რედუქცია (ენათმეცნიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რედუქცია – (ლათ. reductio – შემცირება, შეკუმშვა),

1. ბგერის არტიკულაციურ-აკუსტიკურ მახასიათებელთა შეცვლა, გამოწვეული მისი წარმოების სისრულის შემცირებით (ნაწილობრივი რედუქცია) ან ბგერის (ბგერების) მოლიანად ამოვარდნა (სრული რედუქცია).

რედუქციას განიცდიან როგორც ხმოვნები, ისე თანხმოვნები. ხმოვანთა რედუქციას უმთავრესად განაპირობებს ძლიერდინამიკური სიტყვათმახვილი, რომელიც უმახვილო მარცვლებში იწვევს მათში შემავალ ხმოვანთა წარმოებისათვის საჭირო არტიკულაციურ და ფონაციურ მოძრაობათა შესუსტებას და ხმოვანთა მკაფიოობის დაკლებას.

უმახვილო მარცვლებში ძლიერდინამიკური მახვილის გავლენით გამოწვეული რედუქცია ორი სახისაა: რაოდენობრივი და თვისებრივი. პირველ შემთხვევაში რედუქციის შედეგად იცვლება ტემბრის ესა თუ ის თვისება. მაგ., რუს. სიტყვაში голова უმახვილო ხმოვნები კარგავენ ლაბიალიზაციას და უფრო ვიწროვდებიან, რის შედეგადაც რედუქციის პირველ საფეხურზე (ло) გვაქვს უმახვილო а-ს ტიპის ვიწრო ხმოვანი, მეორე საფეხურზე (го) კი – უფრო წინა წარმოების ხმოვანი (о). რედუქციის შედეგად ხშირია აგრეთვე ხმოვანთა ამოვარდნა – (ხმოვანთდაკარგვითი რედუქცია). უპირატესად ამ სახისაა ხმოვანთა რედუქცია ქართულში, როგორიცაა, მაგ. ფუძეთა შეკუმშვა სახელთა სამ ბრუნვაში – ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში: ნამგალი – ნამგლ-ის, ნამგლ-ით, ნამგლ-ად. მაგრამ რედუქცია ქართულში არ არის მოქმედი პროცესი. ამჟამად იგი მხოლოდ ტრადიციული ნორმაა, შემონახული იმ დროიდან, როდესაც ენას უნდა ჰქონოდა ძლიერდინამიკური სიტყვათმახვილი (გ. ახვლედიანი, არნ. ჩიქობავა, ე. თოფურია). თანამედროვე ქართულში (ასევე ძველ ქართულშიც) მოქმედი სუსტდინამიკური მახვილი ხმოვანთა დაკარგვას ჯერ გამოიწვევს. ხმოვანთდასუსტებითი რედუქციის ნიმუშად ქართულში მიიჩნევენ ო-ვ მონაცვლეობას ნიგოზი – ნიგვზის, მაწონი – მაწვნის ტიპის სიტყვებში (ა. შანიძე). სხვა თვალსაზრისით, ამ შემთხვევებში ვ არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც რედუქციის შედეგად დასუსტებული ო, აქ საქმე უნდა გვქონდეს ხმოვნისა და თანხმოვნის მონაცვლეობასთან (გ. ახვლედიანი).

ბგერათრედუქციის გამომწვევად ზოგჯერ შეიძლება მოგვევლინოს მეტყველების სწრაფი ტემპიც.

თანხმოვნებში რედუქცია, სრული ან ნაწილობრივი, მოსდის ყველა ტიპის კონსონანტს. რედუქცია ნაპრალოვნებში ხდება ამონადენი ჰაერნაკადის შესუსტებით ან ნაპრალის გაფართოებით: დიალექტური ს > ჰ > – ამისთანა > ამიჰთანა > ამითანა; მჟღერი თანხმოვნები სუსტდებიან და გადადიან ყრუში, შესაძლოა თანხმოვნის დაკარგვაც: კარგად > კარგათ > კარგა. სრული რედუქცია ხშირია სონორებშიც: სახლი > სახ-ში, კლდე > კდე (> კტე)…თანხმოვანთა რედუქციას განეკუთვნება დეზაფრიკატიზაციაც (აფრიკატის გადაქცევა მარტივ თანხმოვნად): სწავლა > სტავლა, ოცდაერთი > ოძდაერთი > ოზდაერთი… რედუქციას განეკუთვნება აგრეთვე თანხმოვანთმიმდევრობების გამარტივება ან მთლიანად ამოვარდნა, განსაკუთრებით ბავშვთა მეტყველებაში.

2. (სინტაქსში) გაშლილი ტექსტის დაყვანა ნაკლებად გაშლილ ტექსტზე; წინადადების დაყვანა ძირითად (ბირთვულ) სტრუქტურამდე, რედუცირებული წინადადება – წინადადება, რომელშიც გამოტოვებულია სუბიექტი, კოპულა ან რომელიმე დამხმარე წევრი.

ნ. იმნაძე


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. მახვილის საკითხისათვის ძველ ქართულში. – „სმამ“, 1942, ტ. 3;
  • თოფურია ე. რედუქციისათვის ქართველურ ენებში. – „იკე“, I, თბ., 1946;
  • ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ, 1949;
  • შანიძე ა., ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1952.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები