თურმეობითი I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა I თურმეობითი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თურმეობითი I – საუღლებელი ერთეული, იგივე შედეგობითი I დრო-კილოთა II სერიის მწკრივი. დრო – წარსული, კილო – თხრობითი, აქტი – უნახავი. გამოხატავს მოქმედებას, რომლის შედეგიც აწმყოში ჩანს. მაგ. ფორმაში დანგრეულა – სახეზეა წარსულში მომხდარი მოქმედების შედეგი.

მოქმედებითი და საშუალ-მოქმედებითი გვარის ზმები თურმეობით I-ში ინვერსიულია; ხდება ქცევათა ნეიტრალიზაცია – ფორმობრივად ყველა ზმნა საობიექტო ქცევის ფორმას იღებს. სამპირიან ზმნებში პირი იკლებს – ირიბი ობიექტი გაუჩინარდება (უკეთებს ის მას მას – უკეთებია ის მას…). ფორმაწარმოების სამგვარი მოდელი გვაქვს:-ავ და -ამ თემისნიშნიანი ზმნები აწმყოს ფუძეს გამოიყენებენ (ხატ-ავ-ს – და-ხატ-ავ-ს…); ზმნათა ერთი ჯგუფი აწმყოს ფუძეს -ი-ა დაბოლოებით ართულებს (ა-კეთ-ებ-ს – გა-უკეთ-ებ-ი-ა…); ნაწილი ზმნებისა წყვეტილის საყრდენ ფუძეს -ი-ა დაბოლოებას დაურთავს (ა-ი-ღ-ო – ა-უ-ღ-ი-ა..). ობიექტური I და II პირის ფორმები მეშველ ზმნას დაირთავენ (ა-ვ-უ-შენ-ებ-ი-ვარ… შე-ვ-უ-ქ-ი-ვარ…). -ა მეორე და მესამე ტიპის ზმნებში ერთი თვალსაზრისის მიხედვით III სუბიექტური პირის ნიშანია, სხვა თვალსაზრისით – მეშველი ზმნის ნაშთი.

ვნებითი და საშუალ-ვნებითი გვარის ზმნები მეშველზმნიანია სამივე პირში (III პირის ფორმაში მეშველი ზმნა შეკვეცილია: არის > ა). ერთპირიანებში წარსული დროის საობიექტო მიმღეობის -ილ სუფიქსიან ფორმას დაერთვის მეშველი ზმნა აწმყოს ფორმით (გა-ვ-ზრდილ-ვარ, გა-ზრდილ-ხარ, გა-ზრდილ-ა…); ორპირიანებში მეშველი ზმნა დაერთვის -ი ფორმანტით გართულებულ აწმყოს ფუძეს (ა-ვ-შენ-ებ-ი-ვარ, გა-ვ-ზრდ-ი-ვარ…).

გ. გოგოლაშვილი


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – წგ.: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, თბ. 1950;
  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები., ტ I თბ. 1953;
  • ქავთარაძე ი. უნახაობის კატეგორიის ისტორიისათვის ქართულში. – „იკე”, VIII, თბ. 1956;
  • არაბული ა. მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში, თბ. 1984;
  • ფხაკაძე დ. I თურმეობითის ფუნქციები ქართულში, თბ. 1984;
  • მელიქიშვილი ი. ზმნურ ფორმათა I, II და III სერიის ურთიერთმიმართებისათვის ქართველურ ენებში. – „სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. ქართული ენის კათედრის შრომები“, 1998, I, ტ.4.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები