ჰიპონიმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპონიმია – (< ბერძნ. hypo– ქვეშ და ónima – სახელი), სემანტიკური ველის ელემენტებს შორის გვარსახეობით მიმართებებზე დამყარებული იერარქიული დამოკიდებულება. ტერმინი „ჰიპონიმია“ შედარებით ახალია (შექმნილია სინონიმიისა და ანტონიმიის ანალოგიით), მაგრამ ცნება ტრადიციულია. როგორც ლექსიკის ერთ-ერთი მაკლასიფიცირებელი პრინციპი, იგი ცნობილია ჩართვის სახელწოდებით. იგულისხმება, რომ სემანტიკურად ერთგვაროვანი მნიშვნელობები, როგორც „სახეობები ჩართული არიან უფრო ზოგადი მნიშვნელობის კლასში, გვარში. მაგ., მნიშვნელობები სიტყვებისა ტიტა, ვარდი, ია და მისთ. ჩართულია უფრო ზოგადი მნიშვნელობის კლასში „ყვავილი“: სიტყვები ძროხა, ცხვარი, ძაღლი, ვეფხვი, ვეშაპი… ჩაირთვებიან „ძუძუმწოვართა“ კლასში და ა. შ.

ტერმინ „ჰიპონიმიის“ შემოტანა „ჩართვის“ ნაცვლად განპირობებული იყო ამ უკანასკნელის არაადეკვატურობით ენობრივი მოვლენების აღსაწერად. სახელდობრ, „ჩართვა“ რეფერენციის პრინციპს ემყარება (იხ. ენობრივი ნიშანი) და მისი ფორმალიზება შეიძლება მხოლოდ კლასთა ლოგიკის ჩარჩოებში. ამიტომ იგი ვერ გამოდგება არარეფერენციული სიტყვებისათვის. ამასთანავე, „ჩართვაზე“ უარის თქმა დაკავშირებულია თვით ამ ტერმინის ორაზროვნებასთან: ერთი მხრივ, გამოდის, რომ უფრო ზოგადი სიტყვა, სპეციფიკურ სიტყვასთან შედარებით უფრო შემცველიცაა. მაგ. სიტყვა „ყვავილი“ სემანტიკურად უფრო ფართოა, ვიდრე სიტყვა „ია“. რადგან აერთიანებს მრავალი სპეციფიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვას (ია, ვარდი, ტიტა…). მეორე მხრივ, სპეციფიკური სიტყვა „ია“ უფრო შემცველია, ვიდრე ზოგადი „ყვავილი“, რადგან ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, იგი შეიცავს აგრეთვე სპეციფიკურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც. ასეთი მიდგომა შეესაბამება ტრადიციულ ლოგიკაში მიღებულ განსხვავებას ექსტენსიონალსა და ინტენსიონალს შორის. ნეიტრალური ტერმინი „ჰიპონიმია“ ხსნის ამგვარი აღრევის საშიშროებას.

ამ მიდგომის საფუძველზე სიტყვას, რომელშიც ზოგადი მნიშვნელობაა მოცემული, უწოდებენ ჰიპერონიმს, ხოლო მასში შემავალ სპეციფიკურ მნიშვნელობის მქონე სიტყვებს – თანაჰიპონიმებს. მაგ., ია, ვარდი, ტიტა და მისთ. დახასიათდებიან როგორც თანაჰიპონიმები სიტყვისა „ყვავილი“; სიტყვები ალისფერი, ჟოლოსფერი, ბროწეულის ყვავილისფერი… თანაჰიპონიმებია, რომელთა ჰიპერონიმია სიტყვა „წითელი“.

ჰიპონიმიის ცნება იკვეთება სინონიმიის ცნებასთან. ეს ხდება იმ სიტუაციურ კონტექსტებში, როდესაც ჰიპერონიმი შეიძლება მოგვევლინოს მისი ერთ-ერთი ჰიპონიმის მნიშვნელობით, მაგ., ნაცვლად გამოთქმისა „ვარდს სჭირდება მოვლა” გარკვეულ კონტექსტში შეიძლება ითქვას: „ყვავილებს სჭირდება მოვლა“. ამ შემთხვევაში „ყვავილი“ და „ვარდი“ სინონიმებია. „ყვავილი“ გამოდის „ვარდის“ მნიშვნელობით, მაგრამ „ვარდის“ გამოყენება „ყვავილის“ მნიშვნელობით არ შეიძლება, ე. ი. სახეზეა ცალმხრივი იმპლიკაცია. სინონიმების შემთხვევაში კი იმპლიკაცია ორმხრივია, ამდენად სინონიმია შეიძლება განისაზღვროს როგორც სიმეტრიული ჰიპონიმია.

ჰიპონიმები, როგორც ერთმანეთთან სემანტიკურად დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების დადგენისა და დაჯგუფების პრინციპი, ფართოდ გამოიყენება ლექსიკოლოგიაში. იგი ასახვას პოულობს როგორც განმარტებით, ისე იდეოგრაფიულ ლექსიკონებში.

ნ. ლოლაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები