სპეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეთი – სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემი), მდებარეობს ზემო იმერეთის მაღლობზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 800 მეტრი, საჩხერიდან 16 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 642 ადამიანი.

სახელწოდება

ტოპონიმ სპეთის ძირად გვაქვს სპ- ელემენტი, რომელსაც, ჩვენი ფიქრით, -ეთ სუფიქსის გავლენით კუმშვა განუცდია (ფუძიდან ხმოვანი ამოვარდნილა). სავარაუდოა, რომ სპ-ეთ-ი სიპ-ეთ-ი ფორმისაგან იყოს წარმოქმნილი, რაც ამ კუთხეში სიპი (|ლიპი) ქვისაგან შედგენილი ქანების არსებობას გვავარაუდებინებს, ძალზე არსებითია ის ფაქტი, რომ სოფ. სპეთში არის წყარო, რომელსაც სიპიწყაროს ლიპი(ს) წყალს უწოდებენ. ტერმინი სიპი(|ლიპი) საკმაოდ ხშირია ზემო იმერეთის ტოპონიმიაში. სიპი|სიპები ადგილთა სახელებად აქ დადასტურებულია ათამდე სოფელში (ზოდი, პერევისა, რცხილათი, სხვიტორი, ქვედა ჭალოვანი, ნიგოზეთი, ვანი, რგანი); ზედა ორღულში კი არის კლდე, რომელსაც სიპიკარი ეწოდება. იგივე სახელი გავრცობილი (სრული) სახით – სიპისკარი ოთხ სოფელში არსებობს (ამაშუკეთი, კვესრევი, ბორითი, ითხვისი). სამ-ოთხგან გვხვდება ჰიდრონიმი სიპიღელე||სიპღელე. საინტერესოა, რომ აქაურ მიკროტოპონიმიაში ასევე ხშირად დასტურდება სიტყვა ლიპი. ს. ვერტყვიჭალაში, მაგალითად, არის კლდე, სახელად ლიპ-ური, რომელიც ჩვენ ფიქლ-ურ-ა-ს ანალოგად გვესახება.

დასასრულ შეიძლებოდა დაგვეშვა ტოპონიმ სპეთის სპეტ.- სიტყვისაგან წარმომავლობის შესაძლებლობა. ეს სიტყვა დღეს გურულ დიალექტშია დაცული. მოსპეტილი ნიშნავს „ციცაბო ადგილი" (მდრ. იქვე მოსპეტიალებული – „ერთიანად მოწმენდილი, მოსუფთავებული“ ამ ვერსიის მიხედვით სპეთ-ი შეიძლებოდა გაგვეაზრებინა როგორც „ფერდობი ადგილი“, „ციცაბო ადგილზე გაშენებული სოფელი“. სპეტის ზემოთ მოყვანილი მნიშვნელობა ზუსტად მიესადაგება სოფლის ფიზიკურ-ოროგრაფიულ მახასიათებლებს. რაც შეეხება ვარაუდს ტოპონიმ სპეთის ძველი ქართული სპა („ჯარი, ლაშქარი") სიტყვისაგან წარმომავლობის თაობაზე, იგი, ჩვენი ფიქრით, უნდა გამოირიცხოს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები