აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა - აზერბაიჯანი, როგორც ამიერკავკასიის ნაწილი, 1917 წლის ნოემბრიდან ფაქტობრივად ჩამოშორდა რუსეთის იმპერიას, ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატს, შემდეგ კი ამიერკავკასიის სეიმსა და მთავრობას დაექვემდებარა. 1918 წლის აპრილ-მაისში აზერბაიჯანი, სომხეთთან და საქართველოსთან ერთად, ამიერკავკასიისდემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში შედიოდა. 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, 28 მაისს, თბილისში აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ, მამედ ამინ რასულზადეს ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოში პარტია მუსავათის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ეროვნულმა საბჭომ მთავრობის ფორმირება უპარტიო ფათალ ხან ხოისკის დაავალა, კაბინეტში მუსავატის წევრები ჭარბობდნენ, ასევე შედიოდნენ მუსლიმ სოციალისტთა ბლოკის და ჰუმეტის წევრები. საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციების შესრულება ეროვნულ საბჭოს დაევალა. თბილისის დატოვების შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1918 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე განჯაში განთავსდა, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანის მთავარ ქალაქს, ბაქოს, ჯერ ბაქოს კომუნა, ხოლო შემდეგ ცენტროკასპიის დიქტატურა აკონტროლებდა. ახლად ჩამოყალიბებული აზერბაიჯანის სახელმწიფო მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდიდა. მსოფლიო ომის პირობებში შავი ზღვის გავლით სატრანზიტო გადაზიდვები, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო, ამასთან, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს - ნავთობის საბადოებს - ვერ აკონტროლებდა. 1918 წლის ივნისიდან ბაქოში კომუნის მმართველობა ცენტროკასპიის დიქტატურამ ჩაანაცვლა. 1918 წლის გაზაფხულზე ბაქოში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის გაჩაღებული სისხლის ღვრა კვლავ გრძელდებოდა. 1918 წლის აგვისტო-სექტემბერში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის არმიის დახმარებით, ბაქო გაათავისუფლეს ცენტროკასპიის დიქტატურისგან. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე, ფაქტობრივად, მხოლოდ ოსმალეთისაკენ იყო მიმართული. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობა მიუღწეველი იყო, 1919 წლის მარტამდე სამი მთავრობის ფორმირება მოხდა ხოისკის მეთაურობით. 1918 წლის ნოემბერში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მუდროსის ზავის თანახმად, ბაქოს ოკუპაცია ბრიტანეთის არმიამ განახორციელა გენერალ ტომსონის მეთაურობით.

1918 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო რასულზადეს ინიციატივით გაფართოვდა და ეთნიკური უმცირესობების - სომხების, რუსების, გერმანელებისა და ებრაელების წარმომადგენლებით შეივსო, პარლამენტში წარმოდგენილი იყო 11 პარტია, მათ შორის მუსავატი, იტიჰადი, აჰრარი, სოციალისტები (ჰუმეტი და ადალეთი), სომეხთა ფრაქცია და ა.შ. ახლად ჩამოყალიბებული ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტიამუსავატის ერთ-ერთი ლიდერი ალიმარდან თოფჩიბაშევი იქნა არჩეული.

აზერბაიჯანის პოლიტიკური ბედის განსაზღვრის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებოდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციას. აზერბაიჯანის დელეგაციას პარიზის კონფერენციაზე საკანონმდებლო ორგანოს მეთაური ა. თოფჩიბაშევი ხელმძღვანელობდა. ანტანტის ქვეყნები აზერბაიჯანის საკითხს საქართველოსთან ერთად განიხილავდნენ და მოუწოდებდნენ, ერთიანი პოლიტიკა ეწარმოებინათ კავკასიაში.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ფაქტობრივი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ეთნიკური დაპირისპირება უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის ომში აისახა. აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის სიხლის ღვრა ბაქოსა და სხვა ქალაქებში 1918 წელსაც გაგრძელდა. სამხედრო შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ძირითადად ზანგეზურში, ყარაბაღსა და ნახიჩევანში ხდებოდა. აზერბაიჯანის არმიას სომხეთთან ომში სხვადასხვა დროს თავად სამხედრო მინისტრები - სამედ ბეი მაჰმანდაროვი და ხოსრო ბეი სულთანოვი ხელმძღვანელობდნენ.

აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას ტერიტორიულ საკითხებზე დავა ჰქონდა მთიელთა დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც, დერბენდთან დაკავშირებით. ასევე დავა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, კონკრეტულად, ზაქათალის ოლქთან მიმართებაში, თუმცა ეს დავა სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. პირიქით, ხშირად ეს ორი სახელმწიფო თანამშრომლობდა, 1919 წლის 16 ივნისს კი სამხედრო სფეროში ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, ასევე თანამშრომლობდნენ პარიზის კონფერენციაზე წარგზავნილი ორივე ქვეყნის დელეგაციები. საქართველოს, აზერბაიჯანის და მთიელთა რესპუბლიკის კონფერენცია გაიმართა თბილისში, თუმცა საერთო-კავკასიური კონფერენციის მოწვევა სომხეთის უარის გამო ვერ მოხერხდა.

1919 წლის გაზაფხულზე პოლიტიკური კრიზისის გამო დაიშალა ხან ხოისკის მესამე კაბინეტი და მთავრობას სათავეში მუსავატის ლიდერი ნასიბბეკ უსუბბეკოვი ჩაუდგა. 1919 წლის დეკემბერში მეოთხე მთავრობა დაიშალა და ახალი მთავრობის ფორმირება კვლავ უსუბბეკოვს მიენდო. 1920 წლის იანვარში, პარიზის კონფერენციაზე, ანტანტის უმაღლესმა საბჭომ დე ფაქტოდ ერთდროულად აღიარა საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.

1920 წლის დასაწყისში რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ წითელი არმია, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის ჩრდილოეთ საზღვარს მოადგა, ამავე პერიოდში აზერბაიჯანში მწვავე პოლიტიკური კრიზისი იყო. მთავრობის შიგნით დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ნაციონალისტ მუსავატებსა და პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსთა შორის დაპირისპირება გამწვავდა. 1920 წლის 1 აპრილს მთავრობა დაიშალა და ახალი მთავრობის ფორმირება მოხდა მამად ჰასან ჰაჯინსკის მეთაურობით, რომელიც ბოლშევიკებთან თანამშრომლობას არ გაურბოდა და ამ გზით მშვიდობის შენარჩუნების იმედს გამოთქვამდა. 1920 წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი მთიან ყარაბაღში ომს აწარმოებდა სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, ჩრდილო აღმოსავლეთის საზღვარი კი დაუცველი იყო. საბჭოთა რუსეთის XI წითელმა არმიამ, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე გადაკვეთა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი და 27 აპრილს ბაქო დაიკავა. 1920 წლის 28 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოცხადდა. მუსავატური მთავრობის გავლენის ქვეშ რჩებოდა სიდიდით მეორე ქალაქი განჯა. 31 მაისს XI წითელმა არმიამ საბოლოოდ დაამარცხა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები. პოლიტიკოსთა ნაწილი, მათ შორის რასულზადე და ხან ხოისკი, ემიგრაციაში წავიდნენ (თოფჩიბაშევი პარიზში იმყოფებოდა). საბჭოთა რეჟიმმა დააკავა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მეთაურები - მეჰმანდაროვი და შიხლინსკი. მთავრობის ყოფილი მეთაური უსუბბეკოვი 1920 წლის 31 მაისს მოკლეს ბაქოსთან ახლოს. ასევე, მთავრობის ყოფილი მეთაური ხან ხოისკი 1920 წლის ივნისში დაშნაკებმა მოკლეს თბილისში. მთავრობის წევრთა ნაწილმა, მათ შორის ჰაჯინსკიმ, გააგრძელა თანამშრომლობა საბჭოთა მთავრობასთან. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სამშვიდობო შეთანხმება დადო საბჭოთა აზერბაიჯანთან.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ფ. ქაზემზადე, ბრძოლა ამიერ კავკასიისათვის 1917-1921, თბ., 2016;
  • კ. ცერცვაძე,მ. ბახტაძე, საქართველო და ერთიანი კავკასია (1918-1921 წლების საარქივო დოკუმენტები), თბ.,2000;
  • ბ. კობახიძე, „საქართველოს საკითხი პარიის საზავო კონფერენციაზე“, ისტორიის დოქტორისაკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ, 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები