სემანტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სემანტიკა - (< ბერძნ. Semantikos – აღმნიშვნელი).

  1. მნიშვნელობა, ინფორმაცია, რომელიც გადმოიცემა ენობრივი ფორმებით – სიტყვით, ფრაზით თუ წინადადებით.
  2. ენათმეცნიერების დარგი. რომელიც შეისწავლის ენობრივ მნიშვნელობას, ანუ შინაარსს.
  3. სემიოტიკური სისტემების შესწავლის ერთ-ერთი ასპექტი სინტაგმატურ და პრაგმატულ ასპექტებთან ერთად.

ენობრივი მნიშვნელობის შესწავლა გულისხმობს ენის გარეთ მყოფი მონაცემებისა და ფაქტორების გათვალისწინებას. თუნდაც ყველაზე მარტივი ავტონომიური სემანტიკური ერთეულის – სიტყვის მნიშვნელობის – შესწავლა უკვე ემყარება მის განხილვას გარე სამყაროს მოვლენებთან და ობიექტებთან კავშირში. უფრო რთული ლინგვისტური ერთეულების შესწავლა კი აუცილებელს ხდის ისეთი მრავალმხრივი ფაქტორების გათვალისწინებას. როგორიცაა ზოგადი კულტურული გარემო, სუბიექტური ფაქტორების გავლენა კომუნიკაციაზე, ადამიანის აზროვნების ლოგიკურ-სემანტიკური თავისებურებები. ვერბალური და არავერბალური კონტექსტები და. სხვ.

  1. სემანტიკაში ძირითადად შეისწავლება შემდეგი საკითხები:
  2. რეფერენციის პრობლემა, ანუ ენობრივი ფორმის, როგორც აღმნიშვნელის, კავშირი ენის გარეთ მყოფ ობიექტებთან:
  3. ლექსიკური და გრამატიკული მნიშვნელობები.

ენობრივ მნიშვნელობათა სინტაგმატური და პარადიგმატული დახასიათება, ანუ, ერთი მხრივ, მნიშვნელობათა თანახმარება გამონათქვამში, ხოლო მეორე მხრივ – მნიშვნელობათა ურთიერთმიმართება ენობრივ სემანტიკურ სისტემაში. ამ მიმართებათა კვლევა ხდება როგორც ზოგადი თეორიული ტიპების შესწავლით, ისე კონკრეტული ენის სემანტიკური სისტემის სტრუქტურის ანალიზის დროს.

რეფერენციის პრობლემის თვალსაზრისით. ენის სემანტიკის ძირითადი ერთეული არის სიტყვა – ნიშანი, რომელიც იქმნება ფორმისა და შინაარსის ერთობლიობით (იხ. ენობრივი ნიშანი). ანტიკური ფილოსოფიიდან მოყოლებული (სოკრატე, პლატონი), ითვლება, რომ მიმართება სიტყვებსა და მათი საშუალებით აღნიშნულ ობიექტებს შორის არის დასახელების (სახელდების) მიმართება; მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ როგორი სახისაა ეს მიმართება – ბუნებრივი თუ პირობითი. ამჟამად ეს პრობლემა, ზოგადად, გადაჭრილად ითვლება ნიშნის პირობითი ბუნების სასარგებლოდ.

მოყოლებული პლატონის დიალოგიდან „კრატილოსი“. სიტყვა განისაზღვრება როგორც აღმნიშვნელი, ხოლო აღნიშნული არის გარე სამყაროს ობიექტი –საგანი. მოვლენა, ემოცია, ვითარება, მიმართება და ა. შ., რომელსაც აღნიშნავს, ასახელებს და რაზეც მიუთითებს სიტყვა. გარე სამყაროს ობიექტების აღსანიშნავი თანამედროვე ტერმინია რეფერენტი (დენოტატი), ხოლო მიმართება სიტყვასა და რეფერენტს შორის არის რეფერენციის მიმართება.

ე. წ კონცეპტუალური თეორია ერთმანეთისაგან განასხვავებს სიტყვის მნიშვნელობას (ცნებას, კონცეპტს) და კონკრეტულ საგანს, რომელზეც უშუალოდ მიანიშნებს სიტყვა: ენობრივი ფორმა ცნების გავლით აღნიშნავს ობიექტებს, ე. ი. ცნება სიტყვის ფორმას უკავშირდება მოლაპარაკის ცნობიერებაში.

ბუნებრივ ენაში კავშირი ენობრივი ერთეულის გამოხატულებასა და მის მნიშვნელობას შორის არ არის ცალსახა: ორი ან მეტი ფორმა შეიძლება უკავშირდებოდეს ერთსა და იმავე მნიშვნელობას; მეორე მხრივ, ერთსა და იმავე ფორმას შეიძლება უკავშირდებოდეს ერთზე მეტი განსხვავებული მნიშვნელობა (იხ. სინონიმია, ომონიმია).

ენობრივი მნიშვნელობა შეიძლება იყოს ლექსიკური (ლექსიკური მნიშვნელობა) და გრამატიკული (სტრუქტურული, ფორმალური) (გრამატიკული მნიშვნელობა); ენობრივი გამონათქვამის მნიშვნელობა იქმნება ლექსიკურ და გრამატიკული მნიშვნელობათა ერთიანობით. მეტყველების ნაწილები დახასიათდება ლექსიკონში მოცემული ლექსიკური მნიშვნელობებითა და გრამატიკის პარადიგმატული მახასიათებლებით.

არამარტო მნიშვნელობები ქმნიან შედარებით უფრო დახურულ, ხოლო ლექსიკური ერთეულები – ღია სიმრავლეებს, ენის განვითარების ყოველ ეტაპზე გრამატიკულ მნიშვნელობათა დახურული სიმრავლე სასრულია და შედარებით მცირერიცხოვანი, ხოლო ლექსიკურ მნიშვნელობათა ღია სიმრავლე შეუზღუდავია და განუსაზღვრელად დიდი. სრულმნიშვნელობიან სიტყვას აქვს როგორც ლექსიკური, ისე გრამატიკული მნიშვნელობები.

მეტყველების დროს გადმოცემული შინაარსი (მნიშვნელობა) შეიძლება იყოს კოგნიტიური და ემოციური. კოგნიტიური მნიშვნელობა არის ცნებითი. კონცეპტუალური მნიშვნელობა, რომელიც აუცილებლად გამოხატულია ყველა გამონათქვამში. მაგრამ შეტყობინების გადაცემის დროს მოლაპარაკის მიერ ერთი და იმავე კოგნიტიური მნიშვნელობის მქონე სიტყვების სიმრავლიდან (მაგ.. მოვიდა, მობრძანდა, მოეთრია) რომელიმე ერთის ამორჩევა ასახავს მოლაპარაკის ემოციურ დამოკიდებულებას ფაქტთან, რაც მეტ-ნაკლები ღირებულებისაა კომუნიკაციის პროცესში. სწორედ ასეთი ამორჩევა ქმნის გამონათქვამის ამა თუ იმ ემოციურ მნიშვნელობას: განსხვავება კოგნიტიურსა და ემოციურ მნიშვნელობებს შორის უკავშირდება ადამიანის ფსიქოლოგიის ორ მახასიათებელს – ინტელექტსა და ემოციას. ყოველდღიური გამოყენებისას სიტყვების პირველად, წმინდა კოგნიტიურ მნიშვნელობას ემატება დამატებითი, ემოციური მნიშვნელობა.

მნიშვნელობებს შორის მიმართება შეიძლება იყოს სინტაგმატური და პარადიგმატული. ორ ენობრივ ერთეულს შორის სემანტიკური სინტაგმატური მიმართება გულისხმობს გარკვეული მნიშვნელობის გადაცემის დროს სემანტიკურ ერთეულთა თანახმარებას (ან თანახმარების აკრძალვას). მაგ., საკვები პროდუქტის გაფუჭების დროს ვამბობთ: რძე აიჭრა, კარაქი ამძაღდა, წვენი ამჟავდა: ასევე: კაბა, ფანქარი, ყვავილი – წითელია, თმა – წითური და ა. შ. სემანტიკური პარადიგმატული მიმართებები არის მნიშვნელობათა მიმართებები სისტემაში. ლექსიკურ ერთეულთა პარადიგმატული მიმართებები ქმნიან მოცემული ენის ლექსიკური სისტემის სემანტიკურ სტრუქტურას.

ამგვარი, და სხვა უფრო რთული განსხვავებები საფუძველს ქმნიან განსხვავებული ენების თავისებური სემანტიკური სისტემის შექმნისათვის. თუ არსებობს ისეთი ორი ენა, რომელთა შორისაც ცალსახა დამოკიდებულებაა მნიშვნელობების დანაწევრების თვალსაზრისით, მაშინ ეს ენები სემანტიკურად იზომორფულია. ენათა სემანტიკური იზომორფიზმის ხარისხი განისაზღვრება ენობრივი საზოგადოების გეოგრაფიული, კულტურული და სხვ. მახასიათებლებით.

ლექსიკურ ერთეულებს შორის პარადიგმატული მიმართებების ერთ-ერთ ძირითად სახეს წარმოადგენს ჰოპონიმია. პარადიგმატული სემანტიკური მიმართებებია, აგრეთვე სინონიმია, ანტონიმია და მეტაფორა.

XX ს. მეორე ნახევრიდან სემანტიკა თანდათან მოექცა ლინგვისტური კვლევის ცენტრში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა უკავშირდება ენაში ე. წ. ბუნებრივი ლოგიკის განვითარებას, რამაც შედეგად გამოიღო ზედაპირული და სიღრმისეული (ლოგიკური, სემანტიკური) დონეების ერთმანეთისაგან გამოყოფა გამონათქვამის მნიშვნელობის ანალიზის დროს. წინადადების ზედაპირული დონე წარმოადგენს ამ წინადადების ფუნქციურ-გრამატიკულ დახასიათებას, ანუ მის ანალიზს წინადადების წევრების მიხედვით. წინადადების სიღრმისეული დონეების ანალიზი კი ნიშნავს წინადადების წევრების სემანტიკურ-ლოგიკური როლების დახასიათებას (როგორიცაა აგენსი, პაციენსი, ბენეფილიანტი და სხვ.) სიღრმისეულ დონეზე შეისწავლება, აგრეთვე. ის ლოგიკური ნიშნები, რომლებიც შეიძლება დამახასიათებელი იყოს სახელისა და ზმნისათვის (მდგომარეობა, პროცესი, მოქმედება, ამბიენტურობა, თელადობა, სულიერობა და ა. შ.). სიღრმისეულ ლოგიკურ-სემანტიკურ დახასიათებას უნივერსალობის პრეტენზია აქვს. სიღრმისეული სმანტიკის ასახვა ამა თუ იმ ენის ზედაპირულ სტრუქტურებში ხდება მოცემული ენის გრამატიკული მახასიათებლების საშუალებით და, ამდენად, ზედაპირული სტრუქტურა ენობრივ სპეციფიკას წარმოადგენს.

მნიშვნელობის კომპონენტური ანალიზი არის სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის გადმოცემის ცდა, მისი სემანტიკური შემადგენლებით, რომელთა რიცხვი შეზღუდულია და მეტ-ნაკლებად ზოგადი. ლექსიკურ ერთეულებში სემანტიკურ კომპონენტთა კომბინაცია განსხვავებულია სხვადასხვა ენაში. ასეთი კომპონენტებია, მაგ., სულიერი – უსულო, ადამიანი – არაადამიანი, მამრობითი – მდედრობითი და ა. შ. კომპონენტურ ანალიზსა და მნიშვნელობის სიღრმისეულ ანალიზს დაეფუძნა ისეთი სემანტიკური თეორია, როგორიცაა „აზრი<->ტექსტი“.

მნიშვნელობის შესწავლა მეტყველებაში გულისხმობს იმ კანონზომიერებათა აღწერას, რომლებიც წარმოადგენენ კომუნიკაციის წარმატებული მიმდინარეობის წინაპირობას, რაც უთქმელად ცნობილი და გასაგებია ყოველი მოლაპარაკისათვის. ეს არის ე. წ. იმპლიციტური მნიშვნელობები (პრესუპოზიცია) შეისწავლება, აგრეთვე, ცალკეული ლექსიკური ერთეულის ხმარების სემანტიკური მეტყველების დროს სხვადასხვა კონტექსტში.

დღეს საკმაოდ გავრცელებული მიმართულებაა ე. წ ფორმალური სემანტიკა, რომელიც ბუნებრივი ენის გამონათქვამების მნიშვნელობის აღსაწერად იყენებს ფორმალური ლოგიკის გარკვეულ ერთმნიშვნელოვან და ექსპლიციტურ ხელოვნურ ენას. ასეთი ფორმალური სისტემები ერთობ შეზღუდულია და ვერ ფარავს ბუნებრივი ენის მოქმედების არეს, მაგრამ ლოგიკოსები თვლიან, რომ „თუ > → მაშინ“ მიმართებით აგებულმა წესებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ენის სემანტიკის სრულყოფილ აღწერაში.

უახლესი მიმართულება სემანტიკაში არის ე. წ სემანტიკურ პრიმიტივთა თეორია (ა. ვეჟბიცკა). ამ თეორიის ძირითადი მიზანია უმარტივეს სემანტიკურ მნიშვნელობათა სიმრავლის დადგენა და დახასიათება. სემანტიკური პრიმიტივები ისეთი საწყისი, პირველადი ცნებებია, რომლებიც აბსოლუტურად გასაგებია და არ საჭიროებს განსაზღვრას. სიტყვებისა და მნიშვნელობების ათვისების დროს ბავშვი უპირველესად სწორედ ამ პრიმიტიულ მნიშვნელობებს ითვისებს, რადგან, ამ თეორიის მიხედვით. ფუნდამენტურ მარტივ ცნებათა ცოდნა იმთავითვე მოცემულია ადამიანში და სემანტიკურ პრიმიტივთა ათვისების უნარიც ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. პრიმიტივები უნივერსალური ბუნებისაა, ისინი ნებისმიერი ენის სემანტიკურ სისტემაში დგინდება სიღრმისეული სემანტიკური ანალიზის შედეგად. ყველა ენაში ხდება ასეთი უნივერსალური პრიმიტივების მანიფესტაცია თვისებრივი ფორმით. ენების შესწავლის შედეგად გამოიყოფა ლექსიკურ და სინტაქსურ პრიმიტივთა საერთო ჰიპოთეტური ბირთვი. რომელიც კონკრეტული ენისაგან დამოუკიდებელი მეტაენაა. ამჟამად გამოყოფილია 100-მდე ლექსიკური პრიმიტივი, მაგ- ცნებები: მე, შენ, ვიღაც, რაღაც. ადამიანი: ეს, იგივე, სხვა: ფიქრი,ცოდნა, გრძნობა, სურვილი; ცუდი, კარგი: დიდი, პატარა; როდის, მანამდე, შემდეგ: სად, ქვეშ, ზედ; ყოფნა, მოძრაობა, არსებობა; შორს, ახლოს; დიდხანს, ცოტახანს და ა. შ.

ნ. შენგელაია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები