილებიდან განვითარებულ ყლორტებზე, რის გამოც თითქმის იშვიათად გვხვდება ვაზზე უმოსავლო ყლორტები. მოსავლიანი ყლორტების პროცენტის სიმცირე ზოგჯერ გამოწვეულია სანაყოფე რქაზე კვირტების განუვითარებლობით. რქაზე ხშირად ორი-სამი მტევანია და ზოგჯერ ოთხიც.
ალიგოტეს ზემოაღნიშნული თვისებები მკვეთრად მჟღავნდება აგრეთვე მევენახეობის სხვა რაიონებშიც. ასე, მაგალითად, ლოზასა და ნეგრულის მიერ შეკრებილი ცნობების მიხედვით (7) მოლდავეთში მისი მოსავლიანობა ჰექტარზე 120 ცენტნერამდე აღწევს, ხოლო ზოგიერთ წლებში 150 ცენტნერსაც აღემატება; უკრაინაში საშუალოდ – 70 ცენტნერია, ზოგიერთ წლებში კი 170 ცენტნერამდე; კრასნოდარის მხარეში – 70-150 ცენტნერამდე აღწევს ანაპის რაიონის ჯემეტეს საბჭოთა მეურნეობაში – 118 ცენტნერია, ხოლო ზოგიერთ ნაკვეთებზე 300 ცენტნერამდე და ა.შ. ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანება მცირე იცის. ყვავილის 55-60% აღწევს გამოხორბვლას, რის შედეგადაც მტევანი კუმსი გამოდის.
ზემოაღნიშნული მასალები ნათლად ადასტურებს ალიგოტეს ადვილად შეგუების უნარს, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილო მევენახეობის ეკოლოგიურ პირობებისადმი, რაც ჯიშის დადებით ნიშან-თვისებად უნდა ჩაითვალოს.
ჯიშის გამძლეობა ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ
მუხრანისა (მცხეთის რ-ნი) და აღაიანის (კასპის რ-ნი) მევენახეობის ზონებში ალიგოტე მასობრივად ავადდება ქლოროზით. დაავადება ვრცელდება ჯერ ცალკეულ ყლორტებზე, განსაკუთრებით გაზაფხულზე, რაც შემდგომ თანდათან გადადის ვაზის ყველა მწვანე ნაწილებზე. ამის შედეგად მისი ზრდა-განვითარება ფერხდება და მოსავალი მკვეთრად კლებულობს. ამ დაზიანებას ვაზი ყოველწლიურად ამჟღავნებს, რის შედეგადაც ამ ზონაში მთელი რიგი ნაკვეთების გაუქმებასაც აქვს ხოლმე ადგილი,. ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი და ამრიგად ბრძოლის ღონისძიებანიც შეუმუშავებელია. ბერლანდიერის ჰიბრიდების საძირედ გამოყენება ერთადერთ ღონისძიებად იყო მიჩნეული ქლოროზისაგან ვაზების დასაცავად, მაგრამ ამ უკანასკნელ პერიოდში ქლოროზის ნიშნები გამოვლინდა ამ საძირეებზე დამყნობილ ვაზებზედაც. აღნიშნული მდგომარეობის გამო საკვლევ დაწესებულებათა მიერ დასახულია ღონისძიებანი საკითხის საბოლოოდ დასაზუსტებლად და ბრძოლის ეფექტური ღონისძიების შესამუშავებლად.
თავის გავრცელების რაიონებში ალიგოტე სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ საკმაო გამძლეობით ხასიათდება. ასე, მაგალითად, მუხრანისა და აღაიანის მევენახეობის ზონებში, ჭრაქი მას ნაკლებად აავადებს, კიდევ უფრო კარგად უძლებს იგი ნაცარს, წვიმიანსა და თბილ ამინდებში კი საგრძნობლად ავადდება, რის გამოც მევენახეობის აგროწესებით გათვალისწინებულია ბორდოს ხსნარით 4-ჯერ და გოგირდით 2-ჯერ წამლობა, რაც ამ ზონისათვის საკმაოდ უნდა ჩაითვალოს. ავადმყოფობათა მოქმედება შედარებით უფრო მჟღავნდება დასავლეთ საქართველოს რაიონებში, მაგრამ იგი აქაც, სხვა ჯიშებთან შედარებით, უფრო გამძლეა, მიუხედავად ამისა, წამლობა სავალდებულო წესად არის მიღებული (ბორდოს ხსნარით 5-ჯერ და გოგირდით 2-3-ჯერ).
ვაზის მავნებლებიდან ალიგოტეს დიდ ზიანს აყენებს ფილოქსერა. ამის გამო როგორც ყველგან, სადაც კი ფილოქსერა გავრცელებულია, ისე საქართველოშიაც გავრცელების ყველა ზონაში შემოღებულია მისი ნამყენებით გაშენება. საძირე ვაზის ჯიშებიდან ალიგოტესათვის საუკეთესო შედეგების მომცემია ბერლანდიერის ჰიბრიდები 420 ა და 5 ბბ, რიპარია X რუპესტრის ჰიბრიდებიდან – 3309. დასახელებულ საძირეებზე დამყნობილი ალიგოტე ხასიათდება, როგორც ნორმალური ზრდა-განვითარებით, ისე უხვი და რეგულარული მოსავლიანობით, სიცოცხლის ხანგრძლიობით, ტიპიური მტევნებითა და მარცვლებით. ამ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა, რომელიც საგრძნობ ზიანს აყენებს ალიგოტეს ნარგაობას, მაგრამ სათანადო ღონისძიებათა წინასწარ და მაღალხარისხოვნად ჩატარების შედეგად მავნებლის მოქმედება მინიმუმამდე ეცემა.
ჯიშის გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება
ალიგოტე მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა მზით უხვად განათებულ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ფერდობებზე. ამგვარ ნაკვეთებზე მზის სხივებისა და აერაციის გაძლიერებული მოქმედების შედეგად უზრუნველყოფილია ვაზის როგორც ნორმალური ზრდა-განვითარება, ისე სავსებით საღი და მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღება. დაკვირვება ცხადყოფს, რომ კალციუმის კარბონატების შემცველი ალუვიურ-თიხნარი ნიადაგები იძლევა პროდუქციას სხეულიანი და მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასამზადებლად. სწორედ ამით აიხსნება ალიგოტესაგან მაღალი ღირსების ღვინის მიღება მუხრანის მევენახეობის ზონაში.
შედარებით ვაკე და ღრმა ღონიერ ნიადაგებზე ალიგოტეს მოსავლიანობა მაღალია, მაგრამ პროდუქციის ღირსება შედარებით დაბალი. ამიტომ მაღალხარისხოვანი სამარკო ტიპის ღვინოების მისაღებად მისი გაშენება უნდა წარმოებდეს ფერდობ და მზით უხვად განათებულ ადგილებზე და კალციუმის კარბონატებით საკმაოდ მდიდარ ნიადაგებზე.
ალიგოტე ზამთრის დიდ ყინვებს ვერ უძლებს, განსაკუთრებით დაბლობებში, სადაც ჰაერის ცივი მასა ჩაწვება ხოლმე. ასე, მაგალითად, მუხრანის მევენახეობის ზონაში ვაკე ადგილებზე ზამთრის ყინვებისაგან ხშირად ზიანდება და ზოგჯერ (თუ ყინვები 2-3 დღეს გაგრძელდა -15-16º) მთელი ნაკვეთები ნადგურდება.
ალიგოტე გვალვას უძლებს, მაგრამ გვალვის დროს ვაზის ზრდა-განვითარება შედარებით შენელებულია და ყურძნის მარცვალი ვერ მსხვილდება. ამიტომ ტენით დეფიციტიან რაიონებში აუცილებელ ღონისძიებად არის მიჩნეული 2-3-ჯერ ვენახების მორწყვა.
ჯიშის აგროტექნიკის ზოგიერთი თავისებურებანი
აგროტექნიკის საკითხებიდან ყურადღებას იპყრობს ვაზის გასხვლა-ფორმირება. დიდი დატვირთვის დროს ალიგოტე ნაადრევად ამთავრებს თავის ნორმალურ ზრდა-განვითარებას და მოსავლიანობასაც, რის გამოც ვენახი ადრევე გამოდის წყობიდან. ასე, მაგალითად, 1939-40 წლებში მუხრანის მევენახეობის ზონაში, როდესაც ვაზის დიდი დატვირთვის ტენდენცია ტრაფარეტულად დაინერგა ყველა ვაზის ჯიშის მიმართ, ყველაზე მეტად იგი უარყოფითად გამომჟღავნდა ალიგოტესა და შავ პინოზე. ამის გამო განსაკუთრებული და სასწრაფო ღონისძიებათა ჩატარება შეიქნა საჭირო დასახელებულ ჯიშთა ნაკვეთების მდგომარეობის გამოსასწორებლად, ცხადია, ამ უარყოფით მოვლენას ხელი შეუწყო აგრეთვე ვაზების ერთბაშებრივად გადაყვანამ მცირე დატვირთვის ფორმებიდან დიდი დატვირთვის ფორმებზე.
მრავალწლიური მონაცემების მიხედვით გასხვლის ფორმებიდან საუკეთესო ეფექტის მომცემია ქართული ორმხრივი შპალერი გაორებული შტამბით, სადაც ვაზის საერთო დატვირთვა 16-18 კვირტს არ აღემატება. ამგვარად ფორმირებული ვაზი აგროტექნიკის მაღალ ფონზე იძლევა, როგორც ვეგეტატიური ნაწილების ნორმალურ განვითარებას, ისე უხვსა და მაღალხარისხოვან პროდუქციას.
ვაზის დანარჩენი ფორმებიდან როგორიცაა – კორდონები, მრავალსაკავებლიანი სხვლა, სადაც ვაზის დატვირთვა 20 კვირტს აღემატება, ალიგოტესათვის მიუღებლად უნდა ჩაითვალოს.
სრულიად გამოუსადეგარია ალიგოტე ხეივნური ფორმებისათვის. ამგვარ პირობებში მისი ვეგეტატიური ნაწილები სუსტად ვითარდება, მოსავალიც შემცირებულია და ვაზებიც ნაადრევად ბერდება და ხმება.
საყურადღებოა სანაყოფე რქის სიგრძის მიცემის საკითხი. დასახელებული ჯიში სრულებით ვერ იტანს გრძლად გასხვლას (10-12 კვირტი და მეტი). ამ შემთხვევაში კვირტების მასობრივ ჩავარდნას აქვს ადგილი, ხოლო მისი სავეგეტაციო და საერთო ძალაც მეტად შენელებულია. სანაყოფე რქის 7-8 კვირტზე გასხვლა ამ ჯიშისათვის ნორმალურად უნდა ჩაითვალოს.
სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
ყურძნის მექანიკური შედგენილობა
სამეურნეო დანიშნულებით ალიგოტეს პროდუქცია განკუთვნილია ხარისხოვანი სუფრის ღვინისა და საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად.
ყურძნის ორგანოლეპტიკური თვისებებით იგი სუფრის ყურძნად გამოუსადეგარია.
ქვემოთ მოგვყავს ალიგოტეს ყურძნის მექანიკურ-ქიმიური ანალიზის სამი წლის საშუალო მონაცემები (იხ. ცხრ. 4).
დიდი მტევნის წონა 230 გ აღწევს, მცირესი 78 გ. მარცვლების რაოდენობა მტევნის სიდიდის შესაბამისად 50-150 შორის მერყეობს (საშუალოდ 86-91 ცალი). მას წვენის უხვი გამოსავალი ახასიათებს 77-80‰, ზოგჯერ 82% აღწევს. ყურძნის მწიფობის პერიოდში შაქრიანობა მერყეობს 18-დან 22%-მდე, (საშუალოდ 20%), ხოლო მჟავიანობა 8-10‰-მდე. იმ შემთხვვაში, როდესაც ალიგოტეს პროდუქცია განკუთვნილია სუფრის ღვინოების დასამზადებლად (მუხრანის მევენახეობის ზონა), რთველი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მიმდინარეობს. ამ დროისათვის ყურძენში შაქარი 21-22%-მდე გროვდება 7,5-8‰-მდე საერთო მჟავიანობით, რაც იძლევა საშუალებას დამზადდეს მეტად მაღალხარისხოვანი, ნაზი და ჰარმონიული სამარკო ღვინო. სწორედ ამგვარი ღვინით არის ქებული დასახელებული ზონა.
საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად რთველს შედარე ბით ადრე იწყებენ; აღმოსავლეთ საქართველოში 10-15 სექტემბრიდან, ხოლო დასავლეთ საქართველოში ამავე თვის პირველ რიცხვებიდან. ამ დროისათვის ყურძენში შაქრიანობა მერყეობს 16,5-დან 18%-მდე, საერთო მჟავიანობა 9-დან 11‰-მდე. ამგვარი პროდუქციიდან მიღებული ღვინომასალა საუკეთესოა მაღალხარისხოვანი შამპანური ღვინის დასამზადებლად. 100 მარცვლის საშუალო წონა 136-143 გ აღწევს. 100 მარცვალში 200-მდე წიპწაა, საერთო წონით 6,5 გ-მდე.
ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 14%, ორწიპწიანი – 62%, სამწიპწიანი – 18% და ოთხწიპწიანი 6%.
ზემოთ მოყვანილ მე-5 ცხრილში მოცემულია ყურძნის სიმწიფის დინამიკა შაქრიანობა-მჟავიანობის მაჩვენებლებით სამი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით.
დასახელებულ რაიონებში ალიგოტეს ყურძნის გადამწიფება ოქტობმრიდან იწყება (5-10.X-დან) და იგი ჭკნება. ვინაიდან ამ პერიოდში შაქარი მხოლოდ მცირედ მატულობს აუცილებელია რთველის დროული ჩატარება.
ვაზზე ხანგძლივად დატოვებული ყურძენი არ ლპება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მუხრანი, დიღომი), ოღონდ მკვეთრად მცირდება მისი წვენის გამოსავალი; დასავლეთ საქართველოს რაიონებში კი იგი ლპება, რის გამოც აუცილებელია რთველის დროულად ჩატარება.
მაღალხარისხოვანი ღვინის მწარმოებელ რაიონად ალიგოტესათვის ითვლება ქსნის ხეობა-მუხრანის მევენახეობის ზონა (მუხრანი, აღაიანი). აქ ალიგოტეს ევროპული წესით დაყენებული ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული ლამაზი შეფერვით (მოყვითალო-ჩალისფერი მომწვანო ტონით), ჯიშური სასიამოვნო არომატით, სუფრის ღვინისათვის დამახასიათებელი სიმაგრით, სისაღით, ჰარმონიულობითა და შენახვის დიდი უნარით. განსაკუთრებით ზოგიერთ წლებში, როდესაც ყურძნის სიმწიფის პერიოდში ნალექების სიმცირეა და ზომიერი სითბო, იგი მეტად მაღალხარისხოვან მასალას იძლევა სამარკო სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ამ მიზნით ალიგოტეს რთველი საჭიროა ჩატარდეს მაშინ, როდესაც ტკბილში შაქრიანობა 20-21%, ხოლო საერთო მჟავიანობა 8,5-9‰ აღწევს. ეს დრო მუხრანის პირობებისათვის სექტემბრის ბოლო რიცხვებია და ოქტომბრის დასაწყისი. უფრო დაგვიანებით დაკრეფილი ყურძენი იძლევა ბლანტე, ნაკლებად მჟავე და არაჰარმონიულ ღვინოს, რომელსაც შენახვის პერიოდშიაც არ უვითარდება ჯიშური არომატი და ბუკეტი. ღვინის ქიმიური ანალიზის შედეგები მოცემულია მე-6 ცხრილში.
ცხრილი 6
- ალიგოტეს სუფრის ღვინის ქიმიური შედგენილობა
ღვინის დამზადების ადგილი | მოსავლის წელი |
ხვედრითი წონა |
ალკოჰოლის მოც. %-ით |
გრამობით ლიტრში საერთო მჟავიანობა |
გრამობით ლიტრში მქროლავი მჟავიანობა |
გრამობით ლიტრში ექსტრატი |
გრამობით ლიტრში ტანინი |
გრამობით ლიტრში გლიცერინი |
გრამობით ლიტრში ნაცარი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მუხრანის სასწავლო მეურნეობა (მცხეთის რ-ნი) |
1939 1940 1947 1949 1950 |
0,9937 0,9928 0,9939 0,9931 0,9925 |
11,6 11,2 10,8 11,0 11,4 |
6,9 7,2 6,8 7,3 6,7 |
0,65 0,59 0,72 0,66 0,73 |
19,4 19,8 18,7 20,5 21,0 |
0,31 0,26 0,22 0,33 0,29 |
7,4 – 6,0 6,3 7,5 |
1,48 1,55 – 1,59 1,49 |
როგორც ანალიზის შედეგებიდან ჩანს, ალიგოტეს ღვინო ნორმალური ალკოჰოლიანობით ხასიათდება (10,8-11,6º), რაც საერთოდ დამახასიათებელია მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინისათვის, ამას ადასტურებს ექსტრაქტის ნორმალური რაოდენობა (18,7-20,5) და მქროლავი მჟავეების შეცულობა (0,59-0,66).
ალიგოტეს ღვინის ქიმიური ანალიზის შედეგები, რომელიც შეკრებილია საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან ლოზასა და ნეგრულის მიერ, მოყვანილია მე-7 ცხრილში.
ალიგოტესაგან მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოები მზადდება კრასნოდარის მხარეში, განსაკუთრებით ანაპისა და ნოვოროსიისკის რაიონებში, ქვიშნარ და კარბონატულ-შავმიწა ნიადაგებზე. ამ ზონაში დამზადებული ღვინოები ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შეცულობით, სისაღით, ექსტრაქტულობით, ჰარმონიულობითა და შენახვის დიდი უნარით. მაღალხარისხოვანი ღვინოები მზადდება აგრეთვე უკრაინის ზოგიერთ რაიონში და განსაკუთრებით ბერეზოვოს მევენახეობის ზონასა და მის სამხრეთ რაიონებში (7).
პროდუქციის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით ალიგოტე შეიძლება გამოყენებული იქნეს ყურძნის წვენისა და შემაგრებული ღვინოების დასამზადებლად. ყურძნის წვენის დამზადების მხრივ ყურადღებას იპყრობს უკრაინისა და მოლდავეთის რაიონები, სადაც ამ დანიშნულებით ყურძენს კრეფენ 17% შაქრის შეცულობის დროს, ხოლო შემაგრებული ღვინოების დამზადებას მიმართავენ ყირიმის სამხრეთ რაიონებში (ოდესის და იზმაილის სამხრეთის მხარე), სადაც რეპროდუქციის პერიოდში მომეტებული სითბოს შედეგად ყურძენში შაქრის დიდი რაოდენობა გროვდება და მიიღება მაღალხარისხოვანი მასალა სადესერტო ღვინოების დასამზადებლად.
უკანასკნელ პერიოდში ალიგოტეს პროდუქციას წარმატებით იყენებენ როგორც საკუპაჟე მასალას შამპანური ღვინის დასამზადებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს, კრასნოდარისა და ყირიმის მთისპირა რაიონები.
აქვე მოგვყავს საშამპანურე ღვინომასალის ქიმიური ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 8).
როგორც ანალიზის შედეგებიდან ჩანს, ალიგოტე მაღალხარისხოვან ღვინომასალას იძლევა მუხრანისა და ვაჭევის მევენახეობის ზონებში, რომელსაც ახასიათებს ალკოჰოლის ნორმალური შეცულობა (10,3-11,1º). დამახასიათებელი საერთო მჟავიანობა, ჯიშური არომატი, ექსტრაქტის ნორმალური რაოდენობა, სიხალისე და ჰარმონიულობა.
ასეთივეა კრასნოდარისა და ყირიმის ზონებიდან დამზადებული ღვინომასალებიც. როგორც ალკოჰოლის, ისე საერთო მჟავიანობისა და სხვა ელემენტების შეცულობა ნათლად ადასტურებს ღვინომასალის მაღალ ღირსებას.
შეფასება და დარაიონება
ალიგოტე უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. ამ ჯიშურ თვისებას იგი მევენახეობის მრავალ რაიონში ამჟღავნებს. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში და აგროტექნიკის მაღალ ფონზე მას ახასიათებს რეგულარული მოსავლიანობა.
ზრდა-განვითარებით მიეკუთვნება საშუალო სიძლიერის ვაზის ჯიშთა ჯგუფს.
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ საკმაოდ გამძლეა განსაკუთრებით ტენით დეფიციტიან რაიონებში. ზამთრის ყინვებისადმი მცირე გამძლეობით ხასიათდება, უმთავრესად ვაკე და დაცემულ ადგილებში; ამგვარ პირობებში ცივი ჰაერის მასების ჩაწოლის შედეგად მისი ვეგეტატიური ნაწილები მასობრივად ზიანდება.
მოსავლის პირველ ნიშანს ალიგოტე დარგვის მეორე წლიდანვე იძლევა, ხოლო სრულ მოსავლიანობის მეოთხე წლიდან იწყებს.მცირე დატვირთვის შემთხვევაში ვაზის სიცოცხლე საკმაოდ გახანგრძლივებულია, დიდი დატვირთვა კი პირიქით ამცირებს მისი სიცოცხლის ხანგრძლიობას.
ვაზის სხვლის ფორმებიდან ალიგოტესათვის ჩვენს პირობებში საუკეთესო შედეგების მომცემია ქართული ორმხრივი შპალერი 16-18 კვირტით დატვირთვით.
ჯიში სრულიად გამოუსადეგარია ოლიხნარისა და ხეივნური ფორმებისათვის.
მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების მისაღებად მისი გაშენება უნდა წარმოებდეს სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ფერდობებზე და კალციუმის კარბონატებით საკმაოდ მდიდარ ალუვიურ ნიადაგებზე. ალიგოტეს პროდუქცია წარმატებით გამოიყენება სუფრის ღვინის, საშამპანურე ღვინომასალის, ყურძნის წვენისა და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად.
მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების მიღების მიზნით მისი რთველი უნდა ტარდებოდეს, როდესაც ტკბილში შაქრიანობა 20-21%, საერთო მჟავიანობა 8,5-9‰ მიაღწევს, ხოლო საშამპანრე ღვინომასალის მისაღებად როცა შაქრიანობა 17-19%, საერთო მჟავიანობა 9-10‰ უდრის.
საქართველოს მევენახეობის რაიონებში ალიგოტეს პროდუქცია უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ სუფრის ღვინისა და საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად.
წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით ალიგოტეს შემდგომი გავრცელებისათვის საუკეთესო მიკრორაიონებად ჩაითვლება აღმოსავლეთ საქართველოში: მცხეთის, კასპის, დუშეთის, გორის, ქარელის, ხაშურის, ახალციხისა და ასპინძის რაიონები. დასავლეთ საქართველოში: ხარაგოულის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონები.
როგორც ადრეული მწიფობის ჯიში, იგი წარმატებით შეიძლება გავრცელდეს დმანისის, თეთრი წყაროს, თიანეთის, თბილისის, ლენტეხის, ჩოხატაურის მაღალმთიან ზონებში და ზემო აჭარის რაიონებში.
მისი გავრცელება ყველა დასახელებულ რაიონში უნდა წარმოებდეს ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე.
ლიტერატურა
1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
2. ტაბიძე დ. ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის, თბილისი, 1941.
3. ქანთარია ვ., რამიშვილი მ. მევენახეობა, მესამე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 1958.
4. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო წიგნი II, „ამპეოლოგრაფია.“ თბილისი, 1958.
5. Баллас М. Виноделие в России ч. I,II и III, СПБ, 1895-1897.
6. Давитая Ф.Ф. Климатические зоны винограда в СССР, Мо¬сква, 1948.
7. Егоров А.А. К изучению вин Абхазии. Сборник посвяшен¬ный В.Е. Тайрову. Одесса, 1925.
8. Егоров А.А, Вина закавказских республик. Симферополь, 1947.
9. Кварацхелия Ф.К, К изучению абхазскихсортов винограда. Сухуми, 1934.
10. Мачавариани К. Обхазские вина. Тр. Кавк. о-ва сел. хоз-ва, №3, Тифлис, 1882.
11. Негруль А.М. Эволюция культурных форм винограда. До¬клады АН СССР, том XVIII, №8, 1938.
12. Пушкарев С. О виноградникахи виноделии в Абхазии. За¬писки Кавк. О-ва сел. хоз-ва, Тифлис, 1855.
13. Тимофеев С. Очерк виноградарства в Батумском и Арт¬винском округах. Сб. свед. по виногрд. и винод. на Кав¬казе, вып. IV, 1886.
14. Чернявский В.И. Плоды Абхазии, Джигетии и Мин¬грелии. Весник Импер. Росс. О-ва садоводов, №2. 1877.
წყარო
საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე; რედ.: დავით მაღრაძე, ლარისა ვაშაკიძე, თეიმურაზ ღლონტი; მხატვ. გიორგი მაღლაკელიძე. - მე-2 გამოც.. - თბილისი, 2012 (შპს Exclusive Print+). - 552 გვ. : ილ., ცხრ.; 32 სმ.. - იბეჭდება 1960 წლის გამოცემის მიხედვით. - გარეკანზე ავტ. აღნიშნულნი არ არიან. - განმარტებები: გვ. 548-549