არანისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არანისი – სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. იქ, სადაც არაგვის ხეობის ვიწროები იწყება, საქართველოს სამხედრო გზიდან ხელმარცხნივ, მაღალ მთაზე თეთრად შეფენილი სოფელი მოჩანს. ეს არანისია, მთელ საარაგვოზე ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებული პუნქტი.

სახელწოდება

ვინ მოთვლის, რამდენი თქმულება თუ გადმოცემა არსებობს ხალხში არანისის წარმოშობის შესახებ, ზოგი ამ სახელწოდებაში სოფლის სიკეთით სავსე ბუნებას ხედავს: წლის უმეტეს დროს აქ მზეა, დარია და არა ნისლი-ო! ზოგიც მის წარმოშობას მეფე-ლეგენდა თამარის ოდესღაც აქ მობრძანების ამბავს უკავშირებს:

„ამოსულა ერთხელ არაგვის ხეობაში თამარ დედოფალი. შორიდანვე შეუნიშნავს ერთი ლამაზი მთა, რომელიც მაშინ დაუსახლებელი ყოფილა და ამალისათვის უკითხავს:

– ვისია ეს ადგილიო?

– არავისიო, – მიუგეს თურმე მხლებლებმა. მერე, როცა აქ სოფელი გაშენებულა, არავისი დაურქმევიათ. არავისი თანდათან არანისად გადაკეთებულა. (ნათელა ფიცხელაური, დ. ჟინვალი). ისიც ცნობილია, რომ არანისის ეტიმოლოგიით თვით ვაჟა-ფშაველაც ყოფილა დაინტერესებული. დიდი პოეტი ფიქრობდა, არანისი მდინარე არაგვის სახელთან ამჟღავნებს კავშირს და ამიტომაც მას თავდაპირველად არანისი კი არა, არაგვისი უნდა რქმეოდაო.

ამ უკანასკნელ წლებში გამოითქვა კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ტოპონიმი არანისი არამეული და ქართული სიტყვებისაგან ყოფილა შედგენილი; არამეული არ „მთა“ და ქართული ანი||ანის-ი „კარი“ (ანისის ეს მნიშვნელობა ძველ დარიალანისში გვაქვს შემონახულიო).

აღნიშნული ვარაუდის გაზიარება, ალბათ, შეუძლებელია... სულ რომ არაფერი, ქართულ ტოპონიმიაში არ მოიძებნება ისეთი გეოგრაფიული სახელი, რომელიც არამეული და ქართული სიტყვების შეერთებით იყოს მიღებული. მეორეცაა და ან-ი თუ ანის-ი აქ არაფერ შუაა, რადგან არანისში ფუძედ არან- გამოიყოფა, -ის- კი ცენტრალური ქართლისათვის ესოდენ ნიშანდობლივი გეოგრაფიული ელემენტია (შდრ. ტფილ-ის-ი, ბოლნ-ის-ი, მანგლ-ის-ი, დმან-ის-ი, ხერთვ-ის-ი, ხც-ის-ი, რუის-ი, ურბნ-ის-ი, ვეძ-ის-ი...) მაშასადამე, სწორია არან-ის-ი და არა არანის-ი.

სპეციალური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ არანისს XVIII საუკუნის II ნახევრიდან მოკიდებული ზანდუკლიანთკარს უწოდებდნენ, იქვე ჩამომდინარე პატარა ხევს კი – ზანდუკლის-ხევს, მაგრამ არანისი ზანდუკლიანთკარზე უწინარესი სახელია, რამდენადაც ტოპონიმი არანისი ქართულ საისტორიო წყაროებში ბევრად უფრო ადრე დასტურდება, ვიდრე მთიულეთის სოფელ ზანდუკიდან მცხოვრებთა ერთი ნაწილი აქ ჩამოსახლდებოდა და გვაროვნულ ზედწოდებას „ზანდუკელს“ მიიღებდა.

დასასრულ მკითხველს გვინდა გავუზიაროთ ზოგიერთი კერძო მოსაზრება არანისის წარმოშობის თაობაზე. ვფიქრობთ, საამისოდ ორი გზა უნდა არსებობდეს.

ა) ძველ ქართულში კარგად იყო ცნობილი სიტყვა არანი, რომელიც ირმისნაირ გარეულ ცხოველთა ნაშიერის აღსანიშნავად გვხვდებოდა. გამოჩენილი ქართველი ლექსიკოგრაფი ნიკო ჩუბინაშვილი სიტყვა ნუკრს ასე განმარტავს: შვილი ირემთა, ნიამორთა, არანთა, არჩვთა, ქურციკთა, შველთა, და მისთანათა, младелень олений теленок. თუ დავუშვებთ, რომ ტოპონიმისათვის ამოსავალია ზემოხსენებული სიტყვა არანი, მაშენ არანისი უნდა ნიშნავდეს: „ადგილი, სადაც მრავლად ბინადრობს არანთა ჯოგი“, „საარნე ადგილები“

ბ) ქართული ენის ინგილოურ დიალექტს ასევე დაუცავს სიტყვა არანი, რომელიც ცხელ ადგილს, ცხელ ქარს, ხვატიან ადგილს, ეწოდება: არანი ქარ - ქარი, მოდენილი ცხელი ადგილებიდან; დასავლეთიდან ქრის, მას მოჰყვება წვიმა: „არანი ქარზე წU ori wertilit.JPGმაჲ მოდისყე“

ამის მიხედვით ხომ არ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ტოპონიმი არან-ის-ი ენაში ერთგვარი სინოპტიკური ტერმინის მნიშვნელობით გამოიყენებოდა: თუ ღრუბელი ამ სოფლის მხრიდან წამოვიდოდა, ეს წვიმის (ავდრის) მაუწყებელი ნიშანი იყო.

სარწმუნოობის თვალსაზრისით უპირატესობა ალბათ პირველ ვარაუდს უნდა მივაკუთვნოთ.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები